კომენტარი

ქარტიის საბჭოს განცხადება ჟურნალ CHARLIE HEBDO-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო

8 იანვარი, 2015 •
ქარტიის საბჭოს განცხადება ჟურნალ CHARLIE HEBDO-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო

ქარტიის საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო და თანაგრძნობასა და სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ახლობლებსა და კოლეგებს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და ფრანგ ხალხს.

7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ჟურნალის თანამშრომლები და პოლიციელები. მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველკვირეული სატირული ჟურნალის მიერ “ტვიტერზე” “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურის გამოქვეყნებას მოჰყვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დაცული უნდა იყოს როგორც მედიის, ისე თითოეული ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლება. საფრანგეთში მომხდარი თავდასხმა ეს არის დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შემაძრწუნებელი აქტი, რომლის მიზეზიც არის ფუნდამენტალიზმი და არა რომელიმე ეროვნება ან რელიგიური კუთვნილება.

საბჭო მიმართავს ქართულ მედიასა და საზოგადოებას, საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ავტორებს ნუ გააგიგივებენ მუსლიმ ხალხთან, კიდევ ერთხელ გამოხატავს საკუთარ პატივისცემას საქართველოს მუსლიმი მოქალაქეებისადმი და ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოში, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

Charlie Hebdo-ს მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონერი, 2012 წლის 19 სექტემბერს ფოტოგრაფებს აჩვენებს გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურას. ის 2015 წლის 7 იანვარს მოკლეს გაზეთის რედაქციაში თავდასხმის დროს. © EPA/YOAN VALAT

მასალების გადაბეჭდვის წესი