კომენტარი

ტარიელ ნაკაიძე: ძალიან ვწუხვარ, როგორც მუსლიმი, ამ საზარელი ფაქტის გამო

8 იანვარი, 2015 • 1098
ტარიელ ნაკაიძე: ძალიან ვწუხვარ, როგორც მუსლიმი, ამ საზარელი ფაქტის გამო

ქართველი მუსლიმები შეძრწუნებული ვართ მიმდინარე წლის 7 იანვარს საფრანგეთის დედაქალაქში – პარიზში მედიაზე განხორციელებული ბარბაროსული აქტის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა ათზე მეტი ადამიანი. ვწუხვართ მომხდარის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, სრულიად საფრანგეთის მოსახლეობას. 

ჯერ სრულად დაუზუსტებელი, მაგრამ დიდი ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს საზარელი აქტი განხორციელდა ისლამის სახელით, ეგრეთწოდებული მუსლიმების მიერ, ჩვენ, ქართველ მუსლიმებს, გულის სიღრმემდე გვზარავს. ჩვენთვის, როგორც ჭეშმარიტი ისლამის მიმდევართათვის, სრულიად მიუღებელია კაცთა კვლა, შურისძიება, სისხლი, ცრემლი და უბედურება, ვინც არ უნდა სჩადიოდეს მას.


საჯაროდაა ცნობილი, რომ ისლამი ადამიანის სიყვარულის, კაცობრიობის გადარჩენის, სხვადასხვა ფერის, რასის, ერის, რწმენის ხალხთა თანაცხოვრების პრინციზეა დაფუძნებული. ამისთვის საუკეთესო მაგალითია წმინდა მუჰამედ შუამავლის განვლილი ცხოვრება, როგორც განსხვავებული რწმენის თუ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიმართ პატივისცემით დამოკიდებულების უბადლო ნიმუში. მისი ქადაგებები თუ საქვეყნოდ ცნობილი შეგონებები ბოროტების ჩამდენების მიმართაც მიმტევებლობითი და შენდობითი დამოკიდებულების გამოხატულებაა. უზანაესი ღმერთი ყურანში მუსლიმებს მშვიდობის დაცვისკენ მოუწოდებს, ერთი ადამიანის მკვლელობის ჩამდენს კაცობრიობის გამანადგურებელის, ხოლო ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარმჩენს მთელი კაცობრიობის გადარჩენის ტოლფას ღირებულებად გვამცნობს.



ძალიან ვწუხვარ, როგორც მუსლიმი, ამ საზარელი ფაქტის გამო, მით უფრო ეს საზარელი ქმედება გამიზნულია არა მხოლოდ ღია საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი, არამედ სრულიად მუსლიმი თემისაკენ მიმართული ტერორისტული აქტი. ეს გლობალური და დასაგმობი პრობლემა დაუყოვნებლივი სარეაქციო და სარეზონანსო საკითხია, რადგან აშკარად გამიზნულია მთელი სამყაროს მუსლიმი თემის სხვა აღმსარებლობის მორწმუნეებთან დასაპირისპირებლად.

მტკიცედ მჯერა, ფრანგი სამართალდამცავები არ დაუშვებენ ამ ფაქტით მანიპულირებას და არ მიეცემათ მავანს შუღლი დათესონ ჭეშმარიტ მუსლიმსა და სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებს შორის. ვერანაირი სიტყვის გამოხატულება ვერ იქნება საფუძველი ადამიანის მოკვლისა. ნებისმიერი უფლების დარღვევა უნდა განიხილებოდეს შესაბამის სამართლებრივ ფორმებში. იმედს ვიტოვებ, მთელი მუსლიმური სამყარო გაილაშქრებს ამ საზარელი ფაქტის მიმართ და წერტილს დაუსვამს თანამედროვე სამყაროს ჭირს, რომელიც გვევლინება რელიგიურ ექსტრემიზმის სახით, რასაც არანაირი საერთო არ აქვს ჭეშმარით ისლამთან.



მოვუწოდებ ისლამურ სამყაროს, არ შემოიფარგლოს მხოლოდ მოცემული ფაქტის სიტყვიერი დაგმობით, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები მსგავსი საზარელი ფაქტების აღმოფხვრის მიზნით. ასევე ვთხოვ ყველას, არ მოვახდინოთ აღნიშნული საკითხის განზოგადება ჭეშმარიტი მუსლიმებისა და ისლამის მიმართ.


მინდა გულრწფელად იცოდეთ, ნებისმიერი ნამდვილი მუსლიმი ისეთივე მწვავედ განიცდის ამ ფაქტს, როგორც ამ ფაქტის მსხვერპლთა ოჯახები.

ტარიელ ნაკაიძე
ტარიელ ნაკაიძე

ტარიელ ნაკაიძე

ტარიელ ნაკაიძე არის ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი