კომენტარი

უმეცრებასა და თავგასულობას ძეგლებთან მიმართებაში ბოლო უნდა მოეღოს

16 დეკემბერი, 2014 •
უმეცრებასა და თავგასულობას ძეგლებთან მიმართებაში ბოლო უნდა მოეღოს

ვიდრე მე თეოლგიური და ბიბლიური კვლევების სამყაროში აღმოვჩნდებოდი, მანამდე არქეოლოგი ვიყავი და ამიტომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები.

 

საყდრისის საკითხის მოგვარების საქმეში, იმ უწყების წარმმადგენლები, რომლებიც, წესით, საყდრისის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ სულ ცოტა იმის გამო მაინც, რომ ამაში ჯამაგირებს იღებენ, – სწორედ ისინი გახდნენ უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის განადგურების მომხრეები!!! 

 

ჩვენდა სავალალოდ, საყდრისის ამბავი მართლაც რომ უსაზღვრო განუკითხაობისა და თავგასულობის ნიმუშს წარმოადგენს იმ უწყების მიერ, რომელიც, წესით, ძეგლთა დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

 

სამაგიეროდ, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიამაყოთ იმ ადამიანების კეთილშობილებით და გაბედულობით,  ვინც წინ აღუდგნენ საყრდრისის განადგურებას. მე მართლა აღტაცებული ვარ იმ ადამიანებით, ვინც  თავიანთ დროს, ენერგიას და მოწადინებას არ იშურებენ, რომ ბარბაროსობა შეაკავონ ჩვენს ქვეანაში.

 

ბარბაროსობას, სიავესა და სიბნელეს ყოველთვის ერთი სათავე აქვს და ერთი წყარო კვებავს – გაუნათლებლობა და სიბრიყვე. საყდრისი მხოლოდ წვერია იმ აისბერგისა, რომლის ძირითადი ნაწილი ჯერაც დაფარულია და უცნობი ჩვენი საზოგადოებისათვის. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ერისა და ბერის უმეცრების გამო ყოველწლიურად ზიანდება არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. აქ მარტო იმ ძეგლებზე კი არ არის ლაპარაკი, რომელიც სადღაც მიყრუებულ სოფლებშია, არამედ ძეგლებზე, რომელიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია ანდა ქართული ხელოვნების უნიკალურ მემკვიდრეობას წარმოადგენენ.

 

რაკი ის უწყება, რომელსაც  ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვირდეობის დაცვა და გაფრთხილება ავალია, ამას ვერ ახერხებს, მაშინ იმ ადამიანებმა უნდა ამოიღონ ხმა, ვისაც ესმის, რამდენად საშიშ ტენდეციებთან გვაქვს საქმე.  იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც მიიტანონ გულთან ახლოს ის, რაც ჩვენი ისტორიულ არქეოლოგიური ძეგლების თავს ხდება, ვიდრე ტოტალურმა უმეცრებამ და სიბნელემ თავზე არ დაგვამხო ყველაფერი, რითაც ადამიანურ ცივილიზაციას შეუძლია იამაყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი