კომენტარი

შავ-თეთრი სეგრეგაციის შესახებ

11 დეკემბერი, 2014 • 2012
შავ-თეთრი სეგრეგაციის შესახებ

ეს ავტობუსები ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონის აღმოსავლეთ გარეუბნიდან, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ისთ-თაუნს ეძახის, ქალაქის ცენტრში ასრულებს რეისებს. ისთ-თაუნი ქალაქის ყველაზე ღარიბი და შავკანიანებით მჭიდროდ დასახლებული უბანია. 5 და 6 ნომერი ავტობუსების მგზავრთა შემადგენლობაც ყოველთვის ჰომოგენურია – ზუსტად არასდროს დამითვლია, მაგრამ მათი დაახლოებით 70-80 პროცენტი შავკანიანია, არცთუ ისე მოწესრიგებული გარეგნობით/ტანისამოსით და განსაკუთრებულად ჭარბი წონით გამოირჩევა.

 

ვისკონსინის უნივერსიტეტი, სადაც მე ჩემი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ერთ სემესტრს ვატარებ, ამერიკულ საჯარო უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი წამყვანია და უამრავი ცნობილი პროფესორი ასწავლის. მედისონი პროგრესულ ქალაქად ითვლება, ალბათ კარგი უნივერსიტეტის წყალობით და მედისონელები ამ პროგრესულობით ძალიან ამაყობენ. თუ მთლიანად შტატში ძირითადად რესპუბლიკელების მხარდამჭერები ჭარბობენ, აქაურები ტრადიციულად უფრო დემოკრატების ამომრჩევლები არიან.

 

ამერიკაში მანამდეც მიცხოვრია, მაგრამ ახლა პირველად ვცხოვრობ საუნივერსიტეტო კამპუსიდან მოშორებით, ჩვეულებრივ სახლსა და ჩვეულებრივ სამეზობლოში. შესაბამისად, ამერიკული ცხოვრების იმ თავისებურებებს, რომლებსაც ადრე კვლევებსა და წიგნებში ვკითხულობდი, ახლა პირადად ვაკვირდები. ამერიკული საზოგადოება უდავოდ ყველაზე სეგრეგირებულია იმ საზოგადოებებს შორის, რომლებიც მე პირადად მინახავს (აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი მოგზაურობის არეალი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყოფილი კომუნისტური და ევროპული ქვეყნებით შემოიფარგლება). კანის ფერისა და ჭარბი წონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან მჭიდრო კავშირის წყალობით სეგრეგაციას აქ განსაკუთრებულად დრამატული ვიზუალური ეფექტი აქვს – მსუქანი აფრო-ამერიკელები ჯანმრთელი და სპორტული თეთრი ამერიკელების წინააღმდეგ.  

 

რასობრივ და სოციალურ სეგრეგაციას ბევრი ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი ინსტიტუციური ფაქტორი ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაა. ამერიკული სკოლები ფინანსდება ფედერალური ბიუჯეტიდან, შტატების ბიუჯეტიდან და ადგილობრივი უძრავი ქონების გადასახადიდან. ამ სამ წყაროს შორის დაფინანსება დაახლოებით 8%-49%-41% სქემით ნაწილდება. თუ ფედერალური და შტატების ბიუჯეტიდან წამოსულ თანხებს მეტნაკლებად თანაბარი ოდენობით იღებს ყველა ტიპის სკოლა, ადგილობრივი გადასახადებიდან სასკოლო ოლქის ბიუჯეტში შემოსული თანხა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ღირს უძრავი ქონება ამა თუ იმ სასკოლო ოლქში. იქ, სადაც უძრავი ქონების ფასი მაღალია, სკოლები გაცილებით მეტ დაფინანსებას იღებენ.

 

არის თუ არა სასკოლო განათლების ხარისხი  დაფინანსების მოცულობის პირდაპირპროპორციული, ძნელი სათქმელია და ამაზე მკვლევარები ვერ თანხმდებიან. ასეთ მდიდარ ოლქებში საგანმანათლებლო შედეგები საშუალოზე მაღალია. თუმცა ეს დაფინანსებისა და განათლების ხარისხის კავშირზე ბევრს არაფერს გვეუბნება – ამ ოლქებში უძრავი ქონების მაღალი ფასის გამო მხოლოდ შედარებით მდიდარი, შესაბამისად, უფრო განათლებული და უფრო ‘კულტურული’ მშობლები სახლდებიან (ძალიან ბევრი ამერიკელი საცხოვრებელ ადგილს სწორედ სასკოლო ოლქის საგანმანათლებლო შედეგების მიხედვით ირჩევს). ასეთი მშობლების შვილები კი, სავარაუდოდ, უფრო დაბალი ხარისხის სკოლაშიც წარმატებულები იქნებიან.

 

შედეგად, სასკოლო და, შესაბამისად, საცხოვრებელი ოლქები ძალიან ჰომოგენურია – “თეთრები” ცალკე ცხოვრობენ და “შავები” ცალკე (ამ შემთხვევაში “თეთრს” და “შავს” არა მხოლოდ კანის ფერის, არამედ სოციალური და კულტურული თავისებურებების, ცხოვრების სტილის, ჩაცმის სტილის აღსანიშნავად ვიყენებ. მაგალითად, ობამა სრულიად არ არის “შავი”). “თეთრი” ბავშვი იზრდება ზუსტად თავისნაირ “თეთრ” ბავშვებს შორის. არც სკოლაში, არც კოლეჯში, არც შემდგომ, როცა მუშაობას დაიწყებს, “თეთრი” ამერიკელის გზა არასდროს გადაიკვეთება “შავი” ამერიკელის გზასთან. არ არსებობს სოციალური სივრცე, პოლიტიკური სივრცე და ფიზიკური სივრცე, სადაც “თეთრი” და “შავი” ერთად მოხვდებიან და რაიმე სახის კომუნიკაციას დაამყარებენ. “თეთრი” ამერიკელი ოჯახში დამხმარედ, მებაღედ, ბავშვის ძიძად “შავ” ამერიკელს არასდროს არ დაიქირავებს. ასეთ სამუშაოებს ძირითადად მექსიკელი ემიგრანტები ასრულებენ.

 

სამხრეთში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 40% აფრო-ამერიკელია, სეგრეგაციას ბევრად უფრო მძაფრი ხასიათი აქვს. სულ რაღაც 4-5 წლის წინ სამხრეთის შტატებში ერთი და იმავე სკოლის მოსწავლე შავკანიანი და თეთრკანიანი მოსწავლეები სკოლის დამამთავრებელ ბანკეტს, ამერიკულად პრომს, ცალ-ცალკე იხდიდნენ. და როგორც სამხრეთის ერთ პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში მცხოვრები ჩემი ქართველი მეგობარი მიყვება, როცა თავის შავკანიან კოლეგასთან ერთად ქუჩაში სეირნობს, ყოველთვის გრძნობს ასეთი უცნაური მეგობრობით განცვიფრებული გამვლელების მზერას.      

 

ჩემი “თეთრი” პროფესორი, რომელიც არაჩვეულებრივი მკვლევარი და ძალიან კარგი ადამიანია, არასდროს არ წაიყვანს თავის შვილს იმ სკოლაში, სადაც “შავები” სწავლობენ. მედისონის პროგრესული მოქალაქეები, ვისკონსინის უნივერსიტეტის მემარცხენე პროფესორები არასდროს არ დასახლდებიან ისთ თაუნში ან მის ახლომახლოს და არ ივლიან 5 და 6 ნომერი ავტობუსებით, რომლებშიც, ჩემი და ამ ავტობუსების მძღოლების დაკვირვებით, მე ვარ ერთადერთი “თეთრი” ზრდასრული მგზავრი.

ლელა ჩახაია
ლელა ჩახაია

ავტორის შესახებ

ლელა ჩახაია არის ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი (ფლორენცია, იტალია). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი