კომენტარი

გენდერული უთანასწორობა: ქალებისა და კაცების შემოსავალი საქართველოში

25 ნოემბერი, 2014 • 4044
გენდერული უთანასწორობა: ქალებისა და კაცების შემოსავალი საქართველოში

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ საშუალოდ, კაცების შემოსავალი გაცილებით აღემატება ქალების შემოსავალს. ეს განსხვავება არსებობს მიუხედავად იმისა, რომ განათლების დონით და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობის ხარისხით ქალები უკვე არათუ ჩამოუვარდებიან, არამედ უსწრებენ კიდევაც კაცებს.

საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კავკასიური ბარომეტრის მონაცემების ანალიზის შედეგად ჩანს, რომ კაცებს გაცილებით დიდი შანსი აქვთ, ჰქონდეთ მაღალი და საშუალო დონის შემოსავალი, ვიდრე ქალებს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სქესი შემოსავლის დონის განმსაზღვრელ ყველა შესაძლო ფაქტორს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ქალებისა და კაცების შემოსავლის დონეებს შორის განსხვავებების დასადგენად მე გავაანალიზე კავკასიური ბარომეტრის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2013 წელს გამოკითხული 1166 რესპონდენტის მონაცემები, რომელთა ასაკია 25-60 წელი. გამოკითხვა რეპრეზენტატული ხასიათის იყო, შესაბამისად, შედეგების განზოგადება შეიძლება მთელი საქართველოს მოსახლეობაზე.

შეკითხვაზე “რამდენი იყო თქვენი შემოსავალი გასული 30 დღის განმავლობაში?”  რესპონდენტებს უნდა აერჩიათ შემოთავაზებული კატეგორიებიდან ერთ-ერთი. მე სავარაუდო კატეგორიები ოთხ დიდ ჯგუფად გავაერთიანე ანალიზის გასამარტივებლად: მაღალი შემოსავლის მქონე – 400 აშშ დოლარი და მეტი; საშუალო შემოსავლის მქონე – 100-დან 400 აშშ დოლარამდე; დაბალი შემოსავლის მქონე – 1-დან 100 აშშ დოლარამდე და შემოსავლის არმქონე.

პირველ დიაგრამაზე მოცემულია თითოეულ საშემოსავლო ჯგუფში მოხვედრის ალბათობა სქესის მიხედვით. კოეფიციენტები გამოთვლილია სტატისტიკური მოდელიდან, რომელიც გარდა სქესისა, ითვალისწინებს შემოსავლის ისეთ განმსაზღვრელ ფაქტორებს, როგორიც არის: რესპონდენტის საკუთარი განათლება, რესპონდენტის მშობლის განათლება და რესპონდენტის საცხოვრებელი ადგილი (სოფელი ან ქალაქი). ანუ ეს განსხვავებები ქალებსა და კაცებს შორის გვხვდება, მიუხედავად ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორისა.

როგორც ვხედავთ, კაცებს ქალებთან შედარებით სამჯერ მეტი შანსი აქვთ, ჰქონდეთ მაღალი შემოსავალი, საშუალო შემოსავლის ქონის ალბათობა კი ქალებისას 10%-ით აღემატება. სამაგიეროდ ქალები გაცილებით ჭარბად არიან წარმოდგენილი ჯგუფში, რომელსაც გასული თვის განმავლობაში შემოსავალი საერთოდ არ მიუღია.

დიაგრამა 1 – ქალებისა და კაცების სხვადასხვა საშემოსავლო კატეგორიებში მოხვედრის ალბათობა

დიაგრამა 1
დიაგრამა 1

ეხმარება თუ არა ქალს განათლების მიღება იმაში, რომ კაცის შემოსავლის დონეს მიუახლოვდეს? ზოგადად ძალიან ბევრი ემპირიული კვლევა ადასტურებს, რომ განათლების დონესა და შემოსავალს შორის კავშირი ძალიან მჭიდროა და ეს ჩვენი მონაცემებით საქართველოს მაგალითზეც დასტურდება. თუმცა, როგორც მეორე დიაგრამიდან ჩანს, ქალების მიერ მაღალი შემოსავლის მიღების შანსს უმაღლესი განთლების ქონა მხოლოდ ძალიან მცირედ ზრდის – დაახლოებით 2 %-დან 7 %-მდე, მაშინ, როდესაც კაცების შანსი 5 %-დან 20 %-მდე იზრდება. ანუ ყველა სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით უნივერსიტეტდამთავრებულ კაცს აქვს 20 % შანსი იმისა, რომ მაღალი შემოსავალი ჰქონდეს, უნივერსიტეტდამთავრებულ ქალს კი – 7%. ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ქალის და ასეთი განათლების არმქონე მამაკაცის შანსები დაახლოებით თანაბარია.

რაც შეეხება საშუალო შემოსავალს, უნივერსიტეტის დამთავრება ქალების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის – 25%-დან 38%-მდე, მაგრამ კაცების ალბათობას მაინც ვერ უტოლდება. თავის მხრივ კაცებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა უმაღლესი განათლება, საკმაოდ დიდი შანსი აქვთ იმისა, რომ საშუალო დონის შემოსავალი ჰქონდეთ.  

დიაგრამა 2 – უმაღლესი განათლება და სხვადასხვა საშემოსავლო კატეგორიებში მოხვედრის ალბათობა (ჰორიზონტალურ ღერძზე განათლების დონე)

მაღალი საშემოსავლი კატეგორია

დიაგრამა 2
დიაგრამა 2

საშუალო საშემოსავლი კატეგორია

დიაგრამა 2
დიაგრამა 2

უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს განსხვავებები სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროფილის მქონე ჯგუფებისთვის, წარმოვიდგინოთ “სოციალურად პრივილეგირებული” ქალი – ანუ ქალი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, რომლის მშობლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და რომელიც ცხოვრობს ქალაქში. ასეთ ქალს 11% აქვს იმის შანსი, რომ მაღალი შემოსავალი ჰქონდეს. ზუსტად იგივე პროფილის მქონე კაცისთვის კი ეს შანსი 31%-ია.

კიდევ უფრო დრამატულ შედარებას თუ გავაკეთებთ, იმავე “პრივილიგირებულ ქალს” დაახლოებით 53% აქვს ალბათობა იმისა, რომ მაღალი ან საშუალო დონის შემოსავალი ჰქონდეს; ხოლო მამაკაცისთვის, რომელსაც არც თვითონ აქვს უმაღლესი განათლება და არც მის რომელიმე მშობელს, ეს ალბათობა 55%-ია.

ანუ თუ შევადარებთ შემოსავლის სხვა განმსაზღვრელ ფაქტორებს, როგორიც არის ზემოთ ჩამოთვლილი განათლება, მშობლის განათლება და საცხოვრებელი ადგილი, ვნახავთ, რომ სქესის ეფექტი სავარაუდოდ მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის გავლენას ჩამოუვარდება სიდიდით.

რა თქმა უნდა, სქესსა და შემოსავალს შორის დამოკიდებულება მექანიკური არ არის და აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე სამუშაოში ქალს ნაკლებს უხდიან, ვიდრე კაცს. მექანიზმი სავარაუდოდ ბევრ კომპონენტს მოიცავს, როგორიც არის: სამუშაოს ტიპი, რომელსაც ქალები და კაცები ირჩევენ, განსხვავებული საგანმანათლებლო დისციპლინები, სამსახურებრივი დაწინაურებისას კაცების სასარგებლოდ გამოვლენილი სუბიექტურობა და ა.შ. თუმცა ფაქტია, რომ სქესი საქართველოში შემოსავალის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

ლელა ჩახაია
ლელა ჩახაია

ავტორის შესახებ

ლელა ჩახაია არის ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი (ფლორენცია, იტალია). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი