კომენტარი

კონკორდატი უნდა გაუქმდეს

14 ნოემბერი, 2014 • 1959
კონკორდატი უნდა გაუქმდეს

“The reader! You, dogged, uninsultable, 

print-oriented bastard,
it’s you I’m addressing, who else, …
Where’s your shame?”

-John Barth. Life-story.  

„the specific character of despair is precisely this:
it is unaware of being despair“.

Søren Kierkegaard. The Sickness Unto Death.

„ამა წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქთან ბატონმა გივი
სიხარულიძემ დასალოცად მოიყვანა ჟურნალისტი
რუსეთიდან (ციმბირიდან) ალექსანდრე
იაროშენკო, რომელმაც მოულოდნელად…“

საქართველოს საპატრიარქოს განმარტება. patriarchate.ge

 

„სადგურის მოედნის“ მეტროს მეორე ხაზზე გადასასვლელისკენ მიმავალ კიბეზე ქალი დგას და გაბმულად ყვირის. შველას ითხოვს. ხელში უჭირავს  ერთჯერადი ქაღალდის ჭიქა, რომელშიც მოგროვებული ხურდა ფული ყრია. არაფერს არ ამბობს. უკვე ვეღარ ამბობს თუ ხვდება, რომ აზრი აღარ აქვს რამის თქმას და ამიტომ მხოლოდღა ყვირის და შეიძლება შეეჩვია კიდეც ასეთ მდგომარეობას, არ ვიცი..  შემზარავი და გაუსაძლისი სანახავია.

ორი დღის წინ ტრანსგენდერი ადამიანის დაწვასთან დაკავშირებით, ფეისბუქში კომენტარებს და ბლოგებს რომ ვკითხულობ, სულ ის ქალი და მისი გაბმული ყვირილი მახსენდება იმის მიუხედავად,  რომ ჩვენს  აღშფოთებულ, შეშფოთებულ, შეშინებულ, სასოწარკვეთილ კომენტარებსა და ბლოგებში სიტყვების გარჩევა ჯერჯერობით კიდევ შეიძლება და ერთი გამბული მოთქმა არ არის.


ჩვენი სასოწარკვეთა და ჩვენი პროტესტი, რომელიც  რჩება ვირტუალურ სივრცეს, საცოდავი სანახავია.

 

ამ სათამაშოებით, რომლებსაც ასე შევეჩვიეთ -ბლოგებით, სტატუსებით, კომენტარებით, ფეისბუქის გვერდებით, რომლების მეშვეობითაც სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას ვითხოვთ (!), თავს ვეღარ მოვიტყუებთ. ხო ვეღარც ვიტყუებთ..  ჩემი ფავორიტი გვერდია: „გაუქმდეს კონკორდატი სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ . აბა, სადღაა ის აღმაფრენა, რომელიც თან სდევდა მაგ გვერდის შექმნას? ან რომ ალაიკებდით, გახსოვთ, რა კარგი იყო?

 

არადა რამდენი პრობლემის  მოგვარების დასაწყისი იქნებოდა კონკორდატის გაუქმება. მართლა რომ მოგვეთხოვებინა. კონკორდატის, რომელსაც მავნებლობის მეტი სახელმწიფოსთვის არაფერი მოუტანია და ამის დამადასტურებელი მაგალითები არსებობს.


პირველ რიგში, ეს სიძულვილით სავსე ღობეგლეჯია მღვდლები, ხან ტაბურეტებით რომ დარბიან და ხან ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობენ, გამოეტეოდნენ, ბოლოს და ბოლოს, სასწავლო დაწესებულებებიდან და უნივერსიტეტებში „ლექციებს“ ვეღარ წაიკითხავდნენ. განათლების მინისტრების და რექტორების იმედად ჩემი მტერი იყოს. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ რექტორს, რომელსაც აეკრძალოს ან უარი ეთქვას მღვდლისთვის, უნივერსიტეტში არაფერი გესაქმება და “ლექციებს” არ ჩაგატარებინებო. ერთი ხელით ჟორჟ ბატაის წიგნის ფურცვლა და მეორეთი „სკამაოსთვის“ აუდიტორიის კარის  გაღება -მოდი, სტუდენტები გაანათლეო, ვითომ სწორია? არა უშავს?  მინისტრები და რექტორები იცვლებიან და აუდიტორიებში მღვდლები კი რჩებიან.

 

შეწყდებოდა პოლიტიკოსების მუდმივი სირბილი და კეკლუცი და ფარისევლობა  საპატრიარქოსთან, თვალების პაჭუნი და მოქრთამვა. კაბინეტებიდან ჩამოხსნიდნენ ხატებს,  გააუქმებდნენ სალოცავ კუთხეებს, წინასაარჩევნოდ აღარ იქნებოდა ტაძრებში  გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალით პუბლიკის „დაბოლება“ და შეჯიბრი, ვის უფრო მეტად უყვარს სანთლით ხელში  პატრიარქის გვერდით დგომა/ჯდომა და ამიტომ, ვინ იმსახურებს მეტ ნდობას და უბრალოდ, მიხედავდნენ საქმეს.  

 

მეტი რაღა გინდათ.

 

არ ვიცი ის ქალი რამდენ ხანს გაძლებს. შეიძლება ხვალ უკვე იქ აღარც იყოს, მაგრამ დადგება დრო, როცა სასოწარკვეთით და ყვირილით დაოსებული გაჩუმდება და კარგა ხანი ხმას აღარ ამოიღებს.

 

და მერე სიჩუმესაც შეეჩვევა.

 

ილუსტრაცია: ფიქრია მექვაბიძე
ილუსტრაცია: ფიქრია მექვაბიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი