კომენტარი

ხიდაშელი: სანამ ღარიბაშვილი იღებს პასუხისმგებლობას, რჩევას ვისთან გაივლის, ჩემი საქმე არაა

10 ნოემბერი, 2014 • • 1411
ხიდაშელი: სანამ ღარიბაშვილი იღებს პასუხისმგებლობას, რჩევას ვისთან გაივლის, ჩემი საქმე არაა

თქვენ რამდენად ეთანხმებით იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი მონაწლეობდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის ადამიანი, რომელმაც დატოვა ხელისუფლება, პოლიტიკა და თქვა, რომ იგი არის მესამე სექტორის წარმომადგენელი. ახლა, როგორც ჩანს, რაღაცები შეიცვალა… თქვენ ხომ არ გაგიჩნდათ შეკითხვა, რატომ მოვიდა უმრავლესობისა და პრემიერის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი?

 

არანაირი შეკითხვა, თუ რატომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის იმ შეხვედრაზე, მე არ მქონია. არც სიურპრიზად მიმიღია ეს და არც გავოგნებულვარ, როგორც ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმა განაცხადა. ამაში მოულოდელი არაფერი ყოფილა. მე არ ვეკუთვნი ადამიანთა იმ ჯგუფს, რომლებიც რაღაც პოზებში დგებიან ხოლმე: “არა, როგორ გეკადრებათ”… იგივე, იმ შეხვედრაზეც რომ ვთქვათ, “არა, ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა”, ან “იყო, მაგრამ მე ვერ დავინახეო” – ასეთ პასუხებს რომ იძლეოდნენ. არაფერი გასაოგნებელი იმაში, რომ იქ ბიძინა ივანიშვილიც მივიდა, არ ყოფილა.

 

კონკრეტულად უმრავლესობის იმ შეხვედრაზე თუ ვისაუბრებთ, პრინციპში, მე მესმის, რატომაც იყო იქ ბატონი ბიძინა მოსული. იქ არ იყო გადაწყვეტილება მიღებული, არანაირი გადაწყვეტილების მიღების პროცესი უმრავლესობის სხდომაზე არ მიმდინარეობდა, უმრავლესობის სხდომაზე საუბარი იყო იმ პოტენციურ კრიზისზე, რომელიც შეიძლება კოალიციაში გაჩენილიყო. ბიძინა ივანიშვილი- როგორც ამ კოალიციის დამფუძნებელი, შემკრები- რომ ყოფილიყო იქ და კოალიციურ რეჟიმში ამ თემებზე დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა, მე ამაში ვერ ვხედავ ვერც სიურპრიზს და ვერც პრობლემას.


თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

 

სხვა საკითხია, როდესაც საქმე სახელისუფლებო  ტიპის გადაწყვეტილებებს ეხება: თუ ჩვენ არ ვისწავლით ამ პროცესების ერთმანეთისგან გამიჯვნას, მანამდე ნებისმიერი კარგი და დემოკრატიასთან თავსებადი აღშფოთებებიც კი ლეგიტიმაციას კარგავს ხოლმე. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული ამბავი, რომლის აღრევაც ხდება ქვეყანაში. კოალიციის შეკრებას შეიძლება ესწრებოდეს ვინც გინდა და კითხვები იმაზე, “მეც ხომ მოქალაქე ვარ და მე რატომ არ დამასწრეს რიგით მოქალაქის სტატუსით”, ძალიან არაადეკვატურია.

რატომ?

იმიტომ, რომ ვინმე რიგით მოქალაქეებს არ დაუფუძნებიათ ეს კოალიცია, კოალიცია დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად და ამიტომ ესწრებოდა მას ბიძინა ივანიშვილი.

 

მეორე საკითხია ის, როცა სახელისუფლებო შეკრებებია და სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ეს სრულიად სხვა ფორმატია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც ერთხელ ასეთი ტიპის შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს ამ ერთი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ბევრ შეკრებას ვესწრები ხოლმე.

უმრავლესობის იმ სხდომაზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრმა არ გაგაცნოთ თქვენ ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება?

პრემიერმა გაგვაცნო გადაწყვეტილება და არა – გადაწყვეტილება მიიღო იქ. ეს პრინციპულად სხვადასხვა რამ არის.

თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ პრემიერს ეს გადაწყვეტილება თვითონ არ ჰქონდეს მიღებული და ეს იყოს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც მან შესთავაზა ირაკლი ღარიბაშვილს?

 

ეგ ორი სხვადასხვა რამ არის. მე გამოვრივცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული დღევანდელი პრემიერის მიერ. ამას ნამდვილად გამოვრიცხავ.

 

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას ამ გადაწყვეტილებაში გამორიცხავთ?

 

არაფერს არ გამოვრიცხავ და ირაკლი ღარიბაშვილისაც არ გამოურიცხავს მრავლობით შემთხვევებში ის, რომ ის ესაუბრება და კონსულტაციებს გადის ბიძინა ივანიშვილთან. ირაკლი ღარიბაშვილს ეს ბევრჯერ დაუდასტურებია.

 

თქვენ თუ დაგისვამთ იმ სხდომაზე შეკითხვა გადწყვეტილების მიღების ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ?

 

არ დამისვამს ეს შეკითხვა.

 

რატომ?

 

იქ არ იყო ვითარება, სადაც კითხვას დასვამდი.

 

სხვა დროს თუ დაგისვამთ? თქვენ თქვით, რომ არ გამორიცხავთ ივანიშვილის მონაწილეობას პროცესში და თუ ადამიანი რაღაცას არ გამორიცხავს და ეს მას აწუხებს, ამის შესახებ ალბათ დასვამს კითხვას… დღეს ან ხვალ, ან გუშინ დასვამდა..

მე ვთქვი, რომ მაწუხებს-მეთქი?

 

თუ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს, ეს ნორმალურია?

 

ირაკლი ღარიბაშვილი ვისგან მიიღებს რჩევებს, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩემთვის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრისა და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მთავარია, რომ ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ჩემი ხელისუფლება იღებს, ამ გადაწყვეტილების მიმღებივე იღებდეს პასუხისმგებლობას. ეს არის სახელისუფლებო ცხოვრების ანაბანა. მანამ, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი იღებს პასუხისმგებლობას ყველა გადაწყვეტილებაზე, ან პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა ნებისმიერი ადამიანი ამ ხელისუფლებაში, რჩევას და კონსულტაციას ვინ ვისთან გაივლის, ეს არ არის ჩემი საქმე და ეს არ არის სახელმწიფოსთვის ტრაგედია. დაშავდება რამე? ამაზე პასუხს აგებს ის, ვინც იღებს ამ გადაწყვეტილებას. კარგად იქნება საქმე? – მადლობასაც ის მიიღებს, ვინც გადაწყვეტლებას იღებს.

თქვენ რჩევას და კონსულტაციას ახსენებთ და მე მინდა გკითხოთ, ბიძინა ივანიშვილის რჩევა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილს მისცემს, მხოლოდ რჩევაა, ბიძინა ივანიშვილის სწორედ იმ სტატუსიდან და ავტორიტეტიდან გამომდინარე, რის გამოც თქვენ  ექსპრემიერის მონაწილეობა კოალიციურ შეხვედრებში არ გიკვირთ?

ეს ისეთი კითხვა, რომელზეც მე სხვის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. მე არ ვიცი, ვინ რითი ხელმძღვანელობს. მე შემიძლია გითხრათ ჩემს თავზე და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს და მეტნაკლებად შემიძლია ვიცოდე, როგორ არის მათი გონება მოწყობილი და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. თუ რამეზე ვიღებ გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლობასაც მე ვიღებ და მგონია, რომ ზრდასრული ადამიანები ასე იქცევიან. სხვის ნაცვლად რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა, ცოტა რთულად წარმომიდგენია. ამის იქით ვერაფერს გეტყვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი