2. კაცს რომ ჭკუა გადაეკეტება… – მერე ის ქალს დაარტყამს, აბა, რა იქნება? შეიძლება მოკლას კიდეც. ამიტომ კაცი არ უნდა გაამწარო. ისე, როდესმე გიფიქრიათ, ქალზე მოძალადე კაცი სამსახურში უფროსმაც რომ შეიძლება გაამწაროს? უფროსმა, რომელიც ასევე კაცია? ხშირად გაგიგიათ კაცს საკუთარი დირექტორი მოეკლას? ეცემოს? ან თუნდაც მისთვის შეპასუხება გაებედოს? მეეჭვება. ლაჩარს იმასთან აქვს დიდი გული, ვინც მასზე სუსტი ჰგონია. ეს ბავშვობიდან ყველამ კარგად ვიცით.
3. ქალებს გონიერება მართებთ – რომ კაცები არ გამოიყვანონ წყობიდან. გონიერებაში რას გულისხმობთ? მოთმინებას? თავის დახრას? როდემდე? ეს “გონიერება” შემთხვევით მჩაგვრელისგან ჩაგრულზე თავსმოხვეული “გონიერება” ხომ არაა მოძალადისთვის სრული კომფორტის შესაქმნელად?
4. ქალებს მოძალადე კაცები მოწონთ – ქალებს მოძალადე კაცები არ მოწონთ. მეტიც, არც უყვართ. ქალებს შეიძლება მოწონდეთ ძალაუფლების მქონე კაცები, რადგან სიმბოლური თუ რეალური ძალაუფლების მქონე კაცი, პირველ რიგში, კარგ დამცველად აღიქმება – ქალის, ოჯახის, შვილების. ქალებს შეიძლება არც მოწონდეთ ძალაუფლების მქონე კაცები და ისინი დამოუკიდებლად ეცადონ თვითდამკვიდრებას. ასეთ ქალებს დიდი ბრძოლის გადატანა უწევთ. “უპატრონო,” სოციალური და ეკონომიკური კაპიტალის, განათლების არმქონე ქალი ყველაზე დაჩაგრულია.
5. კაცებს რა, არ კლავენ? – კი, კაცებსაც კლავენ და კაცებზეც ძალადობენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი კაცები არიან. ჩაგვრის და ძალადობის მიზეზი შეიძლება იყოს გენდერი, ეთნიკურობა, აღმსარებლობა, კლასი. არა მგონია საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელი, გეი, მუსლიმი, მტვირთავი მუშა კარგ დღეში ცხოვრობდეს. ჩაგვრის და ძალადობის მიზეზი შეიძლება იყოს კაცებს შორის ძალაუფლების გადანაწილებაც სახელმწიფო ინსტიტუციიდან დაწყებული უბნური გარჩევებით დამთავრებული.
6. ეს სიყვარულია – ეს სიყვარული არ არის. ძალადობა წამლავს და ანადგურებს სიყვარულს. სიყვარული ზრუნვაა, პატივისცემა და დაფასება. სიყვარული არ არის ჩაგვრა, კონტროლი და ღირსების შელახვა. სიყვარული არ არის შუბლში დამიზნებული ტყვია და სახეში მოქნეული მუშტი. ვინც ტყვიისა და მუშტის რომანტიზებას ახდენს და მას სიყვარულად წარმოჩენს, ის ისევე ახლოს დგას ძალადობასთან, როგორც მსხვერპლთან მოძალადის მიერ მოქნეული ხელი.
7. ქალის ბრალია – რა ადვილია ხელის შეწმენდა ჩაგრულზე, ნაცემზე, მკვდარზე. რა მოსახერხებელია სირაქლემას პოზიცია და პრობლემის ყოველთვის სხვაგან, არარსებულ ადგილას ძიება. რა ადვილია თვალი აარიდო ნაცემ მეზობელს, ნათესავს, შვილს და უთხრა უკან დაბრუნდეს, მისი ადგილი მის ქმართანაა, მისი ქონებაც. რა ადვილია დაგავიწყდეს, რომ მოძალადეს ძალადობისთვის მიზეზი არ სჭირდება, არ სჭირდება მიზეზი არც მკვლელობისთვის. რა ადვილია ჩაგვრა, როცა იცი – დაუსჯელი დარჩები. რა ადვილია მოძალადის ცხოვრება ქვეყანაში, რომელსაც ყავს ასეთი უუნარო პოლიცია. რა ადვილია არ შეიგნო, რომ არ არსებობს საქციელი, რომელიც გაამრთლებდა ადამიანის ცემას, სიკვდილს და დამცირებას.
8. დედის ბრალია – არადა, მამის ბრალია! მამაა უპირველესი ცენზორი, ისაა კაცობის მასწავლებელი, დიდი განმანათლებელი, მაგალითად, ქართული სუფრის წესებში, ისაა ბოზებში წასვლის წინამძღოლი. ისაა ავტორიტეტი! ისაა როლური მოდელი! და თუ ბიჭს უნდა ბიჭი იყოს, პირველ რიგში, უნდა ახსოვდეს – ის არ უნდა იყოს გოგო, არ გავდეს გოგოს, არ გავდეს ქალს, დედას. ბიჭი კაცია და მამის ასლი და როგორც მამას, მას უპირატესობა უნდა ჰქონდეს ბაღში, სკოლაში, ეკლესიაში, სამსახურში, ავტობუსშიც კი, სადაც შეუძლია ორ სკამზე ერთდოულად გადაჯდეს და გვერდით მჯდომი გოგო/ქალი აიძულოს კუთხეში საცოდავად მიიყუჟოს. ასე ჯდომას მას დედა არ ასწავლის. ასე მამა ზის.
9. ეს მე არ მეხება, ჩემზე არასოდეს უძალადიათ – ყველა ქალი ძალადობის მსხვერპლია. ძალადობა მხოლოდ თავში ჩარტყმა არ არის, ძალადობის ბევრი ფორმა არსებობს. ძალადობაა ავტობუსში ორ სკამზე ერთდროულად გადამჯდარი კაცი შენს გვერდით. ძალადობაა, როცა ჯერ მამა, მერე დედა, მერე ნათესავი თანმიმდევრობით არჩევს იმას, თუ რა უნდა ჩაიცვა, რომელი პროფესია აირჩიო, ვინ იყოს შენი შეყვარებული. შენ კი შეიძლება გეგონოს, რომ კაბა, პროფესია და შეყვარებული თავად აირჩიე. ამ დროს შეიძლება ავტობუსით სულაც არ მგზავრობდე.
10. და ბოლოს: რატომ მეაგრესიულები? – არაა გასაკვირი პროტესტი აგრესიად მოგინათლონ, ემოცია ისტერიკად, გულწრფელობა მარაზმად, მაგრამ გახსოვდეს – ბრაზის კანონიერად გამოხატვის უფლება ყოველთვის გაქვს. არასოდეს შეგრცხვეს საკუთარი ბრაზის, რადგან შენი ბრაზი თანაგანცდაა, რადგან შენი ბრაზი ჩაგრულის ბრაზია, რადგან შენ უნდა გაბრაზდე. რადგან შენ აუცილებლად უნდა გაბრაზდე!