კომენტარი

არასამთავრობოები: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ძალადობის წახალისებას

16 სექტემბერი, 2014 • • 945
არასამთავრობოები: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ძალადობის წახალისებას

“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსს და საჯარო პირს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, აქვს საჯარო კრიტიკის, მათ შორის, უსაფუძვლო თავდასხმის მიმართ თმენის ვადლებულება და ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სამართლებრივი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ იმგვარ ინფორმაციას ან იდეას, რომელსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, ან ნეიტრალურია, არამედ ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეურაცხმყოფელია, შოკისმომგვრელი და ამაღელვებელი,”- წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

 

ამასთან, მანანა კობახიძის განცხადება, როგორც არასმთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, აჩენს მისი წაკითხვის შესაძლებლობას ისე, როგორც მუქარა პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული კულტურული ფასეულობების მქონე ადამიანების მიმართ, ვისაც შეურაცხმყოფელი კომენტარი გაუკეთებია პირადად მისი ან მისი თანამოაზრეების შესახებ.

 

“სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის „შუბლის გახვრეტით“ შურისძიების გამართლება განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობისა და კრიმინალის წახალისების მცდელობას წარმოადგენს. განცხადება ამყარებს არსებულ სექსისტურ სტერეოტიპს, რომ აგრესიული და ძალადობრივი ქცევა ღირსებისა და „კაცურობის“ გამოვლინება და კულტურულად დასაშვები ქცევაა. მსგავსი შეფასებები განსაკუთრებით საშიშია ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ხშირია ე.წ. ღირსების დანაშაულები.

 

გარდა ამისა, მანანა კობახიძის განცხადება ქალს წარმოაჩენს, როგორც არასრულფასოვან არსებას, რომელსაც თავად არ შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა და დამოკიდებულია მისი ოჯახის წევრი კაცების ქცევაზე. ეს მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის მხრიდან და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული გენდერული პოლიტიკის გახორციელებას, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სექსისტური, პატრიარქალური და ძალადობრივი ღირებულებების და ქცევის წესების ცვლილებაზე უნდა იყოს მიმართული.”

 

ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება ინტერესს და საფუძვლიან შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში მომხდარი მკვლელობებისა და სხვა სასტიკი დანაშაულების მიმართ და ხელისუფლებას კანონიერი და ეფექტური ღონისძიებების მიღებას სთხოვს, სრულიად მიუღებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მხრიდან კრინიმალური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე არასერიოზული მსჯელობა, რაც, მათი აზრით, არსებული პრობლემის არაღიარებასა და მისი მნიშვნელობის გაუფასურების მცდელობას წარმოადგენს.

 

არასამთავრობოები ორგანიზაციები: ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, კავშირი საფარი, ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG, სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, იდენტობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA, ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის WECF, საქართველოს პარლამენტს და გენდერული თანსწორობის საბჭოს მოუწოდებენ, გაემიჯნონ ვიცე-სპიკერის განცხადებას.


12 სექტემბერს პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ ფეისბუქის საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხმიანება სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. საკუთარ განცხადებაში კობახიძე წერს: „[..]როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინამდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფის და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია!“

 


მასალების გადაბეჭდვის წესი