კომენტარი

მუსლიმთა და ქრისტიანთა შერიგებას ალტერნატივა არა აქვს

11 სექტემბერი, 2014 • 1209
მუსლიმთა და ქრისტიანთა  შერიგებას ალტერნატივა არა აქვს

როდემდე უნდა გრძელდებოდეს ასეთი თავდასხმები ჩვენი ქვეყნის მუსლიმ მოქალაქეებზე? როდემდე უნდა იტანდნენ ქართველი მუსლიმები ამდენ დამცირებასა და შეურაცხყოფას? როდემდე უნდა ვისარგებლოთ ბოროტად მათი მპატიებლობითა და მოთმინებით?


ანდა როგორა გონიათ იმ  ღორის დამკვლელ  ვაი ქრისტიანებს,  ვის მხარეზეა ახლა მათი უფალი ქრისტე – იმათი, ვინც ადამიანის ღირესება შეურაცხყო, თუ იმათ მხარეზე, რომელმაც მოთმინებით აიტანა ეს დამამცირებელი საქციელი? ქრისტე იმათ მხარეზეა, ვინც ქრისტეს სახელით მუსლიმებს სარწმუნეონას ულანძღავს, თუ იმათ მხარესაა, ვინც უკვე მერამდენედ ჩაწიხლეს და შეაფურთხეს?  არავის შეეშალოს: უფალი ყოველთვის უსამართლოდ დამცირებულისა და შეურაცხყოფილის მხარესაა, ოღონდ იგი ელის, რომ მჩაგვრელი და შეურაცხმყოფელი შეიცვლის თავის აზრს და პატიებას ითხოვს მისი მსხვერპლისაგან.  დროა ყველანი მივხვდეთ, როდესაც ჩვენში თუნდაც ერთი ადამიანის ღირსებას ხელყოფენ, ამით ყველა ჩვენგანს გვამცირებენ.  ამიტომ დღეს თითოეული ჩვენგანი დამცირებული მუსლიმების მხარეზე უნდა დავდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ღირსების დასაცავად.


მანამდე ყველამ ბოდიში უნდა ვუთხრათ და პატიება ვთხოვოთ ჩვენს მუსლიმ დებას და ძმებს ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც მათ  რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა,  რადგან მათ არ იციან, რა ჩაიდინეს ამით. 


ქობულეთის ამბავს ორნაირი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს: შეიძლება ვინმეს რამე პასუხისმგებლობა აკისრებინონ, სრულებით უმნიშვნელო, შეიძლება  სარეთოდ ისე ჩაიფარცხოს ეს ამბავი, არავის მოკითხონ პასუხი.   


თუმცა არის კიდევ ერთი შესაძლებლობაც: ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, განსაკუთრებით უმეტესობის რელიგიის წინამძღოლება, ერმა და ბერმა ყველამ დავგმოთ რელიგიური ძალადაობა, დისკრიმინაცია ქრისტიანობის სახელით და დავიწყოთ საყოველთაო ნაციონალური შერიგების პროცესი, რომელიც საქართველოს თითეულ მოქალაქეს დაცულად აგრძნობინებს თავს. მანამდე ეს არ მოხდება, ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს კიდევ ერთი, მორიგე გულისამრევი რელიგიური დისკრიმინაციის მოლოდინში ცხოვრება.

მალხაზ სონღულაშვილი
მალხაზ სონღულაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი