კომენტარი

პეტიცია: მოქალაქეები მთავრობის მიმართავენ, აღკვეთოს ცხოველთა მსხვერპლშეწირვა

27 ივნისი, 2014 • 1720
პეტიცია: მოქალაქეები მთავრობის მიმართავენ, აღკვეთოს  ცხოველთა მსხვერპლშეწირვა

“გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება იმ უზომო სისასტიკის გამო, რომლითაც ეპყრობიან ცხოველებს კულტურისა და რელიგიის სახელით საქართველოში, კერძოდ კი, ცხოველთა რიტუალური მკვლელობების გამო”, – ასე იწყება პეტიცია, რომელსაც 27 ივნისისთვის 8,647  პირი აწერს ხელს.

 

პეტიციაზე ხელმოწერა ყველა მსურველს მ მისამართზე შეუძლია, სადაც მიმართვის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზეა გამოქვეყნებული.

 

ეს მეორე პეტიციაა, რომლითაც მოქალაქეები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ცხოველების მიმართ სისასტიკის გამო.

 

პირველი პეტიციის ადრესატი 2013 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე იყო. რუსუდან კვირიკაშვილი, პეტიციის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ინგლისში ინგლისურის, როგორც უცხო ენის ლექტორად  მუშაობს, ამბობს, რომ პეტიცია ფიზიკურადაც მიუტანეს საპატრიარქოში, თუმცა არავინ გამოხმაურებიათ.

 

ამჯერად პეტიციას ხელმოწერების დასრულების შემდეგ პრეზიდენტს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნიან.

 

გთავაზობთ პეტიციის სრულ ტექსტს:


გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება იმ უზომო სისასტიკის გამო, რომლითაც ეპყრობიან ცხოველებს კულტურისა და რელიგიის სახელით საქართველოში, კერძოდ კი, ცხოველთა რიტუალური მკვლელობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ქადაგებს, რომ ცხოველთა რიტუალური მსხვერპლშეწირვა არ უნდა იქნეს აღსრულებული, ის კვლავ მასიურად აღესრულება მთელს საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აგრძელებს ცხოველთა მსხვერპლშეწირვას ამართლებს რა თავის ქმედებას მხოლოდდამხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ საჭიროა ძველი ტრადიციების დაცვა.
დღესდღეობით, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს არანაირი კანონი ან რეგულაცია, რომელიც დაიცავდა სამსხვერპლოზე მიყვანილ ცხოველების თუნდაც ძირეულ უფლებებს. ასე მაგალითად, ყოველწლიურად ლომისობის დღესასწაულზე ხდება ცხოველების (როგორიცაა ცხვარი და სხვა) მასიური მკვლელობები უაღრესად სასტიკი მეთოდებით. ხალხს სწამს, რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვით თავიდან აიცილებენ ავადმყოფობებს და უზრუნველყოფენ საკუთარი ოჯახის წევრების კეთილდღეობას. მსხვერპლშეწირვის დროს ხდება ასობით ცხვრის, ხბოს და მფრინველის მკვლელობა მრავალი ადამიანის თვალწინ, მათ შორის ბავშვებისაც (იხილეთ ფოტო), რაც ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია.


ვერავინ ვერ უძებნის მსგავს მსხვერპლშეწირვებს, რომლებიც წლების მანძილზე აღესრულება, ადეკვატურ ახსნას გარდა იმისა, რომ ეს არის “ტრადიცია” და თუ ხალხი ცხოველთა მსხვერპლშეწირვას შეწყვეტს მათ და მათ ოჯახებს ცუდი იღბალი დაემუქრებათ. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ლოგიკურ არგუმენტად ოცდამეერთე საუკუნეში, რამეთუ საქართველომ გაიაზრა რა არაკეთილსასურველი შედეგები, წარსულში უკვე აღმოფხვრა რიგი დრომოჭმული ტრადიციებისა.


პეტიცია


ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან აღკვეთოს ყოველგვარი ცხოველთა მსხვერპლშეწირვა შემდეგი მიზეზების გამო:

1. მსხვერპლშეწირვა არის უზომოდ სასტიკი ქმედება ცხოველებისადმი. საწინააღმდეგოდ გავრცელებული აზრისა, ცხოველები უზომოდ იტანჯებიან მსხვერპლშეწირვის პროცესამდე და მის განმავლობაშიც. ისინი შეიძლება დაზიანდნენ ტრანსპორტირებისას და ხშირ შემთხვევაში ხდება მათთვის ცოცხლად ყელის გამოღადვრა არაპროფესიონალი ადამიანების მიერ, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებან დაუდევრად და ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე.

2. ცხოველებისადმი გამოჩენილი ასეთი სისასტიკე მავნებელია საზოგადოებისთვისაც მთლიანად. ის აღძრავს სისასტიკეს და არასენსიტიურობას ადამიანებში, რომლებიც შემდგომში ნორმალურად მიიჩნევენ მსგავს ქმედებებს და რომლებიც ხდებიან უგრძნობი სხვა ცოცხალი არსებების (მათ შორის ადამიანების) ტანჯვის მიმართ. ასევე, ცნობილია უკვე, რომ მსგავსი სცენების (ცხოველთა სასტიკი მკვლელობა) ყურება უბიძგებს ზოგ ადამიანს სხვა ადამიანების მიმართ ძალადობისკენ. ბავშვები, რომლებიც ესწრებიან მსგავს სასტიკ და ძალადობრივ სცენებს, შეიძლება ტრავმირებული იქნენ იმით, რასაც ხედავენ. საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი წეს-ჩვეულებების დანერგვა, რომლებიც მოემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდას ჰარმონიული საზოგადოებისთვის.

3. მსგავსი სისხლიანი ცხოველთა მსხვერპლშეწირვები ხელისშემშლელია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც ასე საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. საყოველთაოდაა ცნობილი უკვე, რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვებს არასასიკეთო გავლენა აქვს ტურიზმზე მსოფლიო მასშტაბით. უცხოელი ტურისტები, რომლებიც შეესწრებიან და შეიტყობენ მსგავსი რიტუალების შესახებ საქართველოში, ტოვებენ ქვეყანას გაურკვეველ და დეპრესიულ მდგომარეობაში ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ ნასიამოვნები ქვეყნის სილამაზითა და მეგობრულობით. აბღავლებული ცხვრისა და ხბოს დეკაპიტაცია (თავმოკვეთა) არ უნდა იყოს ქვეყნის სიმბოლო. მსგავსი სისხლიანი რიტუალები არიან შემზარავი, ბარბაროსული, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და სასტიკი და მათი ადგილი არ არის ოცდამეერთე საუკუნეში.

ჩვენ უმორჩილესად გთხოვთ აკრძალოთ ცხოველთა მსხვერპლშეწირვები საქართველოში, რაც დაეხმარება ქვეყანას მისი საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნებასა და ნამდვილად ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ეს შეიძლება გაკეთდეს აგრერიგად საჭირო კანონმდებლობის მიღებით და მისი შემდგომში აღსრულებით, რათა შეწყდეს სისასტიკე ცხოველების მიმართ და ასევე, ცხოველთა ჭეშმარიტი კეთილდღეობის პროგრამების დანერგვით ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ და განახორციელებთ აღნიშნულ ინიციატივებს (რომლებიც ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში) და ხელს შეუწყობთ არაძალადობრივი კულტურული ტრადიციების დანერგვას საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი