კომენტარი

„ჩვენ უნდა შევცვალოთ“

25 ივნისი, 2014 • 1978
„ჩვენ უნდა შევცვალოთ“

 

ირმა დიმიტრაძე
ირმა დიმიტრაძე

ბევრს ვსაუბრობდით რელიგიაზე, იმაზე, რომ ბებია და სოფლის ქალები ქრისტიანებს ქართველებს ეძახდნენ, ხოლო საკუთარ თავზე ამას არასდროს იღებდნენ, ჩვენ (მუსლიმები) აჭარლები ვართო. დედა მიყვებოდა, რომ მსოფლიო ისტორიაში რელიგიები დროთა განმავლობაში გაჩნდა და გავრცელდა, რომ თითოეულ რელიგიამდე სხვა რელიგია არსებობდა… ერთხელ მითხრა, რელიგიას ადამიანი თავისუფალი ნებით, გულითა და გონებით ირჩევს და ის თანდაყოლილი არ არის, ხოლო ძალადობა, რომელიც რელიგიათა გავრცელებას მოსდევდა თან, ადამიანების მიერ იყო ჩადენილი. ასე ამბობდა, საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობამდე სხვა რელიგიური მიმდინარეობებიც იყო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ უპირველესი რელიგიაა ჭეშმარიტი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელიო.

 

 

ეს საუბრები, მიხვდებით, რომ საკმაოდ რთული აღსაქმელი იყო ჩემთვის. მე მხოლოდ ის მესმოდა, რომ ქართველი მუსლიმი ვიყავი და ბავშვური ოცნებით ვოცნებობდი პრეზიდენტობაზე.

 

 

9 წლის ვიყავი, როდესაც ბათუმში მოგვიწია საცხოვრებლად გადმოსვლა, ოჯახური პრობლემებისგან თავბრუ მქონდა დახვეული. დედას ჩემთვის ნაკლები დრო რჩებოდა, რადგან სრულიად უცხო გარემოში მე და ჩემი პატარა ძმა უნდა უზრუნველვყვეთ საცხოვრებელი პირობებით, ძველებურად ვეღარ ვსაუბრობდით, ახალ გარემოში კი უამრავი გამოწვევა და პრობლემა მელოდა.

 

 

ერთ დღეს ახალ მეგობრებთან ერთად „რევოლუციონერობანას“ ვთამაშობდი, ეს თამაში ბავშვებმა მოვიგონეთ, „ვარდების რევოლუციისგან“ შთაგონებულებმა. არასდროს დამავიწყდება: ქაღალდის ვარდები გავაკეთე, სადარბაზოში მესამე საფეხურზე ავედი და დავიძახე: „აჭარა საქართველოა, მომყევით, ხალხნო, და მე გაგიძღვებით წინ, ვარდებით, ხმა მომეცით მე!“ მახსოვს წამიერი დუმილი და ხითხითი. გავწითლდი, თითქოს ფერი, რომელიც ქაღალდის ვარდს არ ჰქონდა, მე დამედო სახეზე. ერთ-ერთი გოგონა ამოვიდა კიბეზე, ქაღალდის ვარდები ხელიდან გამომართვა და დაიძახა: „გამომყევით მე, ქრისტეს სახელით, ეს მუსლიმია, თათარი ბაბუინები ვერ წაგვართმევენ აჭარას!“ შემდეგ ბუნდოვნად მახსოვს, სახლში როგორ მივედით მე და ჩემი უმცროსი ძმა, მე 11 წლის ვიყავი, ის-  8-ის. იმ დღეს პირველად გავიგონე ჩემი მისამართით – თათარი. უამრავი კითხვა მაწუხებდა, ჩემი ძმა ტიროდა, რადგან სათამაშოდ უნდოდა წასვლა, მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი…

 

როგორც ბავშვებს სჩვევიათ, ნერვიულობის გამო სიცხემ ამიწია და მთელი ღამე ვბორგავდი. დილით, როცა უკეთ გავხდი, დედა მომიჯდა საწოლთან და დამიწყო გამოკითხვა.  არ მიტირია, დედას კი ცრემლები წამოუვიდა, ჩამეხუტა და მომიყვა ამბავი მემედ აბაშიძესა და ილია ჭავჭავაძეზე; მიყვებოდა, რომ წლების წინ აჭარა თურქეთის ბატონობის ქვეშ იყო, რომელმაც მუსლიმური რელიგია ძალმომრეობით გაავრცელა. მიყვებოდა, რომ მიუხედავად ამისა, ქართული სული არ დაკარგულა და არც იმის იმედი, რომ ერთ დღეს აჭარაც დაუბრუნდებოდა საქართველოს. მითხრა, რომ ამისთვის ბევრი იარაღით იბრძოდა, რომ როცა თაობათა განმავლობაში ეს რელიგია აჭარაში აითვისეს და მიიღეს, შეეშინდათ მართლმადიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შესვლა, რომ კომუნიკაციის არარსებობა და განათლების დაბალი დონე მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სწორად გაიაზრეს ეროვნული და რელიგიური იდენტობების განსხვავება და მათ განათლებით, წიგნიერებითა და მეგობრებით გადაწყვიტეს ერთიანობისთვის ებრძოლათ. ერთი მხრივ, მუსლიმი მემედ აბაშიძე და მეორე მხრივ, ქრისტიანი ილია ჭავჭავაძე, ორივე ქართველი, გაერთიანდნენ და წამოიწყეს „ოფლის ღვრის ომი“… ამ ამბავში ყველაზე მეტად ის მომენტი დამამახსოვრდა, როდესაც მემედ აბაშიძემ ქართულ სუფრაზე ქართველების ძმობის სადღეგრძელო წყლით დალია (მოგეხსენებათ, მუსლიმური რელიგია ალკოჰოლის მიღებას კრძალავს), როგორც ყველაზე წმინდა და მაცოცხლებელი სითხით, ამას კი თავად ილია და სუფრის სხვა წევრები დიდი პატივისცემით შეხვდნენ და თქვეს, რომ მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ისინი ძმები არიან და მხოლოდ ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით შეუძლიათ საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. დედამ მითხრა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ღირსეულ და დიდ ადამიანებს შეუძლიათ და რომ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. აღარასდროს გაიქცე, აღარასდროს აფიქრებინო უმეცარს, რომ ის მართალია, შენ თუ გინდა გახდე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეძლებ, მხოლოდ მაშინ, როდესაც შეცვლი და არ დაიმალებიო – ასე მითხრა დედაჩემმა.

 

 

მას შემდეგ, რა თქმა უნდა, შემეცვალა დამოკიდებულებები და შეხედულებები და აღარც პრეზიდენტობაზე ვოცნებობ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რელიგიური ნიშნით რაიმე სახის ჩაგვრას, რელიგიის ეროვნებასთან გაიგივებას ან სხვა მსგავს პრობლემას ვაწყდები, ყოველთვის მახსენდება, რომ მე უნდა შევცვალო, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ. 

 

სიტყვა წარმოთქმულია დემოკრატიის მთხრობელთა დასის თხრობითი პერფორმანების ფარგლებში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი