ქალბატონო ლელა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ იცვლება საქართველოში პოლიტიკური ლიდერების რიტორიკა?


ზოგადად, რიტორიკის, მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულების საკითხი, შეიძლება ითქვას, პოსტსაბჭოთა სივრცეში თითქმის ერთნაირია. მთავარი აქ არის ის, რომ ეს ადამიანები არ ელოდებიან მოქალაქეების მხრიდან წინააღმდეგობას. არ ელოდებიან, რომ ამ რიტორიკას შეამჩნევენ. მაგრამ, საქართველოში, მე რასაც დავკვირვებივარ, ძალიან ძლიერია რეზისტენცია, ანუ წინააღმდეგობა და რეაქცია. იმისათვის, რომ გაიგოს ამა თუ იმ ლიდერმა საზოგადოების დამოკიდებულება მისი ლექსიკის მიმართ, არ არის საჭირო დიდი კვლევა, შეუძლია გადაავლოს თვალი სოციალურ მედიას, ბლოგერების მოსაზრებებს და გაიგოს საზოგადოების დამოკიდებულება.


ტერმინები – “ჩარეცხილები”, “მუმიები” და ასე შემდეგ, წინა ხელისუფლებამ შეაფასა როგორც თავისი ერთ-ერთი შეცდომა. ფაქტია, რომ ხალხს, ხელისუფლებისთვის ამომრჩეველს, არ მოსწონს ცინიზმი და შეურაცხყოფა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ითვალისწინებს წინა ხელისუფლების გამოცდილებას ეს ხელისუფლება?


რაღაცას ითვალისწინებენ, რაღაცას – ვერა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ახალი ხელისუფლება, როგორც წინა, მოვიდა დიდი აღტკინების, მხარდაჭერის შედეგად. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში მოსულ ხელისუფლებებს ახასიათებთ ეს და კონტროლი ეკარგებათ თავიანთ გამონათქვამებზე, ქცევებზეც კი. უნდა ვაღიაროთ, რომ წინა ხელისუფლების შემთხვევაში, ჩვენ ძალიან მივუყრუვეთ სასტიკ ქცევებსაც კი მათი მხრიდან და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მივიღეთ მონსტრი ხელისუფლება. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც დიდი პასუხისმგებლობა მოდის მოქალაქეებზე, ჩვენზე. იქნება ეს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი თუ რიგითი მოქალაქე, ყველას გამონათქვამზე უნდა გვქონდეს რეაგირება. არგუმენტი -“ვაცალოთ”, რომელიც ხშირად ისმოდა წინა ხელისუფლების მისამართით, ყველაზე მცდარი პოზიციაა.

ლელა გაფრინდაშვილი, ფოტო: რადიო თავისუფლება
ლელა გაფრინდაშვილი, ფოტო: რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის გამონათქვამებს სოციალურ ქსელებში უმალ მოჰყვა რეაქცია. მაგალითად, წერდნენ, რომ “სორბონა არ ვარგებულა”; ან “ერთი კურსის, ერთი სემესტრის გამოცდების შედეგები დაიდოს, ბიჭო”, ან კიდევ “გავლით იყო სორბონაში”… ერთი სიტყვით, ეჭვქვეშ აყენებენ პრემიერის ევროპულ განათლებას, ანუ მის გამონათქვამებს პირდაპირ უკავშირებენ მის განათლებას. ეს სწორი მიდგომაა?


რამდენიმე დებატს ამ თემაზე მეც შევესწარი სოციალურ ქსელში. შეიძლება ადამიანმა ევროპაში მიიღოს განათლება, მაგრამ შორს იდგეს ევროპული ღირებულებებისგან. არიან ადამიანები, რომლებიც ევროპულ გარემოს იმთავითვე განიხილავენ, როგორც ქართულისგან პრინციპულად განსხვავებულს. ამიტომ, ევროპელობა ღირებულებით დონეზე პირდაპირ განათლებასთან არ არის კავშირში, ისევე როგორც პროფესორობა არ არის პირდაპირ კავშირში ღირებულებებთან. როცა შენს შეხედულებებს უყურებ როგორც უნივერსალურს, რომელიც არ უნდა გადაიხედოს დროდადრო, ეს არის პრობლემა. სამწუხაროდ, ხშირად შემხვედრია მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები, საკმაოდ ახალგაზრდებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ უკვე აღარაფერი ესწავლებათ. ეს დრამატული შეცდომაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება დაუშვას. ადამიანი უნდა ვითარდებოდეს და ეს ეხება ღირებულებებსაც.


დასავლეთში წასულ ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც იმ წყალს, რომელშიც ის მოხვდა, ქართულ კულტურასთან დამოკიდებულებაში აბსოლუტურად კონტრავერსიულად განიხილავს. მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ქართულ და ევროპულ კულტურას, ცივილიზაციას ერთმანეთისგან არ ასხვავებენ და მეც ასეთ ჯგუფს მივეკუთვნები.


თითქმის ორი წელი გავიდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მაგრამ ოპონენტებზე საუბარს პრემიერი იწყებს “ცხრა წლის” შეხსენებით. იმავეს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილიც მთელი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, როცა საკუთარი წარმატების სადემონსტრაციოდ ახსენებდა ედუარდ შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს. ახლაც იგივე “ცხრა წელი” ელოდება საზოგადოებას?


თუ გავჩუმდებით, აუცილებლად გველოდება. ყოველთვის გავიმეორებ, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაც ტიპის ძალადობა დასაშვებია – “ასე სჭირდება სახელმწიფოს”, “რა ვქნათ, ჩვენ ასეთი ქვეყანა ჩავიბარეთ”, “ხალხი ბნელია” და ასეთი მსჯელობები, უკავშირდება იმ ლეგენდარულ ცხრა წელს. მე კი მიმაჩნია, რომ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ხალხი ბნელია, ის თავად არის ბევრად ბნელი, ვიდრე საზოგადოება შეიძლება იყოს რაღაც ეტაპზე. თუ ჩვენ დავუშვით, რომ რაღაც ტიპის ძალადობა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მოქალაქეებზე, რომ რაღაც სტატუსის მქონე ჩინოვნიკს შეუძლია ასეთი რიტორიკა გამოიყენოს, იმ მომენტიდანვე ჩვენ ხელს ვაწერთ ყველაზე ცუდ ხელისუფლებაზე. აქ იმდენად მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას ამბობს ჩინოვნიკი, არამედ, როგორი რეაქცია მოსდევს ამას საზოგადოების მხრიდან.


იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ირაკლი ღარიბაშვილის შეუსაბამო გამონათქვამების გასწორება დასჭირდათ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს. ეს რაღაც ახალია?


კარგია, როცა მათი გამონათქვამების რაღაცნაირი გაკეთილშობილება მიდის, ესე იგი, რაღაც რეაქცია არის. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვასწავლით ყველას ლაპარაკს, მაგრამ ნელ-ნელა, გზადაგზა დაფიქრდებიან. საჯარო გამოსვლა როცა გაქვს მაღალი ჩინის ადამიანს, ბევრი უნდა იფიქრო, რადგან გყავს ძალიან ბევრი და სხვადასხვა ტიპის მსმენელი, რომელმაც სწორხაზოვნად შეიძლება გაიგოს შენი გამონათქვამი და პირიქით. ამიტომ საუბრის დროს ყველანაირი იმპროვიზაცია უნდა გამორიცხო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *