ბოლო პერიოდში გახშირდა ქალთა დასახიჩრების ან მოკვლის ფაქტები. რამ განაპირობა ამ შემთხვევების ზრდა?
ის, რომ ახლა ხდება ოჯახში ძალადობა, ეს არ არის სწორი ინტერპეტაცია. ჯერ კიდევ წინა წლებში, 2012, 2013 წლებში სერიოზული მაჩვენებელი იყო ოჯახში ძალადობის, ამ დროს ძირითადად ზარალდებიან ქალები. ეს იყო ადრეც და ამას ვხედავთ დღესაც. ოჯახში ძალადობა, როგორც გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, ზოგადი პრობლემაა საქართველოთვის.
ამ ყველაფერს ასაზრდოებს სტერეოტიპული შეხედულებები, რომელიც ჯერ კიდევ მყარად არის საზოგადოებაში დამკვიდრებული. მაგალითად ის, რომ ოჯახში ძალადობა არ არის სახელმწიფოს საქმე. ეს არის კერძო პირთა ურთიერთობა და სახელმწიფო ამაში არ უნდა ერეოდეს, ეს არის წინასწარგანწყობა, რომლითაც პოლიციელი მოქმედებს უმეტესწილად.
როდესაც პოლიციელი იწყებს საკითხის შესწავლას, მისი წინასწარგანწყობა აისახება მის საქმიანობაზე. ის, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები განსაკუთრებული გულისხმიერებით არ შეისწავლება მათი მხრიდან, სწორედ ამით არის ნაკარნახევი. ისინიც თვლიან, რომ ეს არ არის პოლიციის საქმე, ეს არის პარტნიორების გადასაწყვეტი. ამის გამო მათი განხორციელებული მოქმედებები არ არის ეფექტური.
როცა კონფლიქტია ოჯახში და ის არ წარმოადგენს ჯერ ძალადობას, სწორედ ამ ეტაპზე უნდა იყოს სახელმწიფო ეფექტური, რათა ხელი შუუშალოს იმ მძიმე შედეგების დადგომას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ
რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს ამისთვის?
სახელმწიფოს აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც მიმართულია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. გაწერილია ყველა მოქმედი სუბიექტის ვალდებულება. წამყვანი ამ სფეროში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სოციალური სამსახური. იცით, რომ ყველა უბანს ჰყავს უბნის ინსპექტორები. მას ევალება ყველა ოჯახის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მაგრამ შედეგებიდან ვასკვნით, რომ სანამ ფატალური შედეგით არ დასრულდება ოჯახური ძალადობა, მანამ არანაირი ინფორმაცია ინსპექტორების მხრიდან, თუ სოციალური სამსახურების მხრიდან არ მიდის სამართალდამცავ სტრუქტურებში, რათა მათ განახორციელონ პრევენციული ღონისძიება. სახელმწიფო უფრო ადრეულ ეტაპზე უნდა იყოს ფხიზლად.
ჩვენ არ გვიყვარს დუმილის, კომფორტის დარღვევა. როცა ვხედავთ, რომ ქალს მუდმივად ჩაგრავენ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ხმას არ ამოვიღებთ, აუცილებლად მივალთ იმ ეტაპამდე, რომ ამ ქალს სიცოცხლის განადგურებით დაემუქრებიან ან მოკლავენ.
არის თუ არა სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემა?
დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემა ჩვენს სამართალდამცავებს აქვთ. არის ისეთი შემთხვევები, როცა არის ძალადობის შემთხვევები, მაგრამ პოლიციელი უყურებს არა როგორც ძალადობას, არამედ კონფლიქტს. სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს 126-ე პრიმა მუხლი, რომელიც გეუბნება, რომ სხვადასხვა შემთხვევაში უნდა აამუშაოს სისხლის სამართლებრივი ნორმები, მიხვდნენ, რომ ეს დანაშაულია და არა ჩვეულებრივი კონფლიქტი. ამას არ აკეთებენ, ხშირად ერთსა და იმავე შემთხვევაზე 10-ჯერ, 15-ჯერ იწერება გაფრთხილების წერილები, ბოლოს დადგება სიკვდილი.
ხშირად ოჯახის წევრებიც დუმილით პასუხობენ ოჯახში ძალადობას.
გენდერული მახასიათებელი აქვს ოჯახში ძალადობას. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებისგან- ეს იქნება ნათესავი, ოჯახის წევრი თუ თავად ჩვენ- დასაშვებადაც ვაღიარებთ ძალადობას ქალის მიმართ. თუ დააკვირდებით, ყველაზე მძიმე ძალადობის ფაქტზე ხალხის მხრიდან არის რეაგირება ასეთი: ასეთი რა დააშავა, რომ ასე მოექცნენ. ეს უკვე აზროვნებაში შეცდომაა. იმთავითვე ვამართლებთ მოძალადეს და დაშვებას ვაკეთებთ, რომ შეიძლება ქალმა ისეთი მოქმედება განახორციელოს, რის გამოც მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
მე არ მომისმენია კრიტიკა მოძალადეებთან დაკაშირებით, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი დანაშაულები. აქედან დასკვნა ის არის, რომ საზოგადოების შეხედულება გენდერულ თანასწორობაზე საკმაოდ უსამართლოა და ის აზარალებს ქალებს. მკვლელობა, დასახიჩრება არის უკვე შედეგი. როცა ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ძალადობა ქალის მიმართ დასაშვებია, აქ არის განგაშის სიგნალი ჩასართავი.
ვისაუბროთ იმ სოციალურ ინსტიტუტებზე, რომლებიც ახალისებენ ქალთა მიმართ ძალადობას. მახსენდება ილია მეორის მხრიდან კაცებისთვის ფეხების დაბანის მოწოდება, საინტერესოა მედიის როლი ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქებისას?
არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელსაც სერიოზული ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან და, შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ქალის მიმართ პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში. საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუტს, აქვს სერიოზული ძალა, მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს, რათა ქალები იყვნენ დაცულნი ძალადობისგან, მაგრამ მათი მხრიდან ნაკლები აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში არასწორად გადმოცემული აზრი ხელს უწყობს ქალის მიმართ ძალადობას. ფეხების დაბანის შემთხვევა იყო ერთ-ერთი არასწორი გზავნილი საზოგადოებისკენ, რომელმაც წაახალისა ქალის ჩაგვრა ოჯახში.
ამის გარდა, მედიას აქვს დიდი როლი, თუ რა კუთხით აჩვენებს საზოგადოებას იმ მოვლენებს, რასაც აშუქებს. დაუშვებელია, რომ მედიამ ხელი შეუწყოს სტერეოტიპების გაღრმავებას, რაც ისედაც არის საზოგადოებაში. მაგრამ, ამავდროულად, მედია რომ არ აშუქებდეს ამ მოვლენებს და არ წერდეს ყოველდღიურად ძალადობის შესახებ, საზოგადოებაში აზრი ძალიან ნელა შეიცვლებოდა.
გარდა ამისა, მე გამოვყოფდი ასევე ქალის მხარდამჭერთა ქსელს, რომელიც გამოიხატება ნათესავებსა და მშობლებში, რომლებიც მხარს არ უჭერენ ქალს. ჩვენ უამრავ მსხვერპლთან გვქონია ურთიერთობა. უმეტეს შემთხვევებში, როდესაც მათ სთხოვეს დახმარება მშობლებს, ნათესავებს, მათი მხრიდან უმოქმედობას ჰქონდა ადგილი.
ამით ჩვენ თანამონაწილე ვხდებით დანაშაულისა, რომელსაც მოძალადე მხოლოდ იმიტომ ჩადის, რომ იცის, მას ამის გამო არ დასჯიან, ან დასჯიან მინიმალური სიმკაცრით. ამის გამო საქართველოში ქალის მიმართ ძალადობა არის წახალისებულიც კი.
სოციალური მდგომარეობა შეიძლება თუ არა განვიხილოთ ფაქტორად, რომელიც ძალადობაზე გავლენას ახდენს?
ჩვენ თუ ფაქტებს გადავხედავთ, რეესტრის თანამშრომელი გოგონა, რომელიც ქმარმა მოკლა, სულაც არ წამოადგენდა სოციალურად დაუცველ ფენას. სოციალური მდგომარეობა სურათს არ ცვლის ოჯახში ძალადობის თემასთან დაკავშირებით, თუმცა შეიძლება იყოს ეკონომიკური სიდუხჭირე ხელშემწყობი, ისევე როგორც ხელშემწყობი იყოს გარკვეულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება. წამყვანი არის უბრალოდ მოძალადის განცდა, რომ ის არის უპირატესი, კაცის განცდა, რომ ის არის ოჯახში მთავარი, მას უნდა ემორჩილებოდეს ოჯახში ცოლი. მას გააჩნია უპირატესი უფლებები და მას აქვს უფლება დაგჩაგროს.