კომენტარი

“დაცარიელებული თბილისი” – ჩვენ და სხვები

21 აპრილი, 2014 • 2248
“დაცარიელებული თბილისი” – ჩვენ და სხვები

აღდგომის დღესასწაულზე სოციალურ ქსელებში უამრავი პოსტი გაჩნდა ე.წ. დაცარიელებულ თბილისზე. თბილისის მცხოვრებთა ნაწილი კმაყოფილებით იუწყებოდა, რომ თბილისის სხვა მცხოვრებლები, “ჩამოსულები”, აღდგომის შესახვედრად მშობლიურ ქალაქებსა თუ სოფლებში წავიდნენ და  “დაცარიელებული თბილისი” მშვენიერია. თბილისის ფორუმზე ამ საკითხზე შექმნილ თემაში დისკუსია დღემდე გრძელდება.

რა შეიძლება ვუწოდოთ ამ მოვლენას, რატომ უხარიათ ადმიანებს “ცარიელი თბილისი”, “სიცარიელე”, არის თუ არა ეს საშიში და რატომ – ამ თემაზე “ნეტგაზეთი” ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს ესაუბრა:

– ცარიელს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ცხადია, რომ ბევრი მიდის სამშობლოში სააღდგომოდ, საახალწლოდ და ასე შემდეგ, ყოველთვის, როცა არის არდადეგები, უქმე დღეები. ეს გასაგებია, მაგრამ რატომ უხარიათ თბილისელებს, ესეც გასაგებია – იმიტომ, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვთ ტენდენცია დაყონ მთელი საზოგადოება “ჩვენებად” და “არაჩვენებად”, – “ჩვენ” და “ისინი”. ეს დაყოფა შეიძლება იყოს ნებისმიერი კატეგორიით – რელიგიით, ეროვნებით და ბევრი სხვა რამით.

მათ შორის ასეთია მიგრანტი ადგილობრივი მკვიდრი. მიგრანტები მაინცდამაინც არ უყვართ. არსად. შეიძლება, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, თუმცა იქაც არის ასეთი ტენდენცია. ასე რომ, ძირძველ თბილისელებს, რომლებიც სოფლიდან ჩამოვიდნენ არა 10 წლის წინ, არამედ 30 წლის წინ, მიაჩნიათ თავი უფრო ღირსეულ და ნამდვილ თბილისელებად და ამიტომაც თავისი ჭკუით კმაყოფილებას გამოხატავენ, თუმცა ეს უფრო სალაპარაკო, საჭორაო და ისეთი თემაა, ვიდრე სიხარული, ჩემი აზრით.

და რატომ არ გგონიათ ეს “ნამდვილი სიხარული”?

რეალურად, რამდენად უკეთესად არიან, ეჭვი მეპარება, მაგრამ რომ არ ისმის პროვინციული აქცენტი, მეგრული საუბარი და ასე შემდეგ, ვიღაცა ამას აღნიშნავს და სხვებიც აყვებიან, რომ სალაპარაკო თემა მოგვეცა. არაფერი სერიოზული ამაში არ არის. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ არ იყოს.

არ თვლით, რომ ეს არის ერთგვარი ფაშიზმი?

რა თქმა უნდა, არ ვთვლი, იმიტომ, რომ ფაშიზმი არის გენეტიკაზე მიმართული მოძღვრება, რაც გნებავთ, ის დაარქვით. ეს არის დაყოფა “ინ” და “აუთ” ჯგუფებად, ასე ეძახიან. და თუ ამას არ მოყვება რეალური კონფლიქტი, ძალადობა და ასე შემდეგ, რჩება არცთუ ისე სასიამოვნო, მაგრამ არც კატასტროფულ მოვლენად. ფაშიზმად ნამდვილად არ ვთვლი.

თქვენ კი ამბობთ, რომ ეს საშიში არ არის, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ იყო ცხარე დისკუსია საქართველოში, რომელიც გამოიწვია თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას კანდიდატურის დასახელებამ “ქართული ოცნების” მიერ. ეს თემაც სწორედ ამას უკავშირდებოდა.

– რა თქმა უნდა, სწორედ ეს იყო, რომ თბილისი ჩვენია და მოდის არათბილისელი. სალაპარაკო არის, თუმცა აქ არის ერთი საფრთხის განცდა, რომ ნარმანია მოიყვანს თავის გუნდს, აგრეთვე, არათბილისელებს და რომ თბილისი დარჩება არათბილისელების მმართველობის ქვეშ. რავიცი, ვნახავთ, არჩევნები რას მოიტანს. თუმცა, მაგალითად, სომხეთში იყვნენ ძალიან უკმაყოფილოები, რომ დიდი ხნის მანძილზე პრეზიდენტები და უმაღლესი ჩინოსნები იყვნენ ყარაბახელი სომხები, ანუ არაერევნელები. ეს დაძაბულობა იგრძნობოდა, თუმცა რამე სერიოზულში, ცხადია, არ გადაზრდილა.

და ამ შიშების საფუძველი რა არის?

ისევ ის – “ჩვენ” და “ისინი”. ის, ვინც რაიმე ნიშნით განსხვავდება ჩემგან, პოტენციურ საფრთხეს ატარებს, ზოგჯერ ძლიერს, ზოგჯერ სუსტს, ზოგჯერ რეალურს, ზოგჯერ არარეალურს, მაგრამ ყოველთვის ხდება ხოლმე ადამიანების გაერთიანება “ჩვენ” ნიშნით. მაგალითად, როცა რუსეთი დაგვიპირისპირდება, მთელი საქართველო “ჩვენ” გავხდებით. მაგრამ როდესაც არ არის ასეთი აშკარად გამოხატული “ისინის” მხრიდან საფრთხე, სხვა რამე ხდება. მაგალითისთვის, მე რომ კარგი ფული და გუნდი მომცე, შემიძლია გადავკიდო ერთმანეთს შავთვალება საზოგადეობა ცისფერთვალებას. იგივე პრინციპით. ვიტყვი, რომ ესენი არიან შემოგზავნილი აგენტები, უცხოპლანეტელები და ასე შემდეგ [იცინის], სავსებით რეალურია ამის გაკეთება.

თქვენთვის რა არის “თბილისელობა”, ბატონო გაგა, და ქალაქელობას და სოფლელობას რას უწოდებთ? ამას რაიმე ინდიკატორები აქვს?

ეს სხვა საკითხია ხომ?

რომელიც ასევე უკავშირდება ამ თემას.

კი, რა თქმა უნდა, უკავშირდება, იმიტომ, რომ სოფელს თავისი ქცევის ნორმები აქვს, თავისი წესები, პატარა ქალაქს კიდევ თავისი, დიდ ქალაქს -თავისი. დიდ ქალაქში არის გაუცხოება, დეინდივიდუალიზაცია, ნაკლები ურთიერთდახმარება გასაგები მიზეზების გამო – ეს უარყოფითს რაც შეეხება, მაგრამ დადებითიდან ისაა, რომ ქალაქიდან მოდის წინსვლა და ყველაფერი – ტექნიკური და სხვაგვარი პროგრესი, ცხადია.

თბილისელობა რა არის, გამიჭირდება ამის თქმა. და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვინც თავს ძალიან თბილისელად თვლის, იმათაც არ იციან რას ნიშნავს ეს. იმიტომ, რომ ვინც იწოდება ნამდვილ თბილისელად, ძალიან განსხვავებული ხალხია.

როგორი?

ნუ, ინტელექტით, მორალით, გარეგნობით, სხვადასხვა სპექტრია. აქ კიდევ არის უბნელობა- ძველი ვერელი, პლეხანოველი და ასე შემდეგ. ესეც, ყველაფერი ეს არის ისევ ”ჩვენ”- “ისინი” , “ჩვენ- ისინი”.

მე მახსოვს, მე დავამთავრე 51 -ე სკოლა და მემკვიდრეობითი ომი გვქონდა 58-ე სკოლასთან, სადაც ისეთივე ბავშვები სწავლობდნენ, როგორც ჩვენთან. აი, ეს ესაა- ჩვენ ჩვენი სკოლა გქვონდა, ის- იმათი.

აქედან რა არის გამოსავალი, ამ “ჩვენს” და სხვას” როგორ უნდა დააღწიონ თავი ადამიანებმა?

თუ ეს არ არის დესტრუქციული ხასიათის, არაფერი გამოსავალი, ისევ ნელ-ნელა მივეჩვევით ამას. ადამიანს მაინც ჭირდება ერთი-ორი თაობა მაინც, რომ მიიღოს სხვა გარემოს ქცევის წესები სრულად. იგივე, ვთქვათ, აქცენტი დაკარგოს, გაერიოს აქაურ საზოგადოებში და ასე შემდეგ. მანამდე, სამწუხაროდ, იქნება ასეთი, როგორც მინიმუმ ალმაცერი მზერები.

და ეს “აქცენტის დაკარგვა” აუცილებელია, რომ მიგიღონ?

აქცენტი ძალიან სერიოზული მარკერია პროვინციალობისა, არა მარტო საქართველოში, ცხადია.

და ასე “აქცენტის დაკარგვის” შემდეგ “მიღებას” მაინც შეიძლება ვუწოდოთ მიღება?

რა თქმა უნდა. ბაბუაჩემი ჩამოვიდა თბილისში გასული საუკუნის 20-იან წლებში, მამაჩემიც და მეც დავიბადეთ თბილისში. ჩემი მეზობლის მამა ჩამოვიდა, ისიც უკვე ნამდვილი თბილისელია. აი, ვინც ახლა ჩამოვიდა, ის მთლად ჯერ ვერ ითვლება. [იცინის]

მაგრამ ამაში თქვენი აზრით დიდი ტრაგედია არ არის?

თუ, რა თქმა უნდა, ეს არ გადაიზარდა უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში, ცხადია, მაგრამ ამის ნიშნები რაღაცა არ ჩანს.

და რა შეიძლება იყოს ასეთი სერიოზული დაპირისპირება?

ნუ, მაგალითად, 90-იან წლებში ჩემს უბანში გადმოსახლდა პროვინციიდან ერთი მდიდარი კაცი, რომელიც გაიტაცეს, ფეხი მოტეხეს და დიდი ფული გამოძალეს იმის გამო, რომ “ბიჭო, შენ ჩამოსული ხარ და იცოდე, სადა ხარ” . ეს ძალიან ცუდია, ცხადია. ანუ მხოლოდ ამ ნიშნით იყო ძალადობა და დისკრიმინაცია. იმედია, ახლა აქამდე არ მივა.

გაგა ნიჟარაძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი