კომენტარი

ანტიდისკრიმინაციული კანონი აღსრულების მექანიზმის გარეშე – ინტერვიუ ეკა აღდგომელაშვილთან

18 აპრილი, 2014 • • 1149
ანტიდისკრიმინაციული კანონი აღსრულების მექანიზმის გარეშე – ინტერვიუ ეკა აღდგომელაშვილთან

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შეტანილი ცვლილებების გამო ანტიდისკრიმინაციული კანონი ეფექტური ვერ იქნება. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

 

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში ძალიან მნიშნელოვანი იყო ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება. კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები, მის თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით, პირდაპირ შეეხო კანონის აღსრულების მექანიზმს. “თანასწორობის ინსპექტორის” თანამდებობის გაუქმება და მისთვის დაკისრებული უფლებების ომბუდსმენისთვის გადაბარება მოხდა იმ ფონზე, რომ დისკრიმინაციის ფაქტებზე რეაგირების ფუნქციები შეიკვეცა.

 

ამ ცვლილების მიხედვით ფუნქციები გაეზარდა ომბუდსმენს, თუმცა მას არ მიაყოლეს შესაბამისი ბიუჯეტი. სახალხო დამცველის ოფისი ფიზიკურად ვერ შეძლებს დამატებითი უფლებამოსილებების შესრულებას შესაბამისი ბიუჯეტის, შტატის გაფართოებისა და ახალი სპეციალისტების მოზიდვის გარეშე. ის ფუნქციები, რაც თავდაპირველი კანონპროექტის მიხედვით უნდა ჰქონოდა თანასწორობის ინსპექტორს, შერბილებულია და ახლა მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. ომბუდსმენს აღარ აქვს ის სადამსჯელო ფუნქცია, რაც  ინსპექტორს უნდა ჰქონოდა. გამოვა, რომ  რეკომენდაციების იმედზე უნდა ვიყოთ.

 

ჯარიმები, როგორც რეპრესირებისა და რეაგირების მექანიზმი, საერთოდ ამოღებულია და ეს ფაქტიც სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე კარგად მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციების ადრესატთა წრე გაფართოვდა და კერძო სექტორიც ჩაერთო ამაში, მე ვერ გეტყვით, რომ ეს ეფექტური მექანიზმი იქნება. მე რომ მკითხოთ, ამით პირიქით იქმნება საშიშროება იმისა, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.

 

ქალბატონო ეკა, მაგალითად, კონკრეტული ადამაინი, ვინც გახდება დისკრიმინაციის მსხვერპლი რაიმე ნიშნით, დაცვის რა გარანტიას სთავაზობს ეს კანონპროექტი, რომელსაც აქამდე არსებული კანონმდებლობა ვერ სთავაზობდა?

 

სიმართლე რომ გითხრათ, ბევრს არაფერს, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ისედაც ჰქონდა ომბუდსმენს. დიდად ეს ფუნქციები არ შეცვლილა. სამი ძირითადი პრინციპი არსებობს, რომელსაც ანტიდისკრიმინაციული კანონი ემყარება: 1. დისკრიმინაციის საფუძვლების ჩამონათვალი მაქსიმალურად სრული და ამომწურავი უნდა იყოს, 2. მტკიცების ტვირთი ბრალდებულს უნდა დაეკისროს და 3. უნდა არსებობდეს ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც შეძლებდა ბალანსის აღდგენას.

 

დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით დაემატა ერთადერთი – სტატისტიკა იქნება ნაწარმოები დისკრიმინაციის შემთხვევებისა, რომელიც არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში.

 

როგორც ვიცი, ასევე, დაემატა დისკრიმინაციის საფუძვლები, ჩამონათვალი გაიწერა იმისა, რა შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი. რაც მანამდე არ იყო?

 

კი, დაემატა, ჩამონათვალი უფრო სრულყოფილი გახდა, უფრო მვეთრად არის გაწერილი რაღაცები, მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის აღსრულების მექანიზმებზე პრაქტიკულად უარის თქმა.

 

მთავრობის არგუმენტი ასეთია, რომ საზოგადოება ჯერ მზად არ არის და გარკვეული ეტაპის განმავლობაში უნდა აუხსნან, რა არის დისკრიმინაცია და შემდეგ იფიქრონ რეპრესიული მექანიზმის შემოღებაზე. რას უპასუხებდით ამ მოსაზრებას?

 

ნამდვილად არ ვიზიარებ ამ არგუმენტს. როგორც წესი, პირიქით ხდება. დისკრიმინაციას სახელმწიფო უნდა აღიქვამდეს, როგორც სერიოზულ საფრთხეს და აცნობიერებდეს იმას, რომ დისკრიმინაცია ნამდვილად სერიოზული დანაშაულია. რეპრესიულ ფუნქციაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს გულისხმობს იგივე  სადამსჯელო მექანიზმის ლეგიტიმაციას, რომელიც სახელმწიფოს აქვს.

 

საქმე ისაა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო აცნობიერებს დისკრიმინაციის პრობლემას და სერიოზულობას და მეტნაკლებად მოგვარებული აქვს ეს საკითხი, არის ხოლმე შერბილებული ფორმა. ერთი მხრივ, ასეთი ტიპის დანაშაულზე ყოველთვის ხდებოდეს რეაგირება და, მეორე მხრივ, სასჯელი არ იყოს ძალიან მკაცრი. ანუ იქ პირუკუ ხდება: აღებულია საშუალო კანონის სიმკაცრესა და არსებულ რეალობას შორის.

 

ჩვენთან, არაფრის ფონზე, კიდევ ასეთი რბილი მექანიზმების შემუშავება, კიდევ უფრო გაუგებარია და არ აქვს გამართლება. პირიქით, მკაფიოდ გამოხატული ნება უნდა იყოს სახელმწიფოსი, რომ აღიარებს ამ საკითხს და ამ პრობლემის მნიშვნელობას.

 

იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის თქვენთან. გაითვალისწინა არასამთავრობების შენიშვნები, თუმცა მთავრობამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომელსაც არასამთავრობოები არ იწონებთ. როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა მთავრობამ გადაწყვეტილება?

 

ვერ გეტყვით კონკრეტულად. ძალიან ძნელია ასე, ვარაუდების დონეზე ისაუბრო იმაზე, რა საფრთხე შეიძლება დაენახა პარლამენტს ან მთავრობას ამ კანონპროექტში. გარკვეული შიშები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ გაუჭირდებოდათ ამ კანონის პროექტის მიღება. მახსოვს, რომ თითქმის ყველა შეხვედრა შარშან იწყებოდა ხოლმე იმის განმარტებით, რომ ამ კანონს არ შემოაქვს არანაირი დამატებითი უფლებები და ეს უბრალოდ არსებული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებასა და ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ხელს შეუწყობს და ასე შემდეგ.

 

თუ ჩაგაყენეს საქმის კურსში მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა ამ კანონპროექტზე მუშაობამ, თუ გქონდათ კონტაქტი მთავრობის ადმინისტრაციასთან?

 

არა. დეკემბრის ბოლოს არასამთავრობოებს კანონპროექტის ვერსია წარუდგინეს და დასახელებული იყო იანვრის დასაწყისი, როდესაც კანონპროექტი უნდა შესულიყო პარლამენტში. დანარჩენი სხვა წყაროებისგან შევიტყვეთ, რომ იუსტიციის სამინისტროს მაგივრად კანონპროექტზე  მთავრობა მუშაობდა და მხოლოდ მთავრობის შემდეგ უნდა გადასულიყო პარლამენტში დასამტკიცებლად. ამ ხნის განმავლობაში წვდომა დოკუმენტზე უკვე აღარ გვქონდა. მე ვისაც ვიცნობ, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ჰქონდა წვდომა დოკუმენტზე.

 

მთავრობის უკან დახევას ხომ არ მიანიშნებს ის ჩანაწერი, რომელიც გაჩნდა კანონპროექტში, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას?

 

სამწუხაროდ, ეკლესია არ არის ერთადერთი ძალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის მიღებას. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტშიც მრავლად არიან ის ადამიანები, ვინც იზიარებს და ვისაც იგივე აზრი აქვს. თუმცა ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი