პრემიერის ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, სადაც განმარტებული იქნება, რომ ქორწინება არის კაცსა და ქალს შორის ერთობა, არის თუ არა ჰომოფობიური და ლგბ თემისთვის დისკრიმინაციული?
ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჰომოფობიურად შეიძლება ჩაითვალოს. ის, რომ ორ რამეს უკავშირებენ ერთმანეთს: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, რომელიც არის ყოვლისმომცველი და რომელიც ჩამონათვალში ცხადად და დაზუსტებით მოიცავს დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძვლებს შორის სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას, და ამავდროულად კონსტიტუციაში შეგაქვს ცვლილებები, ცოტა გაუგებარია. ერთი ნაბიჯი წინ უნდა გადადგა და ორი ნაბიჯი უკან. ასეთი არის ჩვენი ხელისუფლების მოქმედება.
ვუსმინე კიდევაც პრემიერის გამოსვლას. აქ იყო კიდეც საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ კანონის ინტერპრეტირება შეიძლება მოახდინოს არასწორად. ეს არ შეიძლება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საბაბი გახდეს.
თეა წულუკიანმა მიანიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით მეორდება ის, რაც საკანონმდებლო აქტებში უკვე წერია. რას შეცვლის შეთავაზებული ცვლილება?
კონსტიტუცია და კანონი არ არის ერთი რანგის დოკუმენტი. კონსტიტუცია მაღლა დგას კანონზე. როგორ შეიძლება მიიღო ‘ანტიდისკრიმინაციული კანონი” და ამ დროს მაღლა მდგომ დოკუმენტში ჩაწერო ისეთი რაღაც, რაც შეიძლება გახდეს დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი?
შეიძლება კანონი ან კონსტიტუცია არ იყოს გამოკვეთილად დისკრიმინაციული, მაგრამ არც საკმარის საფუძველს ქმნიდეს იმისთვის, რომ ჩამოთვლილი დისკრიმინაციის აკრძალვა უზრუნველყოს.
ყველა ის შეხვედრა, რომელიც შედგა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე მუშაობის პერიოდში, იუსტიციის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი შეხვედრა მოაწყო, რომ გახსნილიყო საჯარო სივრცე ამ კანონპროექტზე სალაპარაკოდ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ არასაკმარისი, როგორც აღმოჩნდა. უფრო სხვაგან იყო პრობლემები და არა იმ ჯგუფებთან, რომლებსაც ხვდებოდნენ.
მთავრობას გულისხმობთ?
პარლამენტს ვგულისხმობ, სადაც უნდა განიხილონ და მიიღონ კანონპროექტი. ყოველთვის იწყებდნენ იმითი, რომ ეს კანონი არ ქმნიდა დამატებით, ახალი ტიპის უფლებებს, რაც იყო გათვალისწინებული ჩვენი კანონმდებლობით. ასეთი განმარტებები, რაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ჯობდა გაეკეთებინა პარლამენტში იმათთვის, ვინც ასე ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას.
ფიქრობთ, რომ პრემიერის ამ ინიციატივის მიზანი ისაა, რომ “ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის” მიღების მომხრეები გაიჩინოს?
მე ასე ვფიქრობ. მით უმეტეს, ეს ორივე ერთად იყო განხილული და ზუსტად ერთიან კონტექსტში მოიხსენია პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში. პრაქტიკულად ასე გამოვიდა მისი ნათქვამიდან:
“რადგან შესაძლოა იყოს განსხვავებული მიდგომები, არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება, გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა” (ამონაირიდი პრემიერის დღევანდელი გამოსვლიდან).
თვითონ უკავშირებს პრემიერ-მინისტრი. ეს არ არის ჩემი ვარაუდი. იმის გამო, რომ ანტიდისკრიმიანციული კანონის მიღებას არ შეხვდეს წინააღმდეგობა პარლამენტში, გამოდიან ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ასეთი ცვლილება.
თვქენი აზრით, პრემიერმა პარლამენტის წევრების მიმართ გადადგა ეს ნაბიჯი, თუ პარლამენტს გარეთ არსებული ჯგუფებისთვისაც?
მუდმივად არის ლაპარაკი, რომ ამ კანონპროექტს შეხვდებოდა წინააღმდეგობა არა მხოლოდ პარლამენტში მიღების დროს. ყველა საკითხი, რომელიც შეეხება სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას ჩვენს ქვეყანაში, არის პოლიტიზაციის, სპეკულაციის საგანი. არც არის გამორიცხული, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს შეეძლოთ ამ თემით სპეკულირება. საპასუხო ნაბიჯი რაც გადადგა ხელისუფლებამ, იყო სრულიად არაადეკვატური.
მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, როგორიც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა, შეეძლო ამ თემით სპეკულირება. ისინი ცალსახად უკავშირებენ ამ “საფრთხეს” ევროკავშირში გაწევრიანებას, ასეთი პოლიტიკური კონტექსტი არის ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება მოელოდე ხელისუფლებისაგან, რომელიც დეკლარირებულად აცხადებს, რომ ის არის ევროპული სივრცის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ფარატინა ქაღალდი. ევროპული სივრცე არის გარკვეული ფასეულობები და გარკვეული ვალდებულებები, რაც უნდა გამოიხატებოდეს კიდეც და არ უნდა რჩებოდეს დეკლარირების დონეზე.
ეს გვიჩვენებს გლობალურ პრობლემას, რომელიც მუდმივად გვაქვს ყვეყანაში, რომ მთავრობა დეკლარირებულად ცდილობს წავიდეს ევროპისაკენ, მაგრამ არაფერი არ ხდება იმისათვის (კანონების ჰარმონიზაციას არ ვგულისხმობ), რომ რეალურად მოხდეს ცვლილებები. ეს ცვლილებები უკავშირდება პოლიტიკური ნების არსებობას ქვეყანაში.
