კომენტარი

ორგანიზაცია, რომელიც ტელეკომპანიების რეიტინგებს იკვლევს, განცხადებას ავრცელებს

26 მარტი, 2014 •
ორგანიზაცია, რომელიც ტელეკომპანიების რეიტინგებს იკვლევს, განცხადებას ავრცელებს

“შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ მიერ წარმოებული კვლევის გამართულობის შესახებ სხვადასხვა მედიაში გავრცელებული არასწორი შეფასებების და ფაქტების დამახინჯების გამო გვსურს გავაკეთოთ განცხადება, ვინაიდან ზიანი ადგება კომპანიის რეპუტაციასა და იმიჯს, რაც კვლევითი კომპანიის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს.

 

ჩვენს მიერ ჩატარებული სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის გამართულობა, მეთოდოლოგიასთან შესაბამისობა და სანდოობა არაერთხელ შეამოწმა საერთაშორისო აუდიტმა. ოთხივე საერთაშორისო დამოუკიდებელმა აუდიტმა დაადასტურა კვლევის სანდოობა. 2013 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით რიგით მეოთხე აუდიტი განახორციელა კომპანიამ ინგლისიდან Helen Harrison & Company, აუდიტორი დაიქირავა USAID-ის მიერ დაფინანსებულმა IREX G-MEDIA პროგრამამ ქართული სატელევიზიო და სარეკლამო ინდუსტრიის მოთხოვნის საფუძველზე. აუდიტმა დაადასტურა, რომ მეთოდოლოგია, რომელსაც იყენებს თი-ვი ემ-არ საქართველო, სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და GGTAM (სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო ნორმატივები) ნორმატივებთან. ამასთანავე, თი-ვი ემ-არ საქართველო ახორციელებს სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებს დეკლარირებული საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად. 

 

კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“ აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერ დროს მიიღოს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტი კვლევის გამართულობის შესასწავლად, დამკვეთი კომპანიების ან ნებისმიერი მესამე მხარის მოწვევით. კომპანია გადასცემს საერთაშორისო დამოუკიდებელ აუდიტორს სრულ ინფორმაციას კვლევის წარმოების ყველა ეტაპის შესახებ, როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებითაა მოთხოვნილი და როგორც აქამდე ხორციელდებოდა ყველა საერთაშორისო აუდიტით, რომელიც კომპანიას ჩაუტარდა.  გარდა ზემოთ აღნიშნულისა, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე გარემოებაზე, რომელიც არასწორი კუთხით და დამახინჯებული ინტერპრეტაციით ვრცელდება მასობრივი მედიის საშუალებებით და ნათელი მოვფინოთ რეალურ მდგომარეობას:


1. კომპანიამ საგადასახადო ორგანოს  არ გადასცა კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ერთი მიზეზით:მას აქვს აღებული ვალდებულება როგორც კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, ასევე მის დამკვეთებთან (სატელევიზიო და სარეკლამო კომპანიებთან), რომ არ გაახმაურებს კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციას ნებისმიერ მესამე პირზე, ხოლო მსგავსი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს კვლევაში მონაწილე ოჯახები. თუ მოხდება კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის სრულად და ერთბაშად გადაცემა, მაშინ კომპანია ვალდებული იქნება ჩაანაცვლოს გამჟღავნებული ოჯახების სია ახალი ოჯახებით, რისთვისაც საჭიროა ჩაატაროს წინმსწრები საბაზისო კვლევა დასარეკრუტირებელი ოჯახების ათმაგ ოდენობასთან (ანუ 3570 ოჯახთან)  და მიღებული შედეგებიდან  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არეკრუტიროს ახალი ოჯახები. შერჩევის ასეთი წესის დაცვა აუცილებელია კვლევის სანდოობის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შენარჩუნებისთვის. ეს კი სერიოზულ ფინანსურ და დროით რესურსებს მოითხოვს და კომპანიის სრულფასოვან საქმიანობას მინიმუმ 5-6 თვით შეაჩერებს. ეს მაშინ, როცა საგადასახადო ორგანოს პირდაპირ ევალება საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად საგადასახადო კონტროლის განხორციელების პროცესში თავიდან აირიდოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის არათუ შეჩერება, ჩვეული საწარმოო რიტმის შეფერხებაც კი.


2. კვლევა მიმდინარეობს საქართველოს ქალაქებში, სადაც მოსახლეობა აღემატება 45000-ს, კერძოდ- თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, გორში და ფოთში.  კვლევაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ხდება საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს მონაწილე ოჯახების პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა მსოფლმხედველობრივი კრიტერიუმებით შერჩევას. შერჩევა ხორციელდება მხოლოდ სოციალურ-დემოგრაფიული ნიშნებით და ოჯახი ერთვება კვლევაში მისი ყველა წევრის თანხმობის შემთვევაში.


3. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფიფლმეტრები შეძენილია აირექსის მიერ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ფიფლმეტრები შეძენილია კომპანიის სახსრებით, მხოლოდ საკუთარი შემოსავლების ხარჯზე, ამის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული აქვს საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტს და ეს ინფორმაცია ასევე დასტურდება საბაჟო დეკლარაციებით.

 

4. მცდარია ასევე ინფორმაცია, თითქოს საკვლევი პანელი შედგება სულ 35 ოჯახისაგან, მიმდინარე ეტაპზე კვლევაში მონაწილეობს 357 ოჯახი. ოჯახების არსებობა ასევე დაადასტურა ბოლო საერთაშორისო აუდიტმა და ინფორმაცია მათ შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი  საერთაშორისო აუდიტისათვის. აქვე განვმარტავთ, რომ კომპანიის ბალანსზე მიმდინარე ეტაპზე ირიცხება ორი სხვადასხვა მოდელის  (ჯამში 622) ფიფლმეტრი.

 

5. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უყურადღებოდ გვაქვს მიტოვებული მოწყობილობები ოჯახებში და სწორად არ ვახდენთ მიღებული შედეგების ანალიზს და რომ ფიფლმეტრი იწვევს ტელევიზორის დაზიანებას. ფიფლმეტრი არ აზიანებს ტელევიზორს, იგი ტელეყურების პროცესში ამოიცნობს სატელევიზიო სიხშირეებს და ამ მონაცემებს გადასცემს სერვერს. მონაცემთა წარმოების პროცესი იმგვარადაა აწყობილი, რომ კვლევაში ჩართული ოჯახებიდან 90%-ზე ნაკლები ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მონაცემები არავალიდურია და ვერ მიეწოდება დამკვეთებს, შესაბამისად, კომპანია მუდამ ზრუნავს დამონტაჟებული მოწყობილობების გამართულობაზე და ყოველდღიურად ახდენს დაზიანებული მოწყობილობების რემონტს.

 

6. მცდარია ინფორმაცია, თითქოს კომპანია ჩუქნის კვლევაში მონაწილე ოჯახებს ტელევიზორებს, უდგამს გენერატორებს, უსხამს საწვავს გენერატორისათვის და უხდის ყოველთვიურ ხელფასებს.  კვლევაში მონაწილე ოჯახებს წელიწადში ერთხელ გადაეცემათ სტანდარტული და მცირე ღირებულების საჩუქრები  და სხვა არანაირ გასამრჯელოს არ იღებენ კომპანიისაგან. ისინი  ჩვეულ რიტმში აგრძელებენ ტელეყურებას, როგორც ეს კვლევაში ჩართვამდე ხდებოდა.

 

შპს „თი-ვი-ემ-არ საქართველო“ აპირებს დაიცვას საკუთარი რეპუტაცია და უფლებას იტოვებს მის მიმართ ნებისმიერი არასწორი და დამახინჯებული ფაქტის გავრცელებისა და ცილისწამების შემთხვევაში მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ჩათვლით,”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი