კომენტარი

გურამ ოდიშარია: აუცილებლად უნდა შეიქმნას საყდრის-ყაჩაღიანის მუზეუმი

25 მარტი, 2014 • • 1530
გურამ ოდიშარია: აუცილებლად უნდა შეიქმნას საყდრის-ყაჩაღიანის მუზეუმი

საყდრისი… მასთან დაკავშირებული პრობლემები, მიზეზთა და მიზეზთა გამო, იმდენად დრამატულია, რომ ამ თემაზე მხატვრული ფილმის გადაღებაც, სპექტაკლის დადგმაც, საინტერესო წიგნის დაწერაც შეიძლება; მაგრამ მთავარი სხვა რამეა – საყდრისი, რომელიც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას თვალითაც არ უნახავს, ზოგისთვის საკაცობრიო მნიშვნელობის ძველთუძველესი ოქროს მაღაროა (ეგვიპტურ ოქროს საბადოებზე 10 საუკუნით ძველი), ზოგისთვის – ჩვეულებრივი არქეოლოგიური ძეგლი, რომლის მსგავსი საქართველოში რამდენიმეა (რაჭა, სვანეთი); ვიღაცეებისგან მსმენია, რომ საყდრისი – საყდარია და რელიგიურად განიხილავს ამ საკითხს, ძალიან ბევრს კი ეს თემა საერთოდ არ აღელვებს.

 

ისტორიის, დროის რომელიღაც მონაკვეთში ხანდახან ასეც ხდება – მთავარი ის კი არ არის, რამდენად რეალურია თუ მცდარია ფაქტები, არამედ მთავარია, როგორ აღიქმება, როგორ განიცდება ის ფაქტები ადამიანების მიერ, როგორ უფორიაქებს მათ სულს, როგორ აღიბეჭდება მათ გონებაში. მერე, ერთ დროს, ყველაფერი ლაგდება, მაგრამ ისტორია მათემატიკა როდია, სადაც ორჯერ ორი მარად ოთხია. გარდა ამისა, საქმე იმაშია, რომ თითოეული ჩვენთაგანი საკუთარი, ინდივიდუალური ისტორიის მატარებელიცაა.

 

სწორედ ამიტომაც საყდრისი პოლარულად ყოფს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.


რამდენიმე თვის განმავლობაში საყდრისის საკითხის გადაწყვეტამ იმდენი ენერგია და დრო მოითხოვა, რომ დროგამოშვებით ჩვენი (მხედველობაში მაქვს კულტურის სამინისტრო) მუშაობის დინამიკაზე უარყოფითად ზემოქმედებდა კიდეც.


ერთ დროს საყდრისზე, რა  თქმა უნდა, ვრცლად დავწერ, ახლა კი, როგორც შევთანხმდით, ქრონოლოგიური ტექსტით შემოვიფარგლები. გარდა ამისა, ვფიქრობ, ამ თემას რამდენიმე აისბერგიც აქვს, მათ ამოხსნა სჭირდება.

 

საყდრისთან დაკავშირებული მოკლე ქრონოლოგია ასეთია:


შარშან საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა ერთ-ერთმა კომპანიამ (RMG), დაევალებინა შესაბამისი უწყებისთვის საყდრის-ყაჩაღიანის საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება. კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას, საკუთარი სახსრებით გადაეტანა ძეგლი (უფრო ზუსტად, მისი ფრაგმენტები) და შესაბამის ლანდშაფტურ სივრცეში, კერძოდ, ბოლნისის რაიონში, მუზეუმი მოეწყო.


იმ და მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ეკონომიკის  სამინისტროს კუთვნილებაა, ხსენებული კომპანია მოიპოვებს ოქროს. მას 1994 წლიდან გააჩნია შესაბამისი ლიცენზია. იმ დროისათვის კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების არეალი მაქსიმალურად მიუახლოვდა საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს.

 

წერილი კანცელარიიდან სამინისტროს  2013 წლის მაისში გადმოეგზავნა. შეიქმნა 11-კაციანი, ძირითადათ მეცნიერებისაგან შემდგარი კომისია. კომისიის წევრები რამდეჯერმე ჩავიდნენ საყდრისში, შეისწავლეს მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია. მუშაობის პროცესში მოწვეულ იყვნენ ექსპერტები: გეოლოგიის, საინჟინერო გეოლოგიის, მასალათა გამძლეობისა და მეტალურგიის მიმართულებით.


მაშინ რამდენჯერმე შეიკრიბნენ კომისიის წევრები, კომპანიის წარმომადგენლები და ის ქართველი არქეოლოგები, რომლებიც გერმანელებთან ერთად, თომას შტოლნერის ხელმძღვანელობით 9 წლის განმავლობაში საყდრისის კვლევას აწარმოებდნენ. მათთან ორ შეხვედრას მეც დავესწარი და მომეჩვენა, რომ კომპანიის წარმომადგენლებსა და არქეოლოგებს შორის ძალიან საქმიანი დიალოგი წარიმართა. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ძეგლის დაცვაც და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაც სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა და კომისიამ დაიწყო „ოქროს შუაგულის“ ძიება.


2013 წლის 28 ივნისს კომისიამ დაასკვნა, რომ საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე უძველესი მაღაროს არსებობის მეცნიერული დასაბუთება შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს და არ იყო დამაჯერებელი. კომისია ამტკიცებდა, რომ ბევრად ეფექტური იქნებოდა მუზეუმის მოწყობა ოქროს მოპოვების ადგილის სიახლოვეს, სადაც გადატანილი იქნებოდა მაღაროს ფრაგმენტები, იქ აღმოჩენილი არტეფაქტები (გადატანა-მოდელირება).

 

მეტად საყურადღებო ფაქტი: კომისიამ ვერსად მოიძია ის დოკუმენტები, რომელთა მიხედვით 2006 წელს საყდრის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვერც ის ქაღლადები მოიძია და ვერც მათი ჩაბარების, რეგისტრაციის კვალს მიაგნო. ვერც იმდროინდელი (2006 წლის) კომისიის წევრებმა გაიხსენეს საყდრის-ყაჩაღიანის თემის განხილვის პროცესი.

 

საყდრის-ყაჩაღიანი, როგორც ძეგლი, ჩვენი ცნობილი ძეგლების ნუსხის ბოლოში იყო მიწერილი, იქ, სადაც, ფაქტობრივად, არც უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდში სსრკ-ს დროინდელ  სტატუსმინიჭებულ ძეგლებს საქართველოში ახალი პასპორტიზაცია უტარდებოდა.


აქვე ხაზგასმით მინდა განვაცხადო – მასმედიაში ხშირად აღნიშნავენ, რომ საყდრის-ყაჩაღიანს 2013 წლის ივნისში ძეგლის სტატუსი გააუუქმდა, რაც სიმართლე არ არის. კი არ გაუუქმდა, არამედ შეუჩერდა ის იურიდიული აქტი, რითაც 2006-ში არაკანონიერად, ყოველივე დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე მიენიჭა სტატუსი. კანონის მიხედვით კი, ძეგლს სტატუსი მაშინ გაუუქმდება, როდესაც ის იშლება, ინგრევა, მისი აღდგენა შეუძლებელი ხდება, როცა კარგავს ის თავის პირვანდელ მნიშვნელობას. წესით სტატუსის მოხსნის საკითხს იხილავს შესაბამისი საბჭო და მხოლოდ შემდეგ წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად. საყდრის-ყაჩაღიანთან მიმართებაში ეს პროცედურები არ ჩატარებულა, იმიტომ რომ ამის არავითარი აუცილებლობა  არ იყო…

 

დღესაც ვფიქრობ, ნეტავ ვის დასჭირდა მაშინ ძეგლისთვის სასწრაფოდ დაემტკიცებინა სტატუსი? თანაც კანონდარღვევით? ინტუიციით ვგრძნობ, ამის სერიოზული მიზეზი ნამდვილად არსებობდა.


ისე, როგორც სამინისტროს ძველმა თანამშრომლებმა  მითხრეს – 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ საყდრისი-ყაჩაღიანის სტატუსის გაუქმებას, მაგრამ ვერ მოასწრეს.

 

11-კაციან კომისიაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა – ზოგიერთს მიაჩნდა, რომ საყდრის-ყაჩაღიანში, შესაძლოა, უძველეს დროს ოქროს მოიპოვებდნენ (ოღონდ არა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, თანაც არა IV ათასწლეულში). მათი უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ შესაძლოა, მოიპოვებდნენ სპილენძს და არა ოქროს; რომ თვალით უხილავი ოქროს მოპოვება მაშინ შეუძლებელი იყო და ა.შ.


საყდრის-ყაჩაღიანში ორჯერ ვიყავი. მოვიარე ბორცვი. როგორც ნებისმიერმა მნახველმა, მეც გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჭრილი შტოლნიდან შევაღწიე მის მიწისქვეშა სივრცეში. კოლეგებთან ერთად ვცდილობდი, სხვა, ახალი  ხედვით მეპოვნა გამოსავალი.

 

გასული წლის ივნის-აგვისტოში არქეოლოგებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. მათ შორის, ასე თუ ისე, ნორმალურად დაწყებული დიალოგი საბოლოოდ ჩაიშალა. კომისიის დასკვნის, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულების პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და კურატორ-მოადგილის ვიზირებული თანხმობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გერმანელ და ქართველ არქეოლოგებს კვლევის ჩატარების ვადა 15 სექტემბრამდე გაუგრძელდებოდათ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ მნიშვნელოვან თემაზე კი არა, თითქმის უმნიშვნელო საკითხებზეც ერთპიროვნული გადაწყვეტილება არასოდეს მიმიღია.

 

კომისიის წევრებმა წარმოადგინეს მუზეუმის პროექტი. მუზეუმის, სადაც უნდა განლაგებულიყო საყდრის-ყაჩაღიანის ფრაგმენტები და არტეფაქტები, წარმოჩენილიყო ამ ობიექტის ისტორია სრული შესწავლა-კვლევის შემდეგ. ასევე წარმოადგინეს სხვადასხვა სახის ძეგლთა გადატანის მსოფლიოში ცნობილი მაგალითები.


ზაფხულში სამინისტროსთან მოეწყო რამდენიმე მიტინგი (ზოგს საყდრისის დამცველები აწყობდნენ, ზოგსაც – კომპანიის მუშა-მოსამსახურეები); გაზეთებში იწერებოდა ერთმანეთის საწინააღმდეგო წერილები.

 

ასევე ვღებულობდით წერილებს უცხოეთიდან და ქართველი მეცნიერებისაგან. ეს წერილები ხელისუფლებას მოუწოდებდა, დაეცვა საყდრისი.

 

აშკარად ჩანდა, რომ საყდრის-ყაჩაღიანის პრობლემა არ იყო და არც არის მარტო ერთი უწყების საქმე – კულტურის სამინისტრო მხოლოდ თავის სეგმენტს განაგებს. აქ სხვა უწყებების კონკრეტული ინფორმაციების და პოზიციის ცოდნაა საჭირო. საზოგადოებამ ნათლად უნდა იცოდეს – რა სარგებელი მოაქვს კომპანიას ქვეყნის ეკონომიკისათვის, რამდენი ადამიანია დასაქმებული, რა შეიძლება მოხდეს, თუ იქ ძვირფასი მადნის მოპოვება საერთოდ შეწყდება და ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ, გაამწვავებს თუ არა ეს დემოგრაფიულ პრობლემას, ირღვევა თუ არა იქ მომუშავე ადამიანის უფლებები, დაცულია თუ არა იქაური გარემო, საყდრის-ყაჩაღიანთან მიმართებაში რა ვითარებაა დიპლომატიურ სარბიელზე, როგორი პასუხი უნდა გავცეთ უცხოელთა წერილებს და ა.შ. და ა.შ.

 

ამ განხრით კულტურის სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა საკითხზე წვდომის საშუალება და, რა თქმა უნდა, კომპენტეცია ძალიან შეზღუდული იყო და არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერს ვკითხულობდი, ვხვდებოდი, ვესაუბრებოდი სპეციალისტებს, ვსწავლობდი მეცნიერებისაგან, ოღონდ რა თქმა უნდა, მათთან პოლემიკაში არ შევდიოდი. რამდენჯერმე მოვიწვიე მრგვალი მაგიდა. ერთ-ერთს 100-ზე მეტი მეცნიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი ესწრებოდა. თომას შტოლნერსა და მისი ექსპედიციის წევრებს ორჯერ შევხვდი.

 

იმ დროს, ზაფხულში, კიდევ ერთი გაუგებრობა მოხდა – მიზეზთა გამო (ოღონდ არა ჩვენი მიზეზით) თომას შტოლნერსა და მის გუნდს რამდენიმე დღით შეუფერხდათ ობიექტზე კვლევის გაგრძელების უფლება. ამიტომაც ჩემი განკარგულებით გერმანელ და ქართველ სპეციალისტებს საყდრის-ყაჩაღიანის კვლევის ვადა 2013 წლის 1 ოქტომბრამდე გავუგრძელე. სამწუხაროდ, მათ კვლევის ეს დრო არ გამოიყენეს და, ფაქტობრივად, მხოლოდ 5 სექტემბრამდე იმუშავეს.

 

ჩემთვის ამ პრობლემის გადაჭრის „ოქროს კვეთა“ მდგომარეობდა იმაში, რომ შესაძლებელი გამხდარიყო საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროს შენარჩუნება ისე, რომ ამას ოქროსმომპოვებელთა საქმიანობისათვის ხელი არ შეეშალა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტებთან ერთ-ერთი შეხვედრისას აკადემიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს შესაძლებელია. იმ შეხვედრამ იმედი შემმატა.


დავუკავშირდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. პრემიერ-მინისტრი ძალიან დაინტერესდა ამ საკითხით და გადაწყვიტა, თათბირი გაემართა. 2013 წლის 26 სექტემბერს პრემიერი შეხვდა მეცნიერებათა აკადემიის წევრებს, არქეოლოგებს, ეროვნული მუზეუმისა და კომპანიის წარმომადგენლებს. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება. აკადემიკოსებმა განაცხადეს, რომ საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის შენარჩუნება და იქ პარალელურად სამუშაოების წარმოება ძალიან გართულდება, დაიკარგება ძვირფასი ლითონის დიდი ნაწილი. ანუ „ოქროს კვეთა“ არა და არ გამოდიოდა.

 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ:


  1. მომხდარიყო საყდრისის ობიექტის საბოლოო არქეოლოგიური შესწავლა, შესწავლის შედეგების განხილვა და მათ საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კომპანიის მიერ ტერიტორიის შემდგომში ათვისების თაობაზე.
  2. მეცნიერებათა აკადემიას დაევალა განეხორციელებინა არქეოლოგიური კვლევის მონიტორინგი და სამეცნიერო-მეთოდოლოგიური ზედამხედველობა.
  3. შესწავლის დამთავრებისა და შედეგების წარდგენის შემდეგ, თუ არ გამოვლინდებოდა რაიმე ახალი ფაქტები ან გარემოებები, კომპანიას მიეცემოდა აღნიშნული ტერიტორიის ათვისების უფლება, ხოლო ტერიტორიაზე არსებული ღირებული არქეოლოგიური არტეფაქტები ტერიტორიიდან გადატანილი და განთავსებული იქნებოდა სამუზეუმო სივრცეში.


მოკლედ, დაიწყო ობიექტის ახალი კვლევის ეტაპი, რომლის შემდეგაც ახალი გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო მიღებული.

 

მეცნიერებათა აკადემიაში დაიგეგმა ორთვიანი საქმიანობის გეგმა.

 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 7 ოქტომბერს საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიას მოეხსნა არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსი, ობიექტს მაინც იცავდა კანონი.


2013 წლის დეკემბრის დასაწყისში მეცნიერებათა აკადემიამ გადმომოგვიგზავნა დასკვნა, რომლის მიხედვით დასტურდებოდა, რომ არქეოლოგიური კვლევა მაღალ დონზე იყო ჩატარებული და ექსპედიციის მუშაობასთან შენიშვნა არ გააჩნდათ; რომ ტერიტორია ისტორიული არტეფაქტების არსებობის თვალსაზრით სტერილური იყო და არანაირი ღირებული არტეფაქტი ან ახალი გარემოება არ გამოვლენილა, და, საბოლოო ჯამში, სამუშაოები დადებითად იქნა შეფასებული.

 

2013 წლის 9 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, როგორც არქეოლოგიური ნებართვის გამცემმა ორგანომ, ჩაიბარა გაწეული სამუშაოები (ანგარიში, დასკვნა), რითაც დაადასტურა, რომ არქეოლოგიური კვლევა სათანადო დონეზეა ჩატარებული და სააგენტოს შენიშვნები არ გააჩნია.


იმავე პერიოდში დასკვნაზე ერთ-ერთმა ხელმომწერმა აკადემიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ობიექტი ძალზე მნიშვნელოვანია და საჭიროა ყურადღების გამახვილება მიწისქვეშა არქეოლოგიაზე. იყო სხვა ინტერვიუებიც და წერილებიც.  გვწერდნენ ჩვენც.

 

ამიტომაც 2014 წლის 13 იანვარს კომპანიას გადაეგზავნა ჩემს მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციული აქტი, რომლის მიხედვითაც კომპანიას არასრულყოფილად წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიზეზით,  უარი ეთქვა სამუშაოების გაგრძელებაზე.


იანვარშივე კომპანიამ საჩივრით მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას და მოითხოვა 13 იანვრის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

 

2014 წლის 20 თებერვალს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი 13 იანვრის აქტი და სამინისტროს დაევალა, ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება.

 

სამინისტროდან საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით არსებული მასალები შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის გადაეგზავნა საქართველოს კულტურული მემკვიდრებოის დაცვის სააგენტოს.

 

სააგენტომ თავისი დასკვნა 2014 წლის 7 მარტს წარმოადგინა. დოკუმენტი ეყრდნობოდა 2013 წლის მაისში შექნილი კომისიის დასკვნას და კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, 2013 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე განხორციელებულ ორი სამეცნიერო ექსპედიციისა და მონიტორინგის ანგარიშებს.

 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო (ვხედავ, დიდი პოსტი გამომდის), ქვემოთ მივუთითებ საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებით 2014 წელს მიღებულ აქტებს (იხილეთ თანდართული ფაილები). 

 

ამ დოკუმენტებით ბევრად დეტალურად გაეცნობით საქმის ვითარებას, თუმცა ამ თემას ბევრი სხვა ნიუანსიც უკავშირდება, მაგრამ მათზე საუბარი დიდ დროს მოითხოვს.

 

ვფრთხილობდი, ვჭოჭმანობდი, დიდხანს ვფიქრობდი, რა გადაწყვეტილება მიმეღო, რაზე მომეწერა ხელი ან, საერთოდ, მომეწერა თუ არა…

 

იანვარში პრემიერ-მონისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია თითქმის იმავე შემადგენლობის კრება, როგორიც შარშან – ბიძინა ივანიშვილმა. რითაც ერთხელ კიდევ გაესვა ხაზი იმას, რომ მთავრობის ხელმძვანელებმა ამ საკითხს დიდი ყურადღება დაუთმეს. იანვრის თათბირზე მეცნიერების ნაწილმა განაცხადა: ჩვენ ვიცავთ საყდრისს, მაგრამ საყდრისთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, რას ვიზამთ, დავეთანხმებითო. მეორე ნააწილმა კი ხაზი გაუსვა – საყდრისი არ არის მნიშვნელოვანი ძეგლიო.

 

იმ მეცნიერების განცხადებამ (რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ საკითხში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა გადამწყვეტიო) სხვა თათბირები გამახსენდა: თუ რომელიმე უწყების ხელმძღვანელს (ვთქვათ, ენერგეტიკის მინისტრს) რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოჰქონდა განსახილველად, რომლის გადაჭრა, ვთქვათ, ხეების გაჩეხვას უკავშირდებოდა, გარემოს დაცვის მინისტრი მის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა (გასაგები მიზეზების გამო – ის ხომ გარემოს დაცვის მინისტრია), მაგრამ საბოლოო მაინც მინისტრების საერთო გადაწყვეტილება, ანუ სახელმწიფო, გუნდური გადაწყვეტილება იყო. ეს მაშინ ხდება, როდესაც სასწორზე  ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი ან ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია ასაწონ-დასაწონი.

 

საყდრისთან დაკავშირებით დღესაც გვიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩეობი (აშშ-ს, გერმანიის…), გვწერენ უცხოეთის ორგანიზაციები და საყდრისის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში გვთავაზობენ საერთაშორისო ავტორიტეტის, დამოუკიდებელი ექსპერტების  დახმარებას.


იმედია, თქვენ უკვე გაეცანით ლინკებით მოწოდებულ დოკუმენტებს. სამთო სამუშაოების განხორციელების მიზნით დადებითი დასკვნა გაცემულია, მაგრამ ახლა მთავარია, საზღვარგარეთიდან საერთაშორისო, მაღალი რანგის სპეციალისტების მოწვევა და ჩამოყვანა, რათა საყდრის-ყაჩაღიანში მათი ზედამხედველობით, მათი კონსულტაციებით წარიმართოს სამუშაოები. მათ, ჩვენს მეცნიერებთან ერთად, სწორად შეუძლიათ გადაწყვიტონ სამუზეუმო სივრცის ბედიც (ზოგი უცხოელი სპეციალისტი ამტკიცებს,  რომ ძეგლის, თუ სრულად არა, ნაწილობრივ შენარჩუნება შესაძლებელიაო; ზოგიც წერს, რომ ვიზუალის სინაკლების გამო მუზეუმი სხვაგან უნდა მოეწყოსო და ა.შ.). სრული გამჭვირვალეობისათვის მიზაშეწონილია საელჩოების წარმომადგენლების ადგილზე ჩაყვანაც (ისინი ამას ითხოვენ) და მასმედიის საშუალებით საყდრისთან დაკავშირებით ნებისმიერი მოვლენის თუ გადაწყვეტილების  გაშუქება.

 

ერთი წლის წინ თითქმის ყველასათვის უცნობი სიტყვა „საყდრისი“ დღეს ბევრმა იცის. მას მიემატა სხვა სიტყვაც – „ყაჩაღიანი“ და, საბოლოოდ, სიმბიოზი – „საყდრის-ყაჩაღიანი“ უცნაური იდუმალებით შეიმოსა. თან, მითუმეტეს, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ოქროსთან, ისტორიასთან, ეჭვთან, თავდაჯერებულობასთან, ლამის დეტექტიურ წარსულთან, მომავალთან…

 

ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც ბევრჯერ ყოფილან საყდრისში და მაინც არ ჯერათ, რომ ის უძველესი ოქროს მაღაროა. ვხვდებოდი მათაც, რომლებმაც ყური მოკრეს თუ არა საყდრისის ამბავს, უმალ ირწმუნეს მისი უნიკალურობა, ისე, რომ იქ ფეხიც არ დაუდგამთ.

 

ზოგმა – გერმანელებმა თქვეს, მაღარო უძველესია და ჩვენ რა გვჭირს ასეთი, რომ ვერ ვირწმუნეთ, სხვა ქვეყნები ამ ამბავს უკეთ გამოიყენებდნენო.

 

ზოგმა – რა მოხდა მერე, ყველაფერში უცხოელებს ნუ დავუჯერებთ, ბოლო-ბოლო, 9 წელია, რაც იკვლევდნენ და ამ ხნის განამვლობაში რით ვერ დაამტკიცეს, რომ საკაცობრიოაო.

 

–  ყველაფერი ევროპის ლაბორატორიებში გადამოწმებული, ყველაფერი გარკვეულიაო.


–  კი მაგრამ რატომ ის ქვები არ შეამოწმეს, რითაც ვითომ ოქროს მოიპოვებდნენ, მათზე ოქროს კვალი ხომ უნდა დარჩენილიყო, ან თვალით უხილავ ოქროს მაშინ ვინ დაინახავდაო.


– ხედავდნენ, ბუნებასთან ახლოს იყვნენ და გონების თვალით ხედავდნენ, ფაქტებიც გვაქვსო. ეკონომიკურ ინტერესებს ისტორია ეწირება, არადა საყდრისმა შეიძლება დიდი შემოსავალი მოგვცეს – ის ხომ ზეზვასა და მზიას გზაზეაო. ოქროს მოპოვება იქ 2-3 წელში დამთავრდება, საყდრისი კი მარადიულიაო.


–  ინდიანა ჯონსობას თავი დაანებეთ… ან იმ მკვრივ ქანებს იმ რბილი ქვებით როგორ ამტვრევდნენ, ეს ხომ აბსურდიაო.


– ამტვრედნენ, მასალათა ბუნება არ გცოდნიათ – წყლის წვეთი ქვას ხვრეტსო.


– ან იმ გვირაბებში ცეცხლს როგორ ანთებდნენ, ხომ ამოიხრჩობოდნენ, მაშინ საყდრისის სიახლოვეს ნახშირის გორები უნდა ყოფილიყო.


– იმ კვალსაც მიაგნებენო…


– და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…

 

საზოგადოება მთლიანად ვერა, მაგრამ მასმედია სრულიად მოიცვა საყდრისის თემამ. დღეს ვინ როგორ იყენებს და სარგებლობს ამ თემით, და ვინ – როგორ. როგორც ზემოთ ვთქვი, ისტორია ზუსტი მეცნიერება როდია – ყოველ ადამიანში თავისებურად აისახება. უძველესი კი არა, უახლესი ისტორიაც ლეგენდებთანაც და პოლიტიკასთანაცაა წილნაყარი და ხანდახან ძნელია მის ლაბირინთებში გზის გაკვლევა.

 

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საყდრისი არ არის მხოლოდ არქეოლოგიური მოვლენა  – მასში, როგორც სარკეში, ჩვენი დღევანდელობა აისახება თავისი ყოფით, ყოველდღიურობით, ჭორ-მართალით, ტკივილით, სიხარულით, უიმედობით, იმედით…

 

საყდრისის ბურუსით მოცული წარსული ძალიან შორს დაგვრჩა… მან დღეს სულ სხვა ცხოვრებით დაიწყო სუნთქვა, და სწორედ დღეს წერს საკუთარ, ახალ ისტორიას, რომელიც, სავალალოდ, ჯერჯერობით ასევე არანაკლები ბურუსითა და გაუგებრობითაა მოცული. ეს სარკე ერთხელ კიდევ გვახედებს ჩვენს სულში და გვიმტკიცებს, რომ დღეს, ხვალაც და გუშინაც უფრო სწორი, უფრო კულტურული, უფრო ურთიერთგამგები დიალოგი გვჭირდება და დაგვჭირდება, რათა ახალი ხედვითა და ახალი გადაწყვეტილებებით დავძლიოთ ძველი პრობლემები…

 

მოკლედ, აუცილებლად უნდა შეიქმნას საყდრის-ყაჩაღიანის მუზეუმი, როგორც სიმბოლო წარსულის და სიმბოლო დღევანდელობის, როგორც სარკე ჩვენი მშფოთვარე ყოფის, ხვალინდელი დღის ამრეკლავი. უნდა შეიქმნას მშობლიურ სივრცეში… ან იქნებ – მიმდებარე გარემოში. ვნახოთ, დაველოდოთ, რას გვირჩევენ საერთაშორისო სპეციალისტები.

 

ამით ვამთავრებ. ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ თემა მნიშვნელოვანია. ერთ დროს ამ ყველაფერზე აუცილებლად დავწერ მხატვრულ-დოკუმენტურ ნაწარმოებს, თავისი უამრავი ავტობიოგრაფიული ნიუანსით.


დანართები:

1. კულტურის სამინისტროს უარყოფითი დასკვნა;

2. მთავრობის განკარგულება;

3. სააგენტოს დასკვნა;

4. კულტურის სამინისტროს დადებითი დასკვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი