კომენტარი

„სვანეთი არ დაიტბორება“

11 თებერვალი, 2014 • 1391
„სვანეთი არ დაიტბორება“

ხუდონჰესის პიარ-კამპანიის ფარგლებში მომზადებული რეკლამის მიხედვით, ხუდონი „ერთი ციდაა“ (5,28 კმ2), ის სვანეთის მთელი ტერიტორიის (4389 კმ2) 0,12%-ს შეადგენს, ამდენად, „სვანეთი არ დაიტბორება.“ ასეთი შთამბეჭდავი რიცხვების მისაღებად პიარ-კამპანიის ავტორებს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მთლიანი ფართობი შეუკრებიათ – მყინვარების, კლდეების, ხრამების, სუბალპური და ალპური ველების, ტყეების ჩათვლით.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, მესტიის რაიონის ფართობი – 3045 კმ2-ია, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, სახლები) ფართობი 30.92კმ2-ია. მესტიის რაიონში არსებული საცხოვრებელი ზონა 93.67 კმ2-ია, ანუ მთელი მესტიის რაიონის 3%, ხოლო მთელი სვანეთის (მესტია+ლენტეხი) 2,1 %-ს შეადგენს.

 

„ხუდონი იეს“, ენერგეტიკის სამინისტროსა და „ტრანს ელექტრიკას“ სატელიტი ექსპერტების ზემოხსენებულ ლოგიკას რომ გავყვეთ, თუ მესტიის რაიონის მაცხოვრებლების მთელ კერძო საკუთრებას დავტბორავთ, წყლით მთლიანი სვანეთის მხოლოდ 0,7% აღმოჩნდება დაფარული.

 

თუ მესტიის რაიონის საცხოვრებლად ვარგის მთელ ფართობს დავძირავთ, წყლის ქვეშ სვანეთის მხოლოდ 2,1% აღმოჩნდება. ანუ, მესტიის უკლებლივ ყველა დასახლებული პუნქტი, თავისი სახლებით, ეკლესიებითა და კოშკებით რომ დაიტბოროს, წყლის ზემოთ მაინც დარჩება სვანეთის ტერიტორიის 98%, რაც მათი აზრით ნიშნავს, რომ „სვანეთი არ დაიტბორება“!

 

არ ვიცი, რას უნდა მივაწეროთ ხუდონის წყალსაცავის სარკის ფართობის შედარება მთელი სვანეთის ტერიტორიის ფართობთან: უცოდინრობას, იმის იმედად ყოფნას, რომ საქართველოში განათლება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუ უბრალოდ – არაკეთილსინდისიერებას.

ჭეშმარიტად, ცოდნა სინათლეა, ხუდონჰესი კი ჯოჯოხეთსაც ანათებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი