კომენტარი

ოდისევსის ტყვეობა

3 თებერვალი, 2014 • • 2157
ოდისევსის ტყვეობა

ბერძნებმა მოახერხეს საერთო პირის შეკვრა საშიშროების წინაშე და ოდისევსის მიხედვით გამოექცნენ ციკლოპ პოლიფემუსს.

 

ეს წერილი „ერთმანეთის ჭამაზეა“, ხომ გეცნოთ ეს გამოთქმა, დიდი ახსნა-განმარტება არ ჭირდება. ასე ამბობენ ქართველები, როცა კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ საერთო სიკეთისთვისაც კი  ერთმანეთთან შეთანხმება უჭირთ.

 

ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებს ქცევის განსხვავებული მოდუსი, ანუ მოქმედებების რეპერტუარი ახასიათებთ. მაგალითად, გარკვეულ სიტუაციებში ექიმებისგან ან მასწავლებლებისაგან მსგავს მოქმედებებს ველით, ერთი თაობის და ერთი წრის ადამიანებს მსგავსი ლექსიკონი აქვთ, ხოლო ერის ქცევის  და მოტივაციის ტრენდების ერთობლიობას ეთნოფსიქოლოგია იკვლევს. ეთნოფსიქოლოგია მოცემული მომენტისთვის ერის ჩამოყალიბებული ხასიათია, რომელსაც მიზეზების, გამოცდილების შეძენის და განვითარების წინა ისტორია აქვს. ევოლუციის ენაზე რომ ვთქვათ, ის თვისებები, რომლებიც გადარჩენას უწყობს ხელს, პოპულაციაში თანდათან ანაცვლებს იმ თვისებებს, რომლებიც საზიანოა მოცემულ გარემოში. რა უპირატესობის მომტანი შეიძლება ყოფილიყო „ერთმანეთის ჭამა“  ისტორიის გარკვეულ მომენტსა და რეალობაში? ნათელია, რომ ჩვენი არსებობის უგრძეს ისტორიაში, ქართველებისთვის ეს თვისება დამახასიათებელი რომ ყოფილიყო, აქამდე ვერ მოვაღწევდით.  

 

ჯგუფურად მცხოვრებ ცოცხალ არსებებს, რომლებსაც ადამიანებიც  მივეკუთვნებით, რეციპროკული ალტრუიზმი ახასიათებთ. ეს ჯგუფის გადარჩენის თავისებური სტრატეგიაა, როცა ერთი ორგანიზმი მეორეს რაიმე სიკეთეს უკეთებს, მაგრამ დაუყოვნებელ პასუხს, ანაზღაურებას არ ითხოვს. ბუნებრივია, რომ მომავალში ის ასევე დახმარებას ელის ამ ინდივიდისგან. ასეთი ქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, როცა პარტნიორები გარკვეული დროის განმავლობაში ურთიერთობენ, ერთმანეთის არ ატყუებენ და ამასთან, დამახსოვრების უნარი აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი დამოკიდებულება ერთ-ერთ მხარეს ძალიან ძვირი დაუჯდება და ალტრუიზმისთვის მზადმყოფი ინდივიდები თავისთავად გადაშენდებიან. (ცხოველთა სამყაროს პოპულარული მაგალითი ფუტკრების ცხოვრებაა, როცა ფუნქციები განაწილებულია: სკაში მომუშვე მუშა ფუტკრები ღალაზე მომუშავე ფუტკრების ხარჯზე იკვებებიან). ქართველების ევოლუციურად აბერაციული ქცევის გამო ურთერთპასუხისმგებლობის საფუძველზე საზოგადოების შეკავშირება კი არ ხდება, არამედ პირიქით, ამ დუღაბის მიზანმიმართული რღვევა მიმდინარეობს, რასაც  გადაშენებისკენ მივყავართ. ის, რომ ჯერ კიდევ ვარსებობთ, მიუთითებს, რომ ეს თვისება ახლო წარსულში უნდა ჩამოყალიბებულიყო, ისტორიული პირობების ზეგავლენით.

 

ამ ისტორიული პერიოდის დასაწყისის დადგენა რამდენიმე ნიშნით შეიძლება: ის საკმაოდ ახლო წარსულში უნდა ყოფილიყო, მისი პრიორიტეტი იყო ინდივიდის მოკლევადიანი თვითგადარჩენა, მსახვრალ გარემოებას არ ჰქონდა რაიმე კრიტერიუმი, რაც მსხვერპლს გამოარჩევდა და მის ღირსებებს მიანიჭებდა უპირატესობას (თუ არ ჩავთვლით სიფრთხილის სხვადასხვა კატეგორიას, მფარველის მოძიების უნარიდან დაწყებული, უკიდურესი მიმბაძველობით და შემგუებლობით დამთავრებული), რადგან მიწისძვრასავით ყოვლისმომცველი იყო და განურჩევლად ანადგურებდა სუსტსაც და ძლიერსაც. გარდაუვალი და ხშირად განმეორებადი კატასტროფის წინაშე მდგომი ინდივიდი იძულებული იყო ხანგრძლივი, ჯგუფის გადასარჩენად მიმართული სტრატეგია კი არ გამოეყენებინა, არამედ, საკუთარი, მხოლოდ მისი პიროვნების გადარჩენის მცდელობით შემოფარგლულიყო.

 

ჩვენი ახლო წარსული კომუნისტური მმართველობაა და იმის წინ კიდევ რუსეთის მიერ საქართველოს კოლონიზაცია და მიზეზებიც იქვე უნდა ვეძებოთ, პირველ რიგში. თუმცა არც მისი წინმსწრები პერიოდი ჰქონდა საქართველოს დალხენილი.

 

განსხვავებით თავის გადარჩენის ინსტინქტისგან, მორალი კულტურული ცნებაა. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანებს განსხვავებული მორალი, ფასეულობათა სისტემა აქვთ. სამარცხვინო პერიოდია საქართველოს ისტორიაში მე-18 საუკუნეში „ტყვეთა სყიდვა“, როცა  თავად-აზნაურები მეზობელ ქვეყნებში ყიდდნენ ყმებს. მაგრამ რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ისტორიული სინამდვილე, იგი, ჩემი აზრით, სხვა რიგის მოვლენებს მიეკუთვნება, ანუ  საზოგადოების არსებული ფასეულობების წინააღმდეგ არ არის მიმართული, რადგან ადამიანებით მოვაჭრის მიერ სოციალურად სხვა საფეხურზე მდგომი ადამიანი მის თანასწორად არ განიხილება. მისთვის სოციალურად ერთ საფეხურზე მდგომები წარმოადგენენ საზოგადოებას, ერთგვარ შიდა წრეს,  და ამიტომ საზოგადოებების სისტემასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ასეთი ადამიანი გულმოწყალების ნიმუში ამგვარ გარემოშიც კი ვერ იქნება, მაგრამ მისი ჩადენილი სისასტიკე შეიძლება მხოლოდ როგორც სისატიკის აქტი გაიკიცხოს და არა როგორც საზოგადოების ფასეულობების საწინააღმდეგო ქმედება. ამგვარად, “სოციალური კაპიტალი” შენარჩუნებელია. (სოციალური კაპიტალი ფასეულობათა საერთო სისტემაა, რომელიც საზოგადოებას ურთიერთქმედების და ეკონომიური განვითარების პირობებს უქმნის).

 

ვფიქრობ, მე-18 საუკუნის ქართველებისთვის, ყოველ შემთხვევაში, თავად-აზნაურთა მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი და ეთიკური ფასეულობა იყო სოციალურ ფენასთან ინტეგრირება და მისი ინტერესების დაცვა. რასაკვირველია, ეს ერთადერთი და ურყევი ტრენდი არ ყოფილა, რადგან ამ მოვლენას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, ის ძალები, რომლებიც ცენტრალიზაციას ესწრაფოდნენ და ეროვნული ნიშნით ერთიანობას მნიშვნელოვან ფასეულობად აღიარებდნენ. ამ ორი მსოფლმხედველობის შეჯახების მაგალითია 1757 წელს ხრესილის ბრძოლა.

 

შემდეგი ეტაპი ერთმორწმუნე რუსეთის კოლონიზატორად მოვლინება იყო. იმპერიის იდეოლოგიური დოქტრინა დაპყრობილ ქვეყანას მოიაზრებდა, როგორც განუვითარებელ ეთნოსს, რომელშიც მას განათლება და წესრიგი შეჰქონდა. განმანათლების როლის შესასრულებლად ადგილობრივი კულტურის კვალი უნდა წაშლილიყო ან დაკნინებულიყო. ამის გამო თეთრდებოდა ფრესკები ქართულ ეკლესიებში, ხოლო ქართული ენა იკრძალებოდა სკოლებში. რუსეთი ევროპისკენ ისწრაფვოდა და სამყაროს ამ ნაწილში იმავე როლის თამაშს ცდილობდა, რასაც ევროპელი კოლონიზატორები ასრულებდნენ აფრიკულ და აზიურ კოლონიებში. მაგრამ  რუსული სახელწიფოს პრობლემა იყო და არის ის, რომ ზოგადად ისტორიული ჩამორჩენილობის, ქვეყნის მასშტაბების და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რუსი განმანათლებლების  ნოვატორული კულტურული და სახელმწიფოებრივი მოწყობის იდეები არ იქნა მიღებული ხალხის მიერ.  სახელმწიფობრივი ინსტიტუტების ფუნქციონირების წესი და იდეოლოგოურ-ფილოსოფიური ბაზისი მისი ძირითადი მოსახლეობისთვის გაუთავისებლად და  უცხოდ რჩებოდა. (ნიკოლო მაკიაველი მოძღვრავს მმართველს: „მიზნის მისაღწევად მმართველმა უმჯობესია მოიპოვოს ხალხის ნდობა, ვიდრე ციხე-სიმაგრეების სიმტკიცე“). ამის გამო, დიდი სურვილის მიუხედავად, შეუძლებელი იყო ისეთი კოლონიზატორიული პოლიტიკის გატარება, რომელსაც ატარებდნენ ევროპული ქვეყნები მათ მიერ დამორჩილებულ ქვეყნებში. კულტურული და სახემწიფოებრივი მმართველობის მოდერნიზაციის მხრივ რუსეთს რუდიმენტული ხიბლი ჰქონდა: პროგრესული ევროპული ორგინალის იდეების გამტარის, პროვაიდერის ხიბლი, რომელიც, როგორც კი ინფორმაციის მიღების თანამედროვე საშუალებები გაჩნდა, უკვალოდ გაქრა.

 

მაგრამ რუსეთის კოლონიზაციის ზეგავლენამ უდავოდ დიდი წვლილი შეიტანა თანადროული ქართველების მორალის და კვაზი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. უმთავრესი გავლენის ფაქტორები ხანგრძლივად  ომების გარეშე ცხოვრება, დამრთგუნავი შიში და ერთმორწმუნება იყო.  

 

ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა თანამედროვე სახით თავისუფალი მოქალაქეების შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა. მართალია, შეთანხმება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გულისხმობს ამ უკანასკნელის თავისუფლების ნებაყოფლობით შეზღუდვას, მაგრამ მოქალაქეები თანასწორნი არიან და მათი უფლებები სამართლებრივად დაცულია. კოლონიზირებულ ქვეყანაში ეს კავშირი სახელწიფოსა და მოქალაქეს შორის: ა) ნებაყოფლობითი არ არის; ბ) მისი მოქალაქეები სხვა მოქალაქეებზე „ნაკლებად თანასწორნი“ არიან; გ) სამართალი სახელმწიფოს იცავს მოქალაქისგან.

 

ამავე დროს, რუსეთის  მმართველობის დროს საქართველოში დაიწყო იმ პერიოდის მსოფლიოში მიმდინარე პროცესები: ურბანიზაცია, ინდუსტრიალიზაცია და ვაჭრობის არეალის გაფართოება.


ეს მოვლენები გლობალიზაციისკენ მიმართული ტენდენციებია, მაგრამ თვით რუსეთში  მკვეთრმა სოციალ-პოლიტიკურმა რყევებმა, მოგვიანებით კი კომუნისტური ტერორის ეპოქამ ამ ტენდენციების მოსალოდნელი განვითარება დაამუხრუჭა.

 

ამგვარად, მეოცე საუკუნის ქართველებს პრობლემების მთელი კრებული დახვდათ: სახელწიფოსა და მოქალაქეს შორის დადებული კონტრაქტი ნებაყოფლობითი არ არის, კოლონიის  მოქალაქეები სხვა მოქალაქეებზე „ნაკლებად თანასწორნი“ არიან და სამართალი სახელმწიფოს იცავს მოქალაქისგან. მაგრამ, ამავე დროს, კაპიტალისტური და ურბანისტული ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესში სოციალური განშრევება მნიშვნელოვნად კარგავს აქტუალობას, ხოლო გამაერთიანებელ ფაქტორად რელიგია გამოდის.

 

მართლმადიდებლობა ქართულ მოსახლეობას საშუალებას აძლევს რუსული სახელმწიფოს ნაწილად წარმოიდგინოს თავი და ის არასრულფასოვნების შეგრძნება შეამსუბუქოს, რომელიც დაპყრობილს აქვს დამპყრობლის მიმართ. ამ გარემოში ევროპელი განმანათლებლების ლოზუნგი – „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“, ვეჭვობ, რომ მყარ ნიადაგს იპოვიდა და რელიგიურ იდეებს გაუწევდა კონკურენციას.

 

გარემოებების წნეხმა სასტიკი ბრძოლა, კონკურენცია გამოიწვია ინდივიდებს შორის. თავის გადრჩენის შესაძლებლობების რეპერტუარი საკმაოდ შეზღუდული აღმოჩნდა, რადგან დამპყრობელს, პირველ რიგში, აინტერესებდა რამდენად ერთგული და საფრთხის შემცველი იყო მისი ვასალი. შეგუება და გარდაქმნა ამ ორი მთავარი ნიშნის მიმართულებით სწრაფად და ეფექტურად წარიმართა. შედეგად საზოგადოებრივი სოლიდარობის მინიმალური ხარისხი და გაბედული ინდივიდების სიმცირე მივიღეთ.

 

მართლმადიდებელი რელიგია  ჩვენი კულტურული გარემოს უმნიშვნელოვანესი  ინტელექტუალური მასაზრდოებელი, ამქვეყნიური ტანჯვის დათმენას მოუწოდებს მომავალი სასუფევლის იმედით. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული რელიგია მრავალფეროვანი ფილოსოფიურის და კულტურული პოტენციის (ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო) შემცველი  სწავლებაა, მოცემულ  სოციალურ გარემოში სწორედ ის ტრენდები აქტიურდება, რომლებიც თანხვედრაში მოდიან გადარჩენის მოდუსთან: შემგუებლობა, უინიციატივობა, მიმბაძველობა.

 

ბოლო 20 წელია მნიშვნელოვნად განსხვავებულ გარემოში ვცხოვრობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იგივე ქცევის მოდუსი შევინარჩუნეთ, რაც ბოლო 200-250 წლის განმავლობაში გამოგვიმუშავდა.  სახელმწიფოს შექმნა, მჯერა, რომ მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის ნება იყო. ახლაც კი, მიუხედავად მრავალი იმედგაცრუებისა, უკიდურესი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს შორისაც კი ძნელია სახელმწიფოებრიობაზე უარის მთქმელი ადამიანების პოვნა. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ უშუალო სუზერენი არა გვყავს, ინსტინქტურად მის ძებნაში ვართ, არა მარტო საჭიროების, არამედ ჩვევის გამო. ჩვენი სახლმწიფო, თუ კვაზი სახელმწიფო ინფანტილურობის ნიშნებს ავლენს, პასუხისმგებლობას და სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას გაურბის. უახლეს ისტორიაში, როდესაც გადაწყვეტილება არის მისაღები, ინიციატივას ყოველთვის პატრონს ვუთმობთ და რე-აქტიულად ვმოქმედებთ. მაშინაც კი, როცა ყოველგვარი ლოგიკით მოქმედებაა რეკომენდირებული, ვებღაუჭებით სქემებს და უცხოლების რჩევებს, მაგალითად, რეფორმების გატარებისას. (არ ვგულისხმობ, რომ საერთოდ არ გავითვალისწინოთ, მხოლოდ ბრმა მიმბაძველობის წინააღმდეგი ვარ და საკუთარი ინტელექტუალური რესურსის დაუფასებლობის).


სამართალსა და მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებით სერიოზული სიძნელეები გვაქვს, რაც შეეხება ტერორს, მისი რეციდივი გვქონდა და ლოგიკის თანახმად არც მომავალში ვართ მისგან დაზღვეული.

 

ამავე დროს, თანამედროვე მსოფლიო რეალობა სრულიად განსხვავებულია იმ რეალობისგან, რომელმაც ჩვენი ქცევის მოდუსი ჩამოაყალიბა.  ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა შრომით ურთიერთობები, ამის გამო მსოფლიოსთან წარმოუდგენლად ადვილი გახდა კომუნიკაცია,  ინფორმაცია შეუზღუდავად გვატყდება თავს. ინდუსტრიიდან ინტენსივობამ  მომსახურების სფეროში გადაინაცვლა, მსოფლიო დაპატარავდა და დაახლოვდა და ამავე დროს უფრო თავისუფალი და თანასწორი გახდა.

 

ასეთ გარემოში ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივა და ცვალებად გარემოებზე სწრაფი რეაგირება, მრავალფეროვანი კავშირების წარმოქმნის და სამუშაო ჯგუფების ორგანიზების უნარი. სამწუხაროდ, არაფორმალური ქმედუნარიანი ჯგუფების ჩამოყალიბებას ნდობის გარკვეული ხარისხი სჭირდება, რაც ჩვენს საზოგადოებას ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო არ აქვს.

 

ნდობის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია საზოგადოებას საკმაოდ მაღალი მორალური სტანდარტები ჰქონდეს. მართალია, ეს გრძელვადიანი ამოცანაა, მაგრამ ბევრი რამის გასაუმჯობესებლად დაუყოვნებლივ შეიძლება ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად, განათლების სისტემაში დაამკვიდრო მორალური ფასეულობების მიმართ მაღალი მოლოდინი; სამართალი გახდეს სანდო და პირუთვნელი; მასმედია პოზიტივისკენ შემობრუნდეს, არ იყოს ისტერიული განწყობის და მოუთმენლობის წახალისება, ადამიანებს საწინააღმდეგო აზრის მშვიდ გარემოში გამოითქმის საშუალება მიეცეთ. არ იყოს  საპატრიარქოსთან მივარდნები, პატრიარქის თუნდაც მიუღებელი გამონათქვამების გამო, ან სტალინის ძეგლის დადგმის ან არდადგმის გამო ადამიანის ღირსების შემლახავი გადაცემების წახალისება ტელევიზიაში. გაიგონ ადამიანებმა, რომ ეს იაფფასიანი ფანდები, რომლებიც ცალკეული ინდივიდების თუ ჯგუფების მოკლევადიან მიზნებს ემსახურება, საზიანოა საზოგადოებისთვის და დესტრუქციას და აგრესიას ასაზრდოებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ თვითორგანიზაციული, ეგალიტარულ პრინციპებზე შემდგარი ჯგუფების როლი უნდა გაიზარდოს როგორც საზოგადოებივ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში, და იმედის მომცემი მაგალითია სხვადასხვა ეკოლოგიური თუ კულტურული საკითხებისადმი საზოგადოების აქტიური პოზიცია, მიმაჩნია, რომ იერარქიულმა მმართველობამ უნდა ითამაშოს აქტიური როლი, რეალურად განახორციელოს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, გახდეს პროაქტიული და არა რეაქტიული.

 

სანამ ამას ვერ მოვახერხებთ, თითოეული ჩვენგანი საკუთარი შიშების და უძლურების ტყვეობაში დარჩება.


ნია ჭაჭიაშვილი
ნია ჭაჭიაშვილი

ავტორის შესახებ:

 

ნია ჭაჭიაშვილი არის თბილისის უნივერსიტეტის და ბოსტონის სიმონს კოლეჯის კურსდამთავრებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.


მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, აჟამად მუშაობს გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში.


არის  სამეცნიერო და  პედაგოგიური სტატიების ავტორი, ჟურნალ „განათლებისთვის“ დამფუძნებელი, საბაზისო  განათლების განვითარების ალტერნატიული კონცეფციის ავტორი.


მასალების გადაბეჭდვის წესი