კომენტარი

საქართველო, რელიგია, პატრიარქი, გაბრიელ ურგებაძე და ჩვენი საცოდაობა

16 იანვარი, 2014 • 1329
საქართველო, რელიგია, პატრიარქი, გაბრიელ ურგებაძე და ჩვენი საცოდაობა

ახლა რელიგია გვახრჩობს. ეს ხომ ჩვენი ცხოვრების ჰაბიტუსი კი არაა მხოლოდ, ინტელექტუალური ნიშადურიცაა. ამოგვისმევენ და გავრბივართ…

 

ამ პუბლიცისტური სრბოლის შემყურეს  ერთი უცნაურობა მემართება.

ყოველთვის, როდესაც რაიმე სისულელეს ჩაიდენს ჩვენი ეკლესია თუ საპატრიარქო და ატყდება ერთი ვირტუალური აურზაური, აბა, ვინ უკეთ გაასიგრძეგანებს ან 17 მაისს, ან პატრიარქის წინაუკმო ეპისტოლეს და დედა პარასკევას მინიშნებას და კარგა ხანს რომ  არ წყდება ოპუსების ნიაღვარი… ვარ ხოლმე ჩუმად, ჩემთვის და ვკითხულობ ერთმანეთზე უკეთეს წერილებს: „ტაბულაში“, „ლიბერალში“, „თავისუფლების“ ბლოგებზე და სხვაგანაც. აი, თუნდაც აქ, „ნეტგაზეთში“…

 

და მერე კი, უცებ რომ მიჩუმდება კრიტიკის ექო, აი, მაშინ მემართება ის უცნაურობა: რატომღაც ‘ოთარაანთ ქვრივის’ ფინალი წარმომიდგება ხოლმე თვალწინ.

აი, ეს და ამის შემდგომი პასაჟები:

 

„მისწყდა სოფლის ხმაურობა, დღის ჟღივილ-კივილი, მისწყდა ადამიანის ფეხის ხმაც. ახალ მოსულს თოვლს, ყინვა-დაკრულს, არსად არ აჩნდა ნაფეხური ადამიანისა… სოფელს ხმა გაეკმინდა და თითო-ოროლა ადგილას მეტის-მეტად ფრთხილის ძაღლის ყეფა-ღა ისმოდა, ხანდისხან“.

 

„გათენდა შობა დღე … თუმცა შობის დღე იყო, მაინც დიდი და პატარა, კაცი და ქალი გაიკრიბა და სასაფლაოს ზედ დაედო.“

 

ჩვენ კი საშობაოდ რელიგიურმა ბედმა ორმაგად გაგვანებივრა, ჯერ პატრიარქის ეპისტოლე და მერე გაბრიელის საფლავის ოროცნებიანი ამბები. თუ ჯერ ეს და მერე ის?

რამე უთქმელი დარჩა ამ მოვლენების შეფასებისას? ალბათ არაფერი. თვით “სვეცკი” მღვდლებ-დიაკვნებმაც კი დაგმეს დედა პარასკევას იონბაზობა. ამ შემთხვევაში მე დედა პარასკევას მხარეზე ვარ, რადგან ვერ მივემხრობი მღვდელს, ვინც ადრე მართლმადიდებლობის გულისთვის სისხლის დაღვრით იმუქრებოდა, ვერც იმ დიაკვანს, ვინც ყვითელი პრესის დევგმირად ქცეულა…

 

არ ვიცი და   ვერც დავადგენ გაბრიელ ბერის წმინდანობის უეჭველობას, მაგრამ მღვდელ არჩილ მინდიაშვილის ერთი ქადაგებიდან შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი კანონიზაცია ამ მღვდლის ერთი სიზმრის პროდუქტია. წარმოვიდგინე ასეთი სცენარი: საპატრიარქოში მიდის და ყვება თავის უცნაურ ‘ხილვას’. ტექსტსაც კი დებს. ტექსტის ძალა კი ურყევია; მან ეს იცის, ბატონი არჩილი ფილოლოგად ჩემს კურსზე სწავლობდა და უჩვეულო წარმოსახვის უნარით, შთაგონების სიმძაფრით გამოირჩეოდა. მე მგონია, რომ მან არასწორად აირჩია პროფესია, მღვდლის ნაცვლად აბსურდისტი მწერალი უნდა გამხდარიყო… თუმცაღა აბსურდულ ნიჭს იგი მოხუც პატრიარქზე ზეგავლენას ახმარს… ნახეთ ვიდეო, რა საცოდავად დგას ეს მრევლი, არადა, უკეთეს შემთხვევაში აბსურდის   მკითხველებად უნდა მოგვვლინებოდნენ!

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ გაბრიელი წმინდანია. ჩემთვის, როგორც რელიგიისმცოდნისათვის ის სუპერწმინდანია და აი, რატომ:

 

მან ხელის ერთი დაკვრით ნაცარტუტად აქცია ჩვენი უძლეველი არმადის ანუ ეკლესიის ავტორიტეტი, ეს ერთი. ხალხი მას მიაწყდა და ლეგიტიმური ეკლესია, მოძღვრები და უფრო გრძელებიც, უკაცრავად და, დაი…ვიწყა. ჩვენ რელიგიურ ყოფაში ბერმა გაბრიელმა სანტა-კლაუსის ცარიელი ნიშა შეავსო.

 

მეორე: აქ, ანუ მცხეთისკენ სვლაში გამოჩნდა თაურრელიგია, ავთენტური ფუძერელიგია: რელიგია ხომ თავიდან სააქაოსკენ ორიენტირებული მოვლენა იყო(იხ. ამაზედ მაქს ვებერის ლექტურა). ხალხს სურვილების ასრულება, წუთისოფლით ტკბობა უნდა და არა საიქიოს ნეტარება!

 

მესამე და უმთავრესი: მცხეთისკენ ხალხის სტიქიურ მოზღვავებაში არა მხოლოდ პირველქმნილი რელიგიის სუნთქვა იგრძნობოდა, არამედ რელიგიის ის უმთავრესი განსაზღვრებაც, რაც პირადად ჩემი მიგნება მგონია: რელიგია სტიქიაა. უფრო ვულკანს გვაგონებს. სამღვდელოების ვითომ  კონტროლი რელიგიაზე მხოლოდ ჩამქრალ ვულკანზე დაწესებული კონტროლია…

 

„ხოლო ხვალისა დღე დასცეს საყჳრსა და აღიძრა სიმრავლე ურიცხჳ და ფერად-ფერადად შემოსილნი გამოვიდეს ქალაქით. და ვითარ მიჰრიდა ერმან, გამოვიდა ნანა დედოფალი და ფოლორცნი შეემკუნეს თითო ფერითა სამოსლითა. და შემდგომად მისსა გამოვიდა მეფე მირიან და იქმნეს ჴმანი ებნებისა და ნესტუებისანი…“

 

ახლა მეორე მოვლენა: პატრიარქის ანტისუროგაციული ნერვიულობა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ავთენტურია ის. პავლეს ეპისტოლენიც ალაგ-ალაგ წაიარავთენტურობენ, მაგრამ ხომ ქაჩავენ წმინდა წერილში? ხომ ატრიალებენ მთელ საქრისტიანოს თავის ჭკუაზე?

 

მოკლედ, რაშია საქმე და ნამდვილი ვითარება: ფეისბუკზე მეც მყავს მეგობრად ის სუროგაციის წარმტაცი დედოფალი, თავისუფალი, მომხიბლველი ქალბატონია, ეგზოტიკის მოყვარული, მირაჟებშია, როგორც ფოტოებიდან ჩანს… მაგრამ არც ერთი ფოტო „დედებთან“, არც „მამაოებთან“… იგი სეკულარული და თავისუფალია…

ჩანს, არც სულიერ და არც მატერიალურ წილს არ აგდებს ეკლესიის „ობშჩიაკში“…ამას,აბა, ვინ აპატიებს?

 

ასე არ იქცევიანო წარმატებული ბიზნესმენი მანდილოსნები! – ეპისტოლის ქვეტექსტი ამბობს. თუ გახსოვთ, ტელევიზიით ყელგამოწვდილი რომ ევედრებოდა შველას მშენებლობის ცენტრდედოფალი „იმ მღვდლებს, ვისაც ბინები აჩუქა?!“

მიხვდით, არა? საპატრიარქო არავის და არაფერს არ ებრძვის. უბრალოდ, მან ყველა საქმიანობიდან წილი უნდა მიიღოს… აწერს, აწერავს ან აყაჩაღებს ტექნიკურად… ძღვენი, შესაწირავი სავალდებულო შეიქნა.

ესაა და ეს. კიდევ რამე უნდა ვთქვა?

 

ცოდოა პატრიარქი, კონსპირაციულად ცხოვრობს სტალინივით, სანამ ლიბერალ-ინტელექტუალური სპექტრი მის ანტიჰუმანურ ეპისტოლეს გა-არჩევდა, მან „ბინა“ გამოიცვალა, ბიზნესმენების წრეში ამოყო თავი და იქაც თავისი იდეები დააანონსა!

 

„მართლაც რომ ცოდოა!..
მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო?“

 

14.I.2014.

მასალების გადაბეჭდვის წესი