კომენტარი

ტერორიზმში ბრალდებული პატიმრის დის წერილი პრემიერ-მინისტრს

9 იანვარი, 2014 •
ტერორიზმში ბრალდებული პატიმრის დის წერილი პრემიერ-მინისტრს

 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო უწყება სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილ მაღაჩინოსნებს, მეგის ქარდავას და მის თანამოაზრეებს კიდევ რამდენიმე პირის წამებაში ადანაშაულებს. გამოძიებით ისიც გაირკვა, რომ ეს პირები ე.წ. კოჭოიას – მერაბ ყოლბაიას წამებაშიც მონაწილეობდნენ. თავის დროზე სწორედ ყოლბაიას ჩვენება გახდა ჩემი ძმის, დავით კეკუტიას დაკავებისა და თავისუფლების 30 წლით აღკვეთის საფუძველი. ჩემს ძმას, ისევე როგორც ე.წ. კოჭოიას საქმეზე დაკავებულ პირებს, ტერორისტული აქტების ორგანიზება-მოწყობაში ადანაშაულებდნენ. სასამართლო პროცესების დროს ცხადი გახდა, რომ საქმე იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას ეხებოდა: საგამოძიებო უწყებამ ჩემი ძმის წინააღმდეგ ერთადერთ სამხილად სწორედ მერაბ ყოლბაიას ჩვენება წარმოადგინა – როგორც ახლა ირკვევა, ხელისუფლებამ მაშინ ეს ჩვენება წამებისა და გაუპატიურების მუქარით მიიღო (ამაზე უკვე არსებობს საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დასკვნა); იმ დროს პროკურატურამ დაცვის მხარის არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, გამამართლებელი გარემოება არ გაითვალისწინა და სასამართლომ ჩემს ძმას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. შემდგომი ინსტანციის სასამართლოში ყოლბაიამ განაცხადა, რომ ჩემს ძმასთან სასამართლო განხილვებამდე არავითარი შეხება არ ჰქონია და მის წინააღმდეგ ჩვენება მუქარისა და წამების საფუძველზე მისცა, თუმცა ეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოქმში არ ასახულა. სააპელაციომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, უზენაესმა კი სარჩელის მიღებაზე საერთოდ უარი გვითხრა.

 

ცნობისთვის, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პროკურატურამ რამდენჯერმე არაოფიციალურად შემოგვთავაზა საპროცესო გარიგება ნაწილობრივი აღიარების ხარჯზე, თუმცა არც ჩემი ძმა და არც ჩვენი ოჯახი რაიმე დათმობაზე არ წავედით. არც დათოს და ოჯახის არც ერთ სხვა წევრს არ გვინდა, რომ დავით კეკუტიამ ტერორისტის იარლიყით იცხოვროს – მას ყველა პატიოსან პოლიციელად იცნობდა, რომელიც ერთგულებდა კანონს და გულშიც არ გაივლებდა საკუთარი ქვეყნის ღალატს.

 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იმედი მოგვეცა, რომ უკანონო პატიმრობას და, ზოგადად, ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ უსამართლობას ბოლო მოეღებოდა. რადგან ქვეყანაში აღარ დარჩა სამართლებრივი საფუძველი დავით კეკუტიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასახედად, გვქონდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის იმედი, რომლის ჩამოყალიბება მთავრობამ არაერთი მიზეზის გამო გადადო.

 

გასული წლის ბოლოს მივმართეთ პრეზიდენტის მიერ ახალდაკომპლექტებულ პატიმართა შეწყალების კომისიას. ამჯერად მაინც გვაქვს იმედი, რომ საზოგადოებისათვის სანდო და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული კომისია ყურად იღებს ჩვენს თხოვნას შეწყალებასთან დაკავშირებით.

 

მინდა გთხოვოთ, რომ პროკურატურას, თქვენ ხელთ არსებული ყველა კანონიერი მეთოდით, მოუწოდოთ დავით კეკუტიას დაკავებისა და მისთვის ბრალის წაყენების გარემოებების შესწავლისკენ – საქმის მასალებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დამწყები სპეციალისტიც კი მიხვდება, რომ ჩემი ძმა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი მორიგი უსამართლო აქტის მსხვერპლია, აქტი კი ადამიანებში შიშის სინდრომის გაძლიერებას ემსახურებოდა. ამასთან, როგორც გაირკვა, მერაბ ყოლბაია – ე.წ. კოჭოიას საქმის მონაწილე პირი – პროკურატურამ დაზარალებულად ცნო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, რაც საქმეში ახალი გარემოებაა.

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ მთავარი პროკურატურის მხრიდან ჩემი ძმის საქმით დაინტერესება და ობიექტური გამოძიება საშუალებას მოგვცემს უკან გამოვითხოვოთ სარჩელი, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე გავაგზავნეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მერწმუნეთ, არც ჩემს ძმას და ჩვენი ოჯახის არც ერთ წევრს არ სურს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წარსდგეს, თუმცა მაშინ წინა ხელისუფლების არაადამიანურმა პოლიტიკამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა და იძულებული გავხდით, სამართალი საქართველოს ფარგლებს გარეთ გვეძებნა. ამჯერად კი ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება დაიცავს იმ პრინციპებს, რომელთა ერთგულების დეკლარირების გამო მისცა ხმას მას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ.

 

ბატონო ირაკლი, მოგმართავთ, როგორც დედა და ქალი, რომელიც სამართალს ეძებს. მერწმუნეთ, პროკურატურას თავის დროზე თუნდაც ერთი რეალური მტკიცებულება-სამხილი რომ ჰქონოდა ჩემი ძმის წინააღმდეგ, ხმას არ ამოვიღებდი და ვაღიარებდი, რომ ის ნამდვილად დამნაშავეა, მაგრამ მერწმუნეთ, პროკურატურა მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის მოტივით მოქმედებდა და, შესაბამისად, ამ უკეთურ პოლიტიკურ ნებას არაერთი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე შეეწირა.

წარმატებებს სურვილით,

ნანა კეკუტია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი