კომენტარი

“რას დადიან გერმანიაში სამკურნალოდ, თუ თანამედროვე მედიცინა და მიღწევები ცუდია?” [Video]

8 იანვარი, 2014 • • 1219
“რას დადიან გერმანიაში სამკურნალოდ, თუ თანამედროვე მედიცინა და მიღწევები ცუდია?” [Video]

 

ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა ე.წ. პოსტმოდერნისტულ გამოწვევებზე ქრისტიანობისთვის, ოჯახის სიმტკიცეზე, ჰომოსექსუალთა ქორწინებაზე, აბორტებზე, ხელოვნური განაყოფიერებითა და სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებზე. მან ასეთი გზით გაჩენილ ბავშვებს “პრობლემურები” უწოდა და განაცხადა, რომ “ოჯახი, რომელშიც სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება”.

 

ბაია ბატარაია ამბობს, რომ ბავშვების სეგრეგაცია, იმის მიხედვით, თუ როგორ არიან ისინი ჩასახული, დაუშვებელია. გარდა აღნიშნული საკითხისა, ქალთა უფლებების დამცველი ამბობს, რომ პატრიარქის მიერ ქალებისადმი პრობლემური დამოკიდებულება მუდმივად მჟღავნდება:

 

“ქალებს არ აღიქვამენ სერიოზულად. ჩვენი დაუღალავი შრომა სახლში, გარეთ, რამდენიმე სამსახურში ერთად, შრომა, რომელიც გაწეულია იმისთვის, რომ შევინახოთ საკუთარი თავები, ჩვენი ოჯახები, თურმე ყოფილა გართობა. ამ  “გართობიდან” არის ის 25 მილიონი ლარი, რომელიც საპატრიარქოს ერიცხება, ამაზე არ ამბობს უარს და არ გამოყოფს ქალების მიერ გადახდილ გადასახადებს. საუბარი იყო იმაზეც, რომ ზედმეტი სამედიცინო ჩარევა არ ვარგა, რას დადიან მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ, თუ ასეთი ცუდია მიღწევები და თანამედროვე მედიცინა? რა ქნან იმ უშვილო ადამიანებმა, რომლებსაც სხვანაირად არ უჩნდებათ ბავშვი, არ აქვთ მათ შვილის ყოლის უფლება?!” – აცხადებს ბაია პატარაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 იანვარს მოქალაქეთა ნაწილმა ილია მეორის საშობაო ეპისტოლე არაჰუმანური შინაარსის გამო გააპროტესტეს. მოქალაქეების საპატრიარქოსთან აქციას  დღეს, 16.00 საათზე გეგმავდნენ, თუმცა აქციამდე 15 წუთით ადრე იქ  პატრიარქის დასაცავად სხვა მოქალაქეები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს დახვდნენ. პატრიარქის დამცველებისგან წამოსული ძალადობის გამო პოლიციამ 4 პირი დააკავა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი