კომენტარი

საია: პარლამენტი მაუწყებლის შესახებ კანონს არღვევს

27 დეკემბერი, 2013 •
საია: პარლამენტი მაუწყებლის შესახებ კანონს არღვევს

როგორც ცნობილი გახდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის 10-დღიანი მუშაობის შედეგად შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან, კანონით დადგენილ 3-დღიან ვადაში, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა 6 კანდიდატი, ნაცვლად 9 კანდიდატისა. 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტების ვალდებულებაა და არა უფლება, რომ საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირთაგან წარადგინონ მათთვის კანონით გამოყოფილი კვოტების შესაბამისი რაოდენობის კანდიდატურები. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი არ აირჩევს წარდგენილ კანდიდატს, შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, ხელახლა წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატი საკონკურსო კომისიის სიიდან. კონკურსის ფარგლებში მეურვეობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა სამჯერ დაიშვება. 

 

გვსურს ხაზი გავუსვათ კანონის იმ მნიშვნელოვან იმპერატიულ მოთხოვნას, რომ თითოეულმა სუბიექტმა (სახალხო დამცველი, უმრავლესობა, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო)  საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარუდგინოს, საკონკურსო კომისიის სიით გათვალისწინებულთაგან, ზუსტად იმდენი კანდიდატი, რამდენიც მათთვის კვოტით არის გამოყოფილი. შესაბამისი სუბიექტები კონკურსის არც ერთ ეტაპზე არ არიან უფლებამოსილნი, უარი განაცხადონ კანდიდატების პარლამენტისათვის წარდგენაზე. ის სუბიექტები, რომლებმაც პარლამენტს ასარჩევად უნდა წარუდგინონ 3 კანდიდატი, მაგრამ წარადგენენ მხოლოდ ერთს ან ორს, არღვევენ კანონის მოთხოვნებს.

 

აღნიშნული წესის დაუცველობა წინააღმდეგობაში მოდის და არღვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მთავარ პრინციპს – მეურვეობის კანდიდატთა წარდგენაზე უფლებამოსილი სუბიექტების არჩევანის შეზღუდვა საზოგადოებრივი კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებით. 

 

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, დაიცვან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატთა წარდგენისათვის კანონით გათვალისწინებული პროცედურა და მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, კანონით დადგენილ ვადებში, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინონ მეურვეობის კანდიდატები, მათთვის კანონით გამოყოფილი კვოტების შესაბამისი ოდენობით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი