კომენტარი

უფრო თანასწორები, უფროსწორობა!

22 დეკემბერი, 2013 • • 1666
უფრო თანასწორები, უფროსწორობა!

დაბეჯიბეთ ვიტყოდი, რომ დედანს გერმანული თარგმანი სჯობია: Alle Tiere sind gleichaber einige Tiere sind gleicher


გთავაზობთ მოსახერხებელ, ასე ვთქვათ, სამუშაო ქართულსაც: ყველა სწორია, მაგრამ ზოგი უფროსწორია. თუ ენას არ შევრყვნი, დავტოვებ ამ სიტყვას: უფროსწორობა.

დანარჩენი იცით, თუ ვინმე გამონაკლისია, აკრიფეთ ეს ციტატები და წაიკითხეთ, რაზეცაა იქ საუბარი.

მოვქართველდები (ეს “მოფშავლებიდან” ვისესხე)…

ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ყოფა სხვა არაფერია, თუ არა უფროსწორობის განხორციელება ანუ ორუელის Animal Farm

არ ვდავობ იმაზე, რომ ფერმის ყოფილ გამგეებს ანუ ნაციონალებს თავისებური რეჟიმი თუ წესრიგი ჰქონდათ დამყარებული, მერე კი ისინი მოვიშორეთ და ერთხანობას ყველანი თანასწორობის ეიფორიაში აღმოვჩნდით! – განხორციელდა განთავისუფლებული ფერმის თავდაპირეველი პრინციპი:

All animals are equal.

მაგრამ მალე, პირველივე თვეების განმავლობაში ეს ჩვეულებრივი თანასწორობა წარსულს ჩაბარდა და ამოქმედდა მოდიფიცირებული თანასწორობის პრინციპი: საქართველოში ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია!

მე ეს არ მეჩვენება, არც ვინმეს ვუბოლებ, მაგ. ექსხელისუფლებას და არც მიუღებლობის მანია მჭირს. პირიქით, თუ რამ მეზიზღება, ესაა მთავრობის ლანძღვა, რაც ექსოპოზიციამ შემაზიზღა. მე კონსტრუქციული მინდა ვიყო.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ახალჩამოსულმა, პირველივე, რაც დავინახე და ამას მუდმივად ვხედავ, ესაა გორგასლის პროსპექტზე გაჭიმული ორსართულიანი ტრაილერების კოლონა, ავტომატარებლები, უახლესი მოდელის ჯიპებითა და ლექსუსებით გაჩეჩქილი…

ეს სურათი შემეჩეხა თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ მე ცხოველების ფერმაში ჩამოვედი…ის მანქანები უფრო თანასწორებისთვისაა განკუთვნილი…ამდენი ახალი მანქანა ერთად არცერთ ევროპულ ქალქში არ მინახავს…

ამრიგად:

 

ყველა საქართველოს მოქალაქე თანასწორია, მაგრამ პრეზიდენტი უფროსწორია, მან ხომ პირველივე ბრძანებით ხელფასი გაიორმაგა და 100-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ვინმე პენსიონერი ან ჩემნაირი უბრალოდ ‘თანასწორი’…

უფროსწორია ყველა მინისტრი, განსაკუთრებით კი იუსტიციისა, მან შეიძლება რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს საჯაროდ დასცინოს, წადი ახლა და ფეისბუკზე წერეო…

უფროსწორია პოლიტიკური დღევანდელობის ცოცხალი ხატი – აჭარის ახლად არჩეული ფაშა, მექოლგის შტატი რომ შემოიღო და ბაირამობს …

უფროსწორია რაიონის ლუქსუსავტომობილიანი გამგებელი…

უფროსწორია პრემიების უხვადმიმღები გამგეობის წევრი…

უფროსწორია თვით რელიგიური ფანატიკოსი, რომელიც საჯარო ფაშისტური გამოხდომისთვის არ დაუჭერიათ;

ძაან ბევრი უფროსწორია, მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი… რომლებსაც არ სურთ პატიმარ მერაბიშვილისადმი მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის ამოღება და ჩვენება…

და ვინ მოთვლის?

მგონი ოცნების ყველა ამომრჩეველი უფრო თანასწორია, დანარჩენები, ‘ცხოველები’ ხომ ფერმის ნაციონალ გამგეებს ემხრობოდნენ, ამიტომ ისინი უბრალოდ თანასწორები არიან…

კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი შეუიარაღებელი თვალით, ზედაპირზე ჩანს…

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ცოტაა. არც დედანში, არც გერმანულ თარგმანში არაა აღმატებითი ხარისხი: “უთანასწორესი”…

ჩვენ გვყავს 2 უთანასწორესი სასულიერო და საერო იმპერატორი: მათი სიტყვა ხომ კანონია. 

ერთი მილიონებს ხარჯავს გერმანიაში სამკურნალოდ(ბავშვები და უსახლკაროები კი ამასობაში შიმშილით იხოცებიან), თან სათნოებას გვასწავლის…

მეორე კი პრეზიდენტს, პრემიერს, მერს გვინიშნავს და თან დემოკრატიას გვასწავლის…

სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ…ისედაც ცხადია.

როგორც ხედავთ, ჩვენი თანასწორობა სუბორდინაციული, სამსაფეხუროვანია…

პოლიტიკური კარიერა და ‘ნორმალური ცხოვრება’ ვისაც უნდა, სწორებიდან უფროსწორებში უნდა გადახტეს! 

ფაქტი ჯიუტია, All animals are equal, მაგრამ…


ვწეროთ და ვიკითხოთ. არა, სწორებო?!


უფროსწორები ხომ  ამას არც წაიკითხავენ, აბა, ტყუილად არიან ისეთები?

მასალების გადაბეჭდვის წესი