თქვენ, როგორც ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლმა, რა შეგიძლიათ თქვათ მისი როლის შესახებ ევროინტეგრაციულ პროცესებში?
ზურა იყო ერთ–ერთ მთავარი, კარგი გაგებით, იდეოლოგი საქართველოში ევროინტეგრაციული პროცესისა და არა მარტო ამ იდეის მხურვალე მომხრე, არამედ ის ადამიანი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა იმაში, რომ ევროპას ეღიარებინა ის, რომ საქართველო გეოგრაფიულად ევროპის ნაწილია. მე გავიხსენებ, როდესაც საქართველოს ევროპის საბჭოს წევრად იღებდნენ, იქ დისკუსიაც კი გაიმართა, რამდენად არის სამხრეთ კავკასია ევროპის ნაწილი. ამ დონეზეც კი არსებობდა მაშინ სირთულე და ამ დონიდან დაწყებული, სხვა სირთულეების გადალახვა მოხდა და ზურას ხელმძღვანელობით და ძალისხმევით საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი. ახლა ვიხსენებდი ხათუნა გოგირიშვილთან ერთად, როგორ ტიროდა მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რადგან დიდი ბედნიერერა იყო, მოხდა კარის გახსნა იმ პერსპექტივისთვის, რომელიც შემდეგ უფრო გაღრმავდა, როცა პრემიერ–მინისტრი გახდა. ასევე ზურა იყო ერთ–ერთი პირველი, პრეზიდენტთან ერთად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უფრო ღრმა ურთიერთობებს ევროკავშირთან და დასახა ის პერსპექტივები, რისი განხორციელების შესაძლებლობაც მიეცა. დღეს ბედნიერი იქნებოდა ზურა ჟვანია, როცა დაინახავდა, რომ საქართველოს აქვს პარაფირებული შეთანხმებული ტექსტი ასოცირებასთან დაკავშირებით, რომელსაც, იმედია, ხელი მოეწერება და გაგრძელდება ის გზა, რომელსაც მივყავავართ იმ საზოგადოებისკენ და ოჯახისკენ, რასაც ევროპის თავისუფალი და დემოკრატიული გაერთიანება ჰქვია.
ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თქვენ მიმართაც ჩნდება ხოლმე გარკვეული ტიპის შეკითხვები, როდესაც ამ საქმეზე იწყება ლაპარაკი. რა შეგიძლიათ თქვათ ამ შეკითხვებთან და გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელზეც, როგორც პროკურატურა ამბობს, მნიშვნელოვანი სიახლეები იკვეთება?
როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, მე იმედი მომეცა, რომ ეს გამოძიება უფრო მეტ ნდობას მოიპოვებდა, რადგან ჩვენი ხელისუფლების დროს რაღაც განცხადებების თუ მთელი რიგი სხვა მიზეზების გამო, სამწუხაროდ, იმ გამოძიებას არ ჰქონდა ისეთი მაღალი ნდობა საზოგადოებაში, მათ შორის გავრცელებული ჭორებისა და ბევრი ბინძური ცილისმწამებლური განცხადებების გამო. მე პირადად არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ იმ გამოძიებას არ ვენდო, ქართულ გამოძიებას თუ ამერიკულს, რომელიც ასევე ჩატარდა. ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვპირდა ახალი ხელისუფლება, რომ გაიხსნება ეს საქმე, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ გაუხსნელია. ამ გამოძიებას დღემდე ჩვენთვის არაფერი უკითხავს და პოლიტიკური ინსინუაციებით, მე არ ვგულისხმობ ოჯახს, მაგრამ დანარჩენები, ვინც ამას აკეთებენ, ბინძური ცილისწამებებით არიან დაკავებული, რომელთაც ზურა ჟვანია მის სიცოცხლეში ძალიან არ აღელვებდათ, კორტნიდნენ და მისი შეურაცხყოფით იყვნენ მაშინ დაკავებული ძალიან ბევრნი და დღეს ცდილობენ, რომ რაღაც პოლიტიკური თუ სხვა დივიდენდები მოიპოვონ. ეს გამოძიება, ადრე თუ გვიან, დამთავრდება.
ბატონო გია, თქვენ მაშინ ყველაფერი თქვით ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც იცოდით?
რა თქმა უნდა. მე იქ არ ვყოფილვარ და მეტი რა უნდა მეთქვა.