კომენტარი

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება ტელეკომპანია ,,TV3“-თან დაკავშირებით

20 ნოემბერი, 2013 • • 980
კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება ტელეკომპანია ,,TV3“-თან დაკავშირებით

“კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 20 მაისის N343/11 გადაწყვეტილებით გაცემული თანხმობის საფუძველზე შპს „TV3“-ის წილის 9%-ის მესაკუთრე გახდა კახა ბაინდურაშვილი.

 

ცნობილია, რომ კახა ბაინდურაშვილი, ამავდროულად, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო პალატის პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

 

შპს „TV3”-ის შესაბამისობის დეკლარაცია, რომელსაც ხელს აწერს შპს „TV3“ის დირექტორი კახა ბაინდურაშვილი,  შეიცავს დადასტურებას, რომ ტელეკომპანია “TV3”-ის ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. 

 

ამავე შინაარსის შეუთავსებლობას აქვს ადგილი შპს „ენერჯი გრუპის“ შემთხვევაშიც, რომლის 20% წილის მესაკუთრე და დირექტორი არის კახა ბაინდურაშვილი. შპს „ენერჯი გრუპმა“ 2013 წლის 26 აგვისტოს გაიმარჯვა ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში, ხოლო ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ იქნა 2013 წლის 1 ნოემბერს.

 

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენს კომპანიების- „TV3“-ის და „ენერჯი გრუპის“ მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას და მედიის პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი საკანონმდებლო პრინციპების უხეშ დარღვევას. მოვუწოდებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მიიღოს კანონით გათვალიწინებული ზომები ზემოაღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად. 

 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

  1. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  4. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია;
  5. რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
  6. რეგიონული მედიის ასოციაცია;
  7. მედიაკლუბი;
  8. პრესის ასოციაცია;
  9. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
  10. ინფორმაციია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  11. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
ნათქვამია კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადებაში. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი