კომენტარი

რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის ღია წერილი კულტურის მინისტრს

31 აგვისტო, 2013 • • 1893
რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის ღია წერილი კულტურის მინისტრს

მოგახსენებთ, რომ სარეკომენდაციო საბჭომ, რომლის დანიშნულებასაც სახელმწიფო თეატრებისათვის სამხატვრო ხელმღვანელის შერჩევა წარმოადგენს, ფარულ კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად შემარჩია მე, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი. ამავე კენჭისყრაზე სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები შეირჩა დანარჩენი 27 თეატრისათვის.

 

ამ პროცედურის შემდეგ, დანარჩენ კანდიდატურებთან ერთად, თქვენ დასამტკიცებლად წარგედგინათ ჩემი  კანდიდატურაც. თუმცა, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ აპირებთ შეცვალოთ საბჭოს ეს გადაწყვეტილება.


თოჯინების თეატრი წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ გამონაკლისს თბილისში არსებულ თეატრებს შორის, რომელშიც კონკურსში ერთზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა. ჩემი კონკურენტი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე იყო თეატრის ამჟამინდელი მმართველი თემურ ბადრიაშვილი.

 

ჩემთვის ცნობილია, რომ კენჭისყრის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როცა ჩემმა კონკურენტმა შეიტყო, რომ ის დამარცხდა, კულტურის სამინისტროში შემოიტანა თოჯინების თეატრის სამხატვრო საბჭოს განცხადება, რომელშიც, მათი ინიციატივით, მე წარდგენილი ვარ მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე, ხოლო კენჭისყრაში ჩემი კონკურენტი, თეატრის ამჟამინდელი მმართველი თემურ ბადრიაშვილი- სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი სურვილის ქონის შემთხვევაში, თეატრის მმართველს შეეძლო ამგვარი თანამშრომლობის შემოთავაზება ჯერ კიდევ კენჭისყრაში დამარცხებამდე. მინდა გაცნობოთ, რომ ზემოთ აღნიშნული განცხადება არაა ჩემთან შეთანხმებული, ამ განცხადების არსებობის შესახებ არ ვფლობდი არანაირ ინფორმაციას და მე არ ვაპირებ თეატრის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან ამ ფორმით თანამშრომლობას.

 

ვეცდები, მოკლედ და მკაფიოდ განგიმარტოთ ამის მიზეზი: კონკურსში ჩემი მონაწილეობის მთავარ მოტივაციას თეატრის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა იყო, რომელშიც ის ახლაა. მოგეხსენებათ, თეატრის ამჟამინდელი მმართველი, 1999 წლიდან მოყოლებული დღემდე, 14 წლის განმავლობაში იკავებდა ხელმძღვანელის პოზიციას და დროის ამ ხანგრძლივ მონაკვეთში საშუალება ჰქონდა გადაედგა კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები თეატრის კრიზისიდან გამოსაყვანად.

 

მინდა გაცნობოთ, რომ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ვთანამშრომლობდი ხსენებულ თეატრთან და დავდგი ორი თოჯინური სპექტაკლი. შესაბამისად, მომეცა საშუალება საფუძვლიანად გავცნობოდი თეატრის ტექნიკურ-მატერიალურ ბაზას, შიგნიდან გამეცნო არსებული მდგომარეობა, რის საფუძველზეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თეატრი სრულადაა ჩამორჩენილი ქართულ თეატრალურ სივრცესა და პროცესებს, თეატრის გადასარჩენად საჭიროა აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 

არსებული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები დეტალურად მაქვს აღწერილი სარეკომენდაციო საბჭოსათვის წარდგენილ თეატრის განვითარების 4- წლიან სამოქმედო გეგმაში. გთხოვთ, გაეცნოთ ამავე საბჭოსათვის მიწოდებულ ჩემს პროფესიულ ბიოგრაფიას, რათა დარწმუნდეთ, რომ კონკრეტულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, გააზრებული მაქვს თეატრის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები.

 

მთავარი რეჟისორის თანამდებობა, რომელზეც მე ჩემმა, დამარცხებულმა კონკურენტმა ჩემთან შეუთანხმებლად წარმადგინა, არ წარმოადგენს იმ მნიშვნელობისა და მასშტაბების პოზიციას, რომელიც არსებულ მძიმე ვითარებაში ხელშესახები ცვლილებების გატარების საშუალებას მომცემს და პირიქით – აღმოვჩნდები იმ რისკის წინაშე, მეც ამ უმოქმედო სისტემის წევრი, ერთ-ერთი რგოლი გავხდე.

 

თოჯინების თეატრთან თანამშრომლობის პერიოდში, ჩამომიყალიბდა კარგი პროფესიული და პიროვნული ურთიერთობები დასთან, შემოქმედებით ჯგუფთან. ამის საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი კანდიდატურა ვერ იქნება დასისათვის მიუღებელი, ახლა კი აშკარაა, რომ აქვთ მცდელობა, პროცესები ამ ნიშნით შეფუთონ.

 

ამასთან, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემს კონკურენტთან არ მაქვს არანაირი პიროვნული კონფლიქტი, უბრალოდ, გვაქვს მკვეთრად განსხვავებული შეხედულება თოჯინების თეატრის განვითარებასა და მომავალზე .

 

პ.ს. ვაცნობიერებ, რომ გაქვთ იურიდიული უფლება, არ გაითვალისწინოთ სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილება, თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ნიშნით უგულებელყოფთ შვიდი კომპეტენტური თეატრმცოდნის რეკომენდაციას (აქვე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ განცხადება, რომელიც თეატრის სამხატვრო საბჭომ თქვენ წარგიდგინათ, არის სახელდახელოდ შექმნილი, კენჭისყრაში დამარცხების შემდეგ და არაა ჩემთან შეუთანხმებელი).

 

პპ.სს. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს არ იქნებოდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული პროცესი, ბოლომდე ვენდე სარეკომენდაციო საბჭოს წევრების კომპეტენტურობას და მქონდა და მაქვს თქვენო ობიექტურობის იმედი.

 

პატივისცემით,

ელენე მაცხონაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი