
იმ შეთხვევაში, თუ “მეცხრე არხი” ბიძინა ივანიშვილმა საინიციატივო ჯგუფს გადასცა, გაჩნდება თუ არა კითხვები, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე, ამ ჯგუფის მიუკერძოებლობის მიმართ?
ვიდრე “მეცხრე არხი” საინიციატივო ჯგუფის ხელში გადავა, ჩნდება კითხვები, როგორ უნდა გადავიდეს. არ არსებობს ერთი ვერსია, თუ რამდენად იყიდება ეს ტელევიზია. ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის ეს რეალისტური, შეგროვდება თუ არა ამხელა თანხა და შესაძლებელი იქნება თუ არა ამ არხის შესყიდვა.
მეორე მთვარი საკითხია, როგორ უნდა შეინახონ ეს ტელევიზია. საზოგადოებრივი ტელევიზია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივ მაუწყებელს მუდმივად ფინანსური პრობლემები აქვს. მართალია, არის ხარვეზები მენეჯმენტსა და მართვაში, მაგრამ ეს პრობლემები აშკარაა. ამ სიტუაციაში მეორე საზოგადოებრივ ტელევიზიას რატომ ვქმნით? რა მიზანი აქვს ამას, როდესაც ერთს ვერ მივხედეთ და არ გვაქვს ისეთი, როგორიც უნდა იყოს?
არგუმენტი იყო გამოთქმული, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” არ არსებობდა რესურსი. ახალი ტელევიზიის საშუალებით დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნის მეტ შესაძლებლობას ხედავენ.
ინიციატივა მშვენიერია. ამის მიუხედავად, ჩემთვის ბუნდოვანია და მიჭირს წინასწარ განვსაზღვრო მიუკერძოებლობა. ვინ იქნებიან ის ადამიანები, როგორ უნდა დაკომპლექტდეს საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭო. ვინ აირჩევს სამთვალყურეო საბჭოს წევრებს. როგორც კი ამ საბჭოს დაკომპლექტება დაიწყება, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, რომ მთლიანად მიკერძოებელი და პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იქნება.
რამდენიმე ადამიანის მოძებნა შეიძლება, ვინც პოლიტიკურად არაანგაჟირებულია, მაგრამ საზოგადოება არის საოცრად ანგაჟირებული. ჩემი კოლეგების ინიციატივას, ამ კეთილ სურვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვიტოვებ უფლებას, ცოტა სკეპტიკური ვიყო ამ იდეის მიმართ.
კონკრეტული მონახაზი “მეცხრე არხის” საზოგადოებრივ არხად გარდაქმნის შესახებ ჯერ არ არსებობს, გარდა ზოგადი იდეისა. უნდა ჰქონდეთ მზად კონკრეტული გეგმა, თუ ამის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა?
არ არის ადრე ამის შესახებ საუბარი. ტელევიზია ერთ კვირაში დაიხურება თუ სამ კვირაში, როდესაც საინიციატივო ჯგუფის მფლობელობაში გადავა, თუკი არ არსებობს განვითარების გეგმა, მნიშნელობა არ აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი, თუნდაც როგორც ბიზნესმენი, დაარწმუნონ იმაში, რომ ისინი აცოცხლებენ ტელევიზიას. აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ განვითარების გეგმა.
საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ ივანიშვილს ორი ვარიანტი აქვს: მიჰყიდოს პოლიტიკურად ანგაჟირებულ მხარეს, ან მიჰყიდოს მათ. მართლაც ამ არჩევანის წინაშეა ივანიშვილი?
ამის საშიშროება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის არის, მაგრამ არ მესმის, არაანგაჟირებულმა ხალხმა როგორ უნდა აცოცხლოს ეს ტელევიზია. დონორის დოტაციის გარეშე ბეჭდურ მედიასაც უჭირს არსებობა. ჩვენს ქვეყანაში მედია ისე განვითარებული არ არის, რომ ის ბიზნესის ერთ-ერთი წყარო იყოს. არ მჯერა, რომ დღეს შესაძლებელია, პოლიტიკური დაინტერესების გარეშე, თუნდაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოისურვოს ამ არხის მფლობელობა. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც რამდენიმე ათასს გადაიხდის იმისათვის, რომ ეს ტელევიზია საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაიქმნას, ამის არ მჯერა. სად არიან ეს ადამიანები, რატომ არ ვიცოდით ამ ადამიანების არსებობის შესახებ?
ია ანთაძემ განაცახადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ საინიციატივო ჯგუფს უფრო დაუჭერს მხარს, ვიდრე სხვა მყიდველს. რეალისტურია მათი მოლოდინი?
ძნელია ვივარაუდო, რა ენდომება ბიძინა ივანიშვილს. ვფიქრობ, რომ მას უნდა ამ ტელევიზიისგან გათავისუფლება. ეს კარგი ინიციატივაა, მაგრამ მაშინ რატომ ყიდის? შეიძლება ეს იყოს კეთილი ჟესტი და ამ საინიციატივო ჯგუფს აჩუქოს მთლიანად ეს ტელევიზია. არ ვიცი, რას მოინდომებს. თუკი უნდა, რომ წინასაარჩევნოდ დემოკრატიის მეტი ქულა დააგროვოს, შესაძლებელია, ეს ერჩივნოს, და ამისათვის არ გამოეკიდოს მილიონებს. შესაძლებელია, უბრალოდ, გაუქმება ერჩივნოს, რომ რომელიმე ჯგუფს სიმბოლურ ფასად მიჰყიდოს.
“მეცხრე არხი” მესამედ ფასად იყიდება. ანუ ეს ტელევიზია არ არის მომგებიანი?
ბიზნესმენისთვის, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური მოტივი, დღეს ამხელა ტელევიზიის შენახვა, როცა იცის, რომ აქედან მოგება არ იქნება, რასაკვირველია, არარეალისტურია, და ძალიან ძნელი იქნება ისეთი ახალი მეპატრონის მოძებნა, რომელსაც არ ექნება პოლიტიკური ინტერესები. ყველა ტელევიზიის უკან პოლიტიკური ინტერესი დგას და ჯერჯერობით არ გადავსულვართ იმ ეტაპზე, როცა ტელევიზია მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის მხარე იქნება. ტელევიზიას მხოლოდ ენთუზიაზმით ვერ აცხოვრებ, მას სჭირდება ძალიან დიდი თანხები.
მეცხრე არხის რეიტინგი არც არჩევნებამდე იყო ძალიან მაღალი. “მაესტროს” და “რუსთავი2”-ის რეიტინგი ყოველთვის უფრო მაღალი იყო. თუმცა “მეცხრე არხის” რეიტინგი იყო უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღესაა. მაყურებელმა ინტერესი “მეცხრე არხის” მიმართ დაკარგა. რაც უნდა იყოს, მაყურებელს ყოველთვის უყვარს კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა. დღეს რომ 90% “ქართულ ოცნებას” უჭერდეს მხარს, მისთვის მაინც უფრო საინტერესო იქნება “კურიერის” ნახვა, სადაც “ქართულ ოცნებას” უფრო მეტად აკრიტიკებენ, ვიდრე მეცხრე არხის საინფორმაციოს ნახვა, სადაც “ქართულ ოცნებას” ნაკლებად აკრიტიკებენ.
მოქალაქეთა გაერთიანებას, რომელსაც “მეცხრე არხის” შესყიდვა სურს, მიაჩნია, რომ მათი აქტივობა სამოქალაქო საზოგადოებას აძლიერებს და მის დღის წესრიგში უნდა იყოს “მეცხრე არხის” “გადარჩენა”. არის თუ არა მართლაც “მეცხრე არხის” გადარჩენა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ერთ-ერთი პირობა?
ჩვენ ვიცით, რომ სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება და გამოხატავს პროტესტს მისთვის მიუღებელი მედიის წინააღმდეგ, რომელიც პროფესიონალურია და მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნები არ ისმის. მაგრამ ის, რომ საზოგადოებამ თავისი ჯიბიდან უკანასკნელი თეთრები გაიღოს მედიის გადასარჩენად, მე ასეთი შემთხვევა არ ვიცი. თუმცა თავს ვერ დავდებ, შეიძლება არსებობდეს.
ამ ტელევიზიის გადარჩენა დღევანდელ მოცემულობაში რამდენად მნიშვნელოვანია, არ ვიცი. არა მგონია, რომ ეს იყოს მთავარი მნიშნელობის ფაქტი, რომ თუკი ამ ტელევიზიას გადავარჩენთ, მაშინ სამოქალაქო საზოგადოება შედგება, თუ ვერ გადავარჩენთ, ვერ შედგება. არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვმდგარვართ და კიდევ ბევრჯერ დავდგებით.







