კომენტარი

ზაზა ხატიაშვილი ივანიშვილს: ისტორიაში შეხვალთ როგორც დიქტატორი

10 ივლისი, 2013 • • 1393
ზაზა ხატიაშვილი ივანიშვილს: ისტორიაში შეხვალთ როგორც დიქტატორი

“ბატონო  ბიძინა,

 

ორი თვის წინ მოგმართეთ  ღია  წრილით,  არ დაგეშვათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  111 -ე მუხლში    ისეთი ცვლილებები,  რომელიც დაგვაბრუნებდა ფეოდალიზმის ეპოქაში,  მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეთ  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს   ყველა მოქმედ ადვოკატს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედმა ყველა ავტორიტეტულმა   არასამთავრობო  ორგანიზაციამ მხარი დაგვიჭირა, საქართველოს პარლამენტმა  გაუმართლებლად   შეზღუდა  ადვოკატის   უფლებები.

 

აღნიშნულის  შემდეგ  მე, რაღა თქმა უნდა, მივხვდი, თქვენ  საით მიგყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ  ის, რაც თქვენ გააკეთეთ

ზაზა ხატიაშვილი
ზაზა ხატიაშვილი

2013 წლის 3 ივლისს,  ამას მე  და ქართული სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე  ცუდ სიზმარში ვერ წამოვიდგენდით.

 

საქართველოს  უახლესი ისტორია  ძალიან ბევრ ფაქტს  იცნობს,  როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ახდენდნენ   მოწმეზე  ზეწოლას,  რომ  მას  მიეცა  ის  ჩვენება,  რაც მათ აწყობდათ. თუ რომელიმე მოწმე  არ ასრულებდა მათ მითითებას, მას ცემაში კლავდნენ. როდესაც  საქართველოში  2010 წლის  1 ოქტომბრიდან   ამოქმედდა   ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,  ყველაზე   დადებითი ნორმა იყო  სასამართლოში მოწმის დაკითხვის ახალი წესი,  რომელიც  სამართალდამცავ ორგანოებს   უკრძალავდა  მოწმის დაკითხვას  სასამართლოს  გარეშე.     მოცემული   სიახლე  პოლიციას  და  პროკურატურას  უსპობდა საშუალებას  მოწმე მიეყვანათ  პოლიციის ან  სხვა  დაწესებულებაში და  ეწამებინათ. აღნიშნული ნორმის შემოღება მოხდა   საერთაშორისო ორგანიზაციების და  არასამთავრობო სექტორის   სააკაშვილის რეჟიმზე ზეწოლის შედეგად.   მაგრამ  სააკაშვილი  რის  სააკაშვილი იყო, გამოსავალი არ მოენახა,    ამიტომ,  სანამ ამოქმედდებოდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სააკაშვილის   პარლამეტმა   სააკაშვილის და   ადეიშვილის  ზეწოლით  შეიტანა   მასში  ცვლილება და   ახალ  სისხლის  სამართლის საპროცესო კოდექსს  დაამატა  332 მუხლი,   სადაც  მიუთითა,  რომ  მოწმის  დაკითვის   ახალი წესის ამოქმედება უნდა გადაწეულიყო ერთი წლით,  რადგან საჭირო იყო სამართალდამცავი ორგანოების გადამზადება აღნიშნული ნოვაციისადმი.

 

როდესაც  გავიდა ერთი წელი და სამოქალაქო საზოგადოება ველოდებოდით   მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას,  საქართველოს  მაშინდელი პარლამენტის  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი, პარლამეტარები   კუკავა და ანჯაფარიძე   შედიან   პარლამეტში  ინიციატივით,  რომ მოწმის დაკითხვის  ახალი  წესის ამოქმედება  გადადებულიყო  2012 წლის  დეკემბრამდე.  მიუხედავად  ჩვენი პროტესტისა, სააკაშვილის რეჟიმმა მაინც  თავისი გაიტანა,   მოწმის დაკითხვის  ახალი  წესის  ამოქმედება,  რომ მოწმე  დაკითხულიყო  მხოლოდ     სასამართლო პროცესზე,     გადაიდო   2012 წლის  დეკემბრამდე. 

 

თქვენი პოლიტიკაში შემოსვლის  შემდეგ,  2012 წლის თებერვალში გორის პოლიციაში დაკითხვაზე   მიიყვანეს  ქიმერიძე მოწმის სტატუსით,    რომელიც  პოლიციის დაწესებულებაში   წამების შემდეგ გარდაიცვალა.  მაშინ თქვენ  გულზე ხელს ირტყამდით და ამბობდით, რომ დამნაშავენი უნდა დასჯილიყვნენ და ეს აღარ უნდა მომხდარიყო.  ქიმერიძის სიკვდილის  შემდეგ  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია   აპელირებდა  პარალმენტის  ბრალეულობაზე, რომელმაც  არ  აამოქმედა  მოწმის  დაკითხვის  ახალი  წესი.  ვინაიდან  საცოდავი   ქიმერიძე რომ დაკითხულიყო  პირდაპირ სასამართლო პროცესზე,  დღეს ცოცხალი   იქნებოდა.  წინასაარჩევნო პერიოდში  თქვენ გვპირდებოდით  სამართლიან  სასამართლოს და გვაიმედებდით, რომ საქართველოში ყველაფერი  ერთი კაცის გადასაწყვეტი აღარ იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ  თქვენ  დაგიჯერეთ.

 

რამოდენიმე დღის წინ  პოლიციის დაწესებულებაში მოწმის  სტატუსით მიყვანილი  მამუკა მიქაუტაძე სიცოცხლეს  თვითმკვლელობით ასრულებს,  მას აღენიშნება წამების კვალი,  მაგრამ თქვენ  აღნიშნულ საკითხზე  განცხადებას არ აკეთებთ  და გავიწყდებათ თქვენი  1,5 წლის წინანდებლი  განცხადება  ქიმერიძის საქმეზე.  უნდა  აღინიშნოს, რომ ქიმერიძის  საქმეზე  მაშინდელმა  შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვანო მერაბიშვილმა  პოლიციიის უფროსი თანადმებობიდან გაათავისუფლა,  რაზედაც  თქვენ გააკეთეთ კომენტარი, ხელისუფლებამ უკან დაიხიაო.

 

ყველა  ის  უბედურება,  რაც  ხდებოდა  პოლიციის დაწესებულებებში  მოწმეებთან  მიმართებაში,  დაკავშირებული იყო   ბაქრაძის პარლამენტის მიერ  მოწმის  პირდაპირ  სასამართლოზე  დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებით.  პოლიციის დაწესებულებებში  ამდენი ადამიანის  წამების  და მკვლელობის  ფაქტების გახმაურების   შემდეგ     პირადად  მე და ალბათ სამოქალაქო საზოგადოების  დიდი ნაწილი ვერ წარმოვიდგნედით, რომ საქართველოში კიდევ გამოჩნდებოდა ისეთი პიროვნება,  რომელიც  ღიად დაუპირსპირდებოდა  სამოქალაქო საზოგადოებას და  მოითხოვდა მოწმის  პირდაპირ  სასამართლოზე  დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას.  ჩემდა   სამწუხაროდ,  ეს პიროვნება აღმოჩნდით თქვენ,    ბიძინა ივანიშვილი,  საქართველოს პრემიერ- მინისტრი,  რომელსაც   თურმე  არ გძინავთ  სამოქალაქო  საზოგადოებაზე  ფიქრით  და  იბრძვით  სამართლიანი სასამართლოს შექმნისათვის.  როდესაც  მე  მითხრეს,  რომ თქვენ  საქართველოს პარლამენტს     მიმართეთ ინიციატივით  მოწმის  პირდაპირ  სასამართლოზე  დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებით,  მე  არ მჯეროდა.  ვინაიდან   ვიფიქრე,  ამას  ბიძინა ივანიშვილი როგორ იკადრებს ,  ადამიანის წამებას როგორ შეუწყობს ხელს- მეთქი, მაგრამ  დღეს ჩამივარდა  ხელში  საქართველოს  მთავრობის  2013  წლის  3  ივლისის  სხდომის ოქმი # 20,  სადაც    ვკითხულობთ , რომ თქვენ მოიწონეთ ინიციატივა და  მიმართეთ პარლამენტს, რომ  პარლამენტმა შეიტანოს  ცვლილება    სისხლის  სამართლის საპროცესო კოდექსის  332 მუხლში  და   2014 წლის დეკემბრამდე  გადაიდოს    მოწმედ   დაბარებული  პირის  პირდაპირ  სასამართლოში დაკითხვა.

 

ბატონო პრემიერო,

 

თქვენ  აღნიშნულ   ინიციატივას თუ არ  გამოიხმობთ  პარლამენტიდან   და  არ აღიარებთ  თქვენს  შეცდომას,  რისი შანსიც  ჯერ  კიდევ  გაქვთ,  თქვენ   საქართველოს  ისტორიაში შეხვალთ  როგორც  დიქტატორი,  ვინაიდან   თქვენ   საქართველოში  აკანონებთ  პოლიციაში თუ სხვა  საჯარო  ორგანოებში  მოწმედ დაბარებული პირების წამებას და არაადამინურ მოპყრობას, როგორ   შეიძლება   სამართლებრივად  მოაზროვნე პიროვნებას  თავში მოუვიდეს აზრად, რომ    სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  ყველაზე პროგრესული  ნორმის  ამოქმედება გადაიტანოს  ორი წლის ვადით და მოწმედ დაბარებული პირი არ დაკითხოს  პირდაპირ სასამართლო  შენობაში ?    სააკაშვილის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოებას და  საერთაშორისო ორანიზაციებს დაპირდა, რომ 2012 წლის  დეკემბრიდან  მოწმე დაიკითხებოდა პირდაპირ სასამართლო  პროცესზე,   რასაც  ითვალისწინებდა    სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.    თქვენ   აცნობიერებთ   თუ არა,  რომ აღნიშნული    ცვლილების ინიცირების შემდეგ თქვენ არაფრით  განსხვავდებით  მიხეილ  სააკაშვილის , ვანო მერაბიშვილის,  ზურაბ ადეიშვილის და პალიკო კუბლაშვილისგან ,    რა უკანონობებსაც   თქვენ  აკანონებთ,  იგივეს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი   თავისი  მმართველობის   წლებში.   ადამიანების   წამებით და    გაუპატიურებით არ  დაუწყია სააკაშვილის რეჟიმს   საქმიანობა,    მასიური ძალადობა    სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო    2007 წლიდან,    რამაც  ბევრი   მისი   მაღალჩინოსანი  დასვა  საბრალდებო სკამზე და კიდევ ბევრს მოუწევს პასუხისგება  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე.

 

ბატონო პრემიერო,

 

რამოდენიმე   დღის  წინ,  პრესკონფერენციაზე   თქვენ აღნიშნეთ,  რომ  რასმუსენის სტუმრობის   დროს  მერიის მაღალჩინოსნების დაკავება არ იყო  სწორი ნაბიჯი.  თქვენ  რომ ვერ ერკვევით   იურისპრუდენციაში, ვიცით,  მაგრამ  არც მაგისი გასაჭირი უნდა გქონდეთ,  რომ  ერთი ნორმალური იურისტი დაიქირავოთ.  მთელმა საქართველომ იხილა   ტელევიზიის საშუალებით,  სამართალდამცავებმა  როგორ დაადეს ბორკილები ადამიანებს,   რომლებიც  შემდეგ   დაკითხვის  გარეშე  გაათავისუფლეს.    თუ თქვენ  საჯაროდ  აფიქსირებთ თქვენს  აზრს ,  რომ ეს იყო  დაკავება, მაშინ  გამოდის, რომ ადგილი ჰქონდა  უკანონო დაკავებას.  მინდა მოგცეთ  იურიდიული კონსულტაცია.

 

საქართველოს  სისხლის სამართლის  კოდექსის    147-ე მუხლის  1 ნაწილის  თანახმად,   განზრახ უკანონო დაკავება    ისჯება თავისუფლების შეზღუდვით  ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების  აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის  უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.  

 

ვინაიდან  მოხდა  მოქალაქეთა  ნების წინააღმდეგ  მათი უკანონო გადაადგილება,  სამართალდამცავი ორგანოს  მუშაკების მხრიდან    ჩადენილია      საქართველოს  სისხლის სამართლის  კოდექსის    143-ე  მუხლით გათვალისწინებული დანაშაული- თავისუფლების უკანონო აღკვეთა  ორი ან მეტი პირის მიმართ,   რომელიც  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.  ასევე   სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილია  სისხლის სამართლის  კოდექსის    333  -ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.  

 

სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების მხრიდან  უკვე მეტისმეტი    მოგივიდათ.   ყველა ის პირი,  ვინც მონაწილეობდა მერიის მაღალჩინოსნების  უკანონო დაკავებაში, არის მინიმუმ 5 წლით ციხეში ჩასასმელი.  ამის შემდეგ თქვენ    როგორ  უნდა ისაუბროთ  სამართლიანობის აღდგენაზე,   მე უბრალოდ ვერ წამომიდგენია.

 

ბატონო პრემიერო,

 

ვინაიდან   თქვენი  გარემოცვა ვირტუალურ   გარემოში გამყოფებთ, მინდა მოგცეთ ერთი რჩევა, მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს იყო თქვენზე პოპულარული,   სადაც მიდიოდა,  ყველა კოცნიდა  და  სკანდირებდა მიშა,   მიშა , მიშა, მაგრამ დღეს   ვხედავთ, იგი როგორ ამთავრებს.  თქვენ ასევე  დიდი სიყვარულით აგირჩიათ ხალხმა  და, სამწუხაროდ. მეც ვიყავი თქვენი ამომრჩეველი,  მაგრამ  თქვენ სააკაშვილივით  98  პროცენტი არ მიგიღიათ.  თქვენ   თქვენი მოღვაწეობა დაიწყეთ ისე,  როგორც  ეს გააკეთა  სააკაშვილმა,   დაუპირისპირდით სამოქალაქო საზოგადოებას,  ამიტომ რაც  მიიღო სააკაშვილმა, თქვენც იგივეს მიიღებთ.

 

ბატონო პრემიერო,

 

თუ თქვენ  არ  გაითხოვთ  თქვენს მიერ  საქართველოს  პარლამენტში       სისხლის  სამართლის საპროცესო კოდექსის  332 მუხლში    ინიცირებულ   წინადადებას, რომ    2014 წლის დეკემბრადმე     გადაიდოს    მოწმედ    დაბარებული პირის  პირდაპირ  სასამართლოში დაკითხვა,   საქართველოში მამუკა მიქაუტაძის  და  სხვა  პირების   გარადაცვალება  დაგბრალდებათ  პირადად თქვენ,    თავის ზეობის წლებში ვანო მერაბიშვილსაც არ ეგონა, რომ   საპატიმრო    დაწესებულებაში მოხვდებოდა,  მაგრამ  ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ   უკანონო ქმედებებზე    პასუხისმგებლობას   ვერავინ ვერ   გაექცა  და იცოდეთ, ვერც თქვენ გაექცევით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი