კომენტარი

კოალიცია “გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”17 მაისის ძალადობის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს

21 ივნისი, 2013 • 934
კოალიცია “გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”17 მაისის ძალადობის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ არასამთავრობო, მედია და ბიზნესორგანიზაციას, ეხმიანება მიმდინარე წლის 17 მაისს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. კოალიცია თვალს ადევნებს 17 მაისს გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირებისა და მის მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტურობას.

 

მივესალმებით რა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს, რომლებმაც აღნიშნეს ყველა მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობის მნიშვნელობასა და ჩადენილ დანაშაულებზე სათანადო რეაგირებისა და ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ქმედებები დღეის მდგომარეობით არ შეესაბამება ამ დეკლარირებულ მიზნებს.

მოვუწოდებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ აღნიშნული ფაქტების დროული და სრულყოფილი გამოძიება და ყველა იმ პირის კანონის შესაბამისად სამართლიანი დასჯა, ვინც გადალახა კანონით დაცული ზღვარი და შელახა სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება.

 

ჩადენილი დანაშაულების შეფასების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ძირითად შემთხვევებში ის სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის საფუძველზე განხორციელდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და სიძულვილის დანაშაულთა ბრძოლის ეფექტური მექანიზმია.

 

ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისგებაში მიცემა აუცილებელია, როგორც კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებისთვის, ისე იმისთვის, რომ მსგავსი ძალადობა და დემოკრატიული ღირებულებების შელახვა დავაზღვიოთ მომავალში. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია პასუხისგებაში მიცემულ პირებს ჰქონდეთ საშუალება, ისარგებლონ დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

 

კოალიცია მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, რაც, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვასა და ტოლერანტობაზე დაფუძნებული საზოგადოების ფუნქციონირებას გულისხმობს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვა, ქვეყანაში კანონის უზენაესობის, კანონიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

 

ჩვენ გამოვთქვამთ მხარდაჭერას სახელმწიფოს მიმართ, რათა მან ეფექტურად უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არადისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და, ამავდროულად, დაიცვას კანონის უზენაესობა, საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდობა ქვეყანაში.
„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ არ ეთანხმება განცხადებაში აღნიშნულ გარკვეულ მოსაზრებებს, ფორმულირებებსა და განცხადების გავრცელების დროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი