კომენტარი

ზაზა ხატიაშვილი: “მინდა მოგილოცოთ საქართველოს ასლან აბაშიძის პერიოდში დაბრუნება”

17 ივნისი, 2013 • • 1252
ზაზა ხატიაშვილი: “მინდა მოგილოცოთ საქართველოს ასლან აბაშიძის პერიოდში დაბრუნება”

ზაზა ხატიაშვილის განცხადებას “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

ზაზა ხატიაშვილი
ზაზა ხატიაშვილი

 

“პატივცემულო პარლამენტარებო, პარასკევის ვუყურებდი პარლამენტის სხდომას და გამიჩნდა სურვილი მოგმართოთ საკანონმდებლო ინიციატივით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შემადგენლობაში შედის 4000 ადვოკატი, მართლაც შთამბეჭდავი ციფრია. დღეს მოქმედი კანონით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირჩევს ადვოკატთა საერთო კრება. კრების მოწვევა და საარჩევნო კამპანია ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მძიმე ტვირთად აწვება ადვოკატთა ასოციაციას. მე იმდენად მომეწონა თქვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განათლების კანონში, რომ გამოვიდვარ ინიციატივით, ადვოკატთა შესახებ კანონში შევიდეს ცვლილება და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დანიშნოს პრემიერ- მინისტრმა. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, დავზოგავთ ხარჯებს, აღვადენთ სამართლიანობას და, რაც მთავარია, აღნიშნული ცვლილება ნამდვილად დაგვაბრუნებს არცთუ შორეულ წარსულში, რომლისკენაც სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ და რომელსაც ასლან აბაშიძის მმართველობის ეპოქა ქვია. 

 

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ დაირქვით ქართული ოცნება და სინამდვილეში რა იყო თქვენი ქართული ოცნება? როდესაც პარლამენტში მეორე მოსმენით იხილებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები და სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეთ, ვიფიქრე, იქნებ შეეშალათ და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მივმართე, სადაც ვთხოვე, არ დაეშვა საქართველოს ფეოდალიზმის ერაში დაბრუნება. შემდეგ თქვენს მამა- მარჩენალს- ბატონ ბიძინასაც მივმართე, მაგრამ პასუხის გაცემა არ იკადრეს. ასე მალე თუ გაგიტკბებოდათ სკამები, ვერ წარმოვიდგენდი.

 

პატივცემულო პარლამენტარებო, ვაფასებ თქვენს შემართებას, ადვოკატებისთვის არ მიგეცათ ინფორმაციის გამოთხოვის უფლება და მოქალაქეები დაგეტოვებინათ დაცვის გარეშე. ასევე, მინდა შეგახსენოთ თქვენი ძირითადი საარჩევნო დაპირება- „სამართლიანი სასამართლო“. ბატონი ივანიშვილი და პარლამენტი როდესაც საუბრობს სამართლიან სასამარლოზე, თქვენი კომენტარების შემდეგ მიჩნდება აზრი, რომ 99 პროცენტს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სამართლიანი სასამართლო. თქვენ  სამართლიანი სასამართლო გგონიათ იუსტიციის საბჭოს შემადგენლბის ხელახალი დაკომპლექტება, რაც თავისთავად საოცარი ფაქტია. მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპებში, ამიტომ ვეღარ მოატყუებთ. 
მეოცნებე უმრავლესობავ, თქვენს გასაგონად ვიტყვი, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპები გაწერილია ევროპული კონვენციის 6 მუხლში „სამართლიანი სასამართლოს უფლება“, რაც გულისხმობ, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება“ ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლება და პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს „სამართლიანი სასამართლოს უფლება“ ხალხისთვის. ევროპული კონვენციის 6 მუხლის თანახმად, „სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ვინც არ იცით, რა არის მხარეთა თანასწორობა, გეტყვით, რომ ეს არის პროკურორების და ადვოკატების თანასწორუფლებიანობა. პარასკევს, პარლამენტის სხდომაზე, თქვენ მხარი დაუჭირეთ ადვოკატის უფლებების შეზღუდვას და პროკურორის უფლებების გაზრდას, მაგრამ ხვალ თქვენ კიდევ გეყოფათ სინდისი და ისაუბრებთ სამართლიან სასამართლოზე, „თქვენ ხომ პოლიტიკოსები ბრძანდებით და პოლიტიკოსები არასოდეს ამბობენ სიმართლეს.

 

სამოქალაქო საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ წინასწარი გამოძიების დროს ადვოკატს არ აქვს არანაირი მექანიზმი დაიცვას მოქალაქე. ადვოკატს არა აქვს უფლება მიმართოს სახელმწიფო უწყებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. მაშინ, როდესც პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს ინფორმაცია. ასევე, ადვოკატი ვერ მიმართავს სასამართლოს ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით იმიტომ, რომ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სასამართლო ადვოკატის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. 30 მაისს ადვოკატებმა გადავწყვიტეთ უპრეცედენტო შიმშილობის აქციის დაწყება, პარლამეტნის წინ დავიდეთ ბორკილები და ვითხოვდით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაუქმებას, რომლის თანახმად, ჩვენ უფლება არ გვაქვს სასამართლოს მივმართოთ შუამდგომლობით ამოღების და ჩხრეკის თაობაზე. აქცია დავიწყეთ დილის 11 საათზე, შევქმენით საგაფიცვო კომიტეტი, შევარჩიეთ მოშიმშილე ადვოკატები დღეების მიხედვით. პარლამენტმა რომ დაინახა, ადვოკატების პროტესტი იყო საკმაოდ მწვავე, მაშინვე გააკეთა განცხადებები, რომ ქართული ოცნება არ ჰგავდა სააკაშვილის პარლამენტს და არ იყო ჯიუტი პარლამენტი. ამიტომ არ დასძლევდნენ ვეტოს და გამოასწორებდნენ შეცდომას. ადვოკატებთან შესახვედრად გამოვიდნენ დეპუტატები და გვთხოვეს, მიგვეცა მათთვის საშუალება, რათა შეცდომა გამოესწორებინათ. მე პირადად შევხვდი ოცამდე პარლამენტის წევრს უმრავლესობიდან, რომლებმაც აღიარეს შეცდომა და პირობა დადეს, რომ ყველაფერს გამოასწორებდნენ. ვინაიდან სატელევიზიო ეთერში გაისმა პარლამენტარების დაპირება, ადვოკატებმა გადავწყვიტეთ კიდევ ერთი შანსი მიგვეცა მმართველი საპარლამენტო კოალიციისათვის. მე, ზაზა ხატიაშვილი დავთანხმდი პარლამენტარების თხოვნას და შევწყვიტე შიმშილობა, რათა საკომიტეტო მოსმენებში მიმეღო მონაწილეობა. 11 ივნისს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების თაობაზე დებატებს 10 ადვოკატთან ერთად დავესწარი, რომელიც მიჰყავდა შალვა შავგულიძეს. ბატონი შალვა, სანამ პარლამენტარი გახდებოდა, ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლი კომიტეტის წევრი ბრძანდებოდა, რომელმაც პირადად ორი წლის წინ მოამზადა და მხარი დაუჭირა პარლამენტში  წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, უკვე პარლამენტარის რანგში, ეწინააღმდეგება იმას, რაც, როგორც აღვნიშნე, თვითონ მოამზადა. სხდომის დროს ბატონ შალვას გავახსენე სისხლის სამართლის კომიტეტის ერთ-ერთი სხდომა, როდესც ჩვენ ყველა ვიხილავდით ადვოკატ ლევან სამუშიას მიერ წარმოდგენილ საქმეს. კერძოდ, ოთხი წლის წინ ადვოკატი ლევან სამუშია იცავდა პიროვნებას, რომელსაც ყაჩაღობაში ედებოდა ბრალი. ვინაიდან ბრალდებული ამტკიცებდა, რომ როდესაც ყაჩაღობა მოხდა, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა თბილისში, ადვოკატმა ლევან სამუშიამ კომპანია “ჯეოსელისგან” ინფორმაცია მოითხოვა, თუ სად იმყოფებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყაჩაღობის ჩადენის დროს, მაგრამ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ადვოკატს უპასუხა, რომ ,,ეს არის ამოღება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, თქვენ უფლება არა გაქვთ მიმართოთ სასამართლოს ამოღების თაობაზე შუამდგომლობითო”, ბატონმა შალვამ დამიდასტურა, რომ კარგად ახსოვს ეს ფაქტი. მე მაქვს კითხვა ბატონ შალვასთნ, თუ ორი წლის წინ ბატონი შალვა შავგულიძე პირადად ითხოვდა ცვლილებას საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლში, ორი წლის შემდეგ რა შეიცვალა? მე როდესაც გამოვედი პარლამენტიდან, ვიყავი გაოგნებული და შეშფოთებული. ვერანაირად ვერ გამიგია, შვიდი თვის მანძილზე რა მოუვიდა ამ ხალხს ისეთი, ასე როგორ შეიცვალნენ. ბოლოს, მივდივარ იმ მოსაზრებამდე, რომ ალბათ ასეთები იყვნენ, უბრალოდ ნიღაბი ჩამოისხნეს.
სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულო პარლამენტარებო, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუსტად იგივე მდგომარეობაა, როგორიც მერაბიშვილის დროს იყო. ჩემი შეხედულებით, პოლიციის ძალადობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი მე-2 ნაწილის ახალი რედაქციით ამოქმედებას უნდა დაებალანსებინა, რათა დაცვას მისცემოდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე. რადგან, თუ დაცვას ექნება ეს უფლება, შეძლებდა პოლიციის დაწესებულებებში არსებული ძალადობის შეჩერებას. 
მინდა შეგახსენოთ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიციელების მიერ ჩადენილი რამოდენიმე საგმირო საქმის შესახებ.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გვყავს გარდაცვლილი პატიმარი, რომელიც თავდაპირველი ვერსიის თანახმად კიბეზე დაგორდა, შემდეგ ეს ვერსია შეიცვალა, მაგრამ ეს საქმე ჯერჯერობით ჩაფარცხეს.
საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია, 26 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით 18 წლის გიგი სვანი, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა ერთი ოპერაცია და უახლოეს დღეებში საჭიროებს მეორე ოპერაციას. დაზარალებულის ბებიის განცხადებით, შსს კვალის დაფარვას ცდილობს, მათ შორის საავადმყოფოში. 
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვაფრთხილებდი ხელსუფლებას, რომ პოლიციის ჩინოვნიკების ზღვარგადასული სისასტიკე აღეკვეთათ. ვინაიდან პოლიცია დაიწყებდა ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში ხოცვას, მაგრამ არავინ არ დამიჯერა და აი, პირველი შედეგიც. 18 წლის ახალგაზრდა გიგი სვანი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, მაგარმ იგი შეიძლება დაინვალიდდეს, არადა ვინმეს რომ მოესმინა ჩემთვის და დაეკავებინათ ძმებ ლაშა და გიორგი სოზაშვილებზე თავდასხმაში მონაწილე პოლიციელები, სხვები ვეღარ გაბედავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას.

მოგიყვებით ერთ ფაქტს, რომელიც პირადად მოვუყევი შინაგან საქმეთა მინისტრს ამა წლის იანვარში შეხვედრაზე ევროკავშირის და გაეროს ელჩის თანდასწრებით. ასევე, შევხვდი მთავარ პროკურორს და ვაჩვენე გაყალბებული საქმის მასალები. ასევე, პირადად გადავეცი სახალხო დამცველს გაყალბებული მტკიცებულებები. მეგონა, ვინმეს აინტერესებდა მოქალაქეთა ბედი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არავის. ოთხი თვე ვცდილობდი დავხმარებოდი უდანაშაულო ახალგაზრდებს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს გადავწყვიტე, საქმის კურსში ჩამეყენებინა სამოქალაქო საზოგადოება. ვინაიდან, თუ შინაგან საქმეთა მინისტრს გაუვიდა დაუსჯელობის ერთი ფაქტი მაინც, მთელი სამოქალაქო საზოგადოება ვხდებით დაუცველი. ძმები სოზაშვილების ჩვენებით, 2012 წლის 2 დეკემბერს, 02:50 საათზე, თბილისში, თრიალეთისა და კალაუბნის ქუჩებზე, ძმებ გიორგი და ლაშა სოზაშვილებს თავს დაესხა ორი პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი, იოსებ სახლთხუციშვილი და იოსებ ბაიაძე და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას ბოდიში მოეხადა და გაცლოდა იქაურობას, დამხმარე ძალა გამოიძახეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ლაშა და გიორგი სოზაშვილები დააკავეს. პოლიციელები თავის ჩვენებაში განმარტავნ, რომ ისინი სამსახურეობრივი ფორმით იყვნენ და პირიქით, ლაშა და გიორგი სოზაშვილებმა მათ  მიაყენეს შეურაცხყოფა. როგორც ლაშა და გიორგი სოზაშვილების ჩვენებებიდან იკვეთება, მათ თავს ორი პიროვნება დაესხა, რომლებსაც არ ეცვა პოლიციის ფორმა. პროკურორი ვალდებული იყო, ვიდეოგადაღების ამსახველი კადრები მოეთხოვა. თუ ეს კადრები არ იყო იმ ადგილზე, სადაც პოლიციელების მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევა მოხდა, მაშინ, როგორც საქმის მასალებით იკვეთება, პოლიციის განყოფილებაში ძმები ლაშა და გიორგი სოზაშვილები იოსებ სალთხუციშვილის და იოსებ ბაიაძის მიერ იქნენ მიყვანილი. ყველა პოლიციის წინ სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, რომლებიც აუცილებლად დააფიქსირებდნენ, პოლიციელებს ეცვათ თუ არა ფორმა. ადვოკატს უფლება რომ ჰქონოდა სასამართლოს ძალით მოეთხოვა ვიდეოფირის ამოღება, მაშინ გაირკვეოდა, რომ პროკურორმა დამალა დანაშაული და ამით დანაშაული თვითონ ჩაიდინა. თუ ადვოკატი გაარკვევდა, რომ პოლიცილები და მათ საშველად მისული სხვა პოლიციელები ტყუიან, პროკურორი ვალდებული იქნებოდა ისინი ცრუ ჩვენების გამო პასუხისგებაში მიეცა. 
ფაქტობრივად ყველა საქმეში იკვეთება პოლიციის მხრიდან მტკიცებულების განადგურების მცდელობა. 
საიას წევრზე თავდასხმის დროს პოლიციის ჩინოვნიკი ცდილობდა ვიდეოფირის განადგურებას, ძმები სოზაშვილების შემთხვევაში პოლიციიდან გააქრეს ვიდეომტკიცებულებები, გიგი სვანის შემთხვევაში მტკიცებულებების გაქრობის მცდელობას აქვს ადგილი. და ა.შ. 

პატივცემულო მეოცნებე უმრავლესობავ, სწორედ ამიტომ არ მოგვეცით ადვოკატებს საშუალება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, დაცვას მისცემოდა უფლება, მიემართა სასამართლოსთვის შუამდომლობით ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე, მაშინ ვეღარ დაიჭერდით სოზაშვილებს, ვეღარ გაბედავდით მტკიცებულებების გაყალბებას და სამოქალაქო საზოგადოება იქნებოდა დაცული. 
ახალა კი მივხვდი, რატომ დაირქვით ,,ქართული ოცნება“.

საპარლამენტო უმრავლესობას მინდა მოგილოცოთ საქართველოს ასლან აბაშიძის პერიოდში დაბრუნება, პარლამენტი სავსეა ასლან აბაშიძის პარტიის თუ მისი მხარდამჭერი სახეებით. როგორც ჩანს, მათ იმდენად მოენატრათ ფეიდალიზმი, რომ გადაწყვიტეთ, ხორცი შეასხათ მათ ოცნებებს. თუ ასეთი შემართებით გააგრძელებთ ცხოვრებას, მალე გეყოლებათ თქვენი თენგიზ ასანიძეები, რაც ჩემი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ქართული ოცნება ნამდვილად არ ყოფილა. 

 

დაბოლოს, მინდა გირჩიოთ, განათლების კანონში შესატანი ცვლილება ერთი კვირით შეაჩეროთ და დაამატოთ ცვლილებათა პაკეტი, სჯობს სკოლის დირექტორების დანიშვნის უფლებაც პრემიერ- მინისტრს მივანდოთ, ეს იქნება სამართლიანობის უპრეცედენტო აღდგენა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე,
ზაზა ხატიაშვილი
სტრასბურგიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი