კომენტარი

ცოტნე მამულაშვილის საქმეზე სწრაფი და ობიექტური სასამართლოს მოთხოვნით მთავრობას მიმართავენ

2 ივნისი, 2013 • • 1574
ცოტნე მამულაშვილის საქმეზე  სწრაფი და ობიექტური სასამართლოს მოთხოვნით მთავრობას მიმართავენ

მოგმართავთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები,სრულიად უპარტიო ან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები,რომლებიც გავერთიანდით ზეპარტიული,ჰუმანური მიზნით,დავეხმაროთ ერთ კონკრეტულ ადამიანს,რომლის უფლებების დარღვევა ამ მომენტისთვის სამწუხაროდ უდავოდ გვესახება!

 

ალბათ ყველას გვსმენია ცოტნე მამულაშვილის შესახებ,რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.მრავალი ჩვენთაგანი ყურადღებით ადევნებდა  თვალს მის საქმეს და ვიცით,რომ ის თავის დროზე სასამართლომ გირაოთი არ გაანთავისუფლა და ცოტნე ახლაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება დაკავების დღიდან ისე, რომ მას სასამართლოს მიერ ბრალი ჯერ არ დამტკიცებია. ამ მომენტისთვის ცოტნე მამულაშვილი,რომლის დამნაშავეობაში ბევრ ჩვენთაგანს ეჭვი ეპარება,უკვემეოთხე თვეა,რაც გლდანის # 8 საპყრობილეში იმყოფება.ბოლო დროს საზოგადოებისთვის ცნობილიგახდა,რომ ცოტნეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა,რაც ციხის პირობებში გამორიცხავს მის სათანადო და აუცილებელ,დროულ მკურნალობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საგრძნობლად და დღითი-დღე აუარესებს.ჩვენთვის ასევე ცნობილია,რომ ცოტნეს დედას,ქალბატონ  მაია ორჯონიკიძეს აქვს სერიოზული გულის პრობლემა და რომ ერთადერთი შვილის დაპატიმრების შემდეგ ის სახლში სრულიად მარტო დარჩა.

 

ქალბატონი მაია ორჯონიკიძე სოცქსელების მეშვეობით მუდმივად აცნობდა საზოგადოებას მასსა და მის შვილთან დაკავშირებულ  მოვლენებს,ამიტომ ჩვენთვის ცნობილია,რომ ბოლო დროს ცოტნეს და მისი დედის ჯანმრთელობას განსაკუთრებული საფრთხე დაემუქრა. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა,რომ დღეისთვის ყველაზე მთავარ პრობლემას ცოტნე მამულაშვილის სასამართლოს გაუმართლებელი, დროში ხელოვნური გაჭიანურება წარმოადგენს,რაც გამოიხატა პროკურატურის მიერ ორი სხვადასხვა საქმის გაერთიანებითა და სასამართლო სხდომებს შორის გაუმართლებლად დიდი ინტერვალების ჩანიშვნით,რაც სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს კიდევ დიდი ხნით ახანგრძლივებს.

 

მართალია,კანონით ადამიანის დაპატიმრებიდან სასამართლოს აქვს წინ 9 თვე, მაგრამ ეს დრო მაქსიმალური წინასწარი პატიმრობის ვადაა და სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე, რომლის განხილვაც სასამართლოს მიერ ბევრად ნაკლებ დროშია შესაძლებელი,მაინცდამაინც 9 თვეზე უნდა გაიჭიმოს. სხვა შემთხვევაში იბადება გონივრული ეჭვი, რომ სასამართლო მიკერძოებულია და როგორც წინათ, პროკურატურისა თუ სხვა დაინტერესებულ ზემდგომ პირთა ინტერესებით ხელმძღვანელობს, იმის მაგივრად რომ სწრაფი და ობიექტური მართლმსაჯულება განახორციელოს, რომელიც სიმართლეს დაადგენს და პატიმართა კანონიერ უფლებებს არ შელახავს.

 

ყოველივე ზემოთქმულის გამო, ჩვენ არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ცოტნე მამულაშვილის სასამართლო შეგნებულად ჭიანურდება და დამატებითი ზეწოლისა თუ დასჯის ინსტრუმენტად გამოიყენება პროკურატურისა თუ სასამართლოს მხრიდან, მაგრამ ის რომ ასეთი ეჭვები საზოგადოების ნაწილში უკვე არსებობს, თავისთავად რეაგირებას მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. როგორც გვახსოვს,წინა ხელისუფლების დროს პროკურატურა და სასამართლო ხშირად შეთანხმებულად მოქმედებდა, რამაც უამრავი ადამიანისა და ოჯახისბედი შეიწირა.საზოგადოების ნაწილში არსებობს ეჭვი, რომ ცოტნე მამულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მისი დედის პოლიტიკური აქტივობის გამო ხორციელდება და საუკეთესო საშუალება ამ ეჭვების გაქარწყლებისა ცოტნეს მიმართ სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულების გამოყენებაა. თუ ახლანდელი ხელისუფლება გულწრფელად გმობს  პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, მაშინ ამ პრინციპით თავადაც უნდა იხელმძღვანელოს, როდესაც უკვე ხელისუფლებას წარმოადგენს.რადგან ახალ მთავრობას აქვს გაცხადებული მიზანი და პრეტენზია,რომ ადამიანის უფლებათა დაცვა მის პრიორიტეტს წარმოადგენს და ის ემიჯნება წარსულში არსებულ  პრაქტიკას ამ სფეროში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვითხოვდეთ მისგან ადამიანის უფლებათა განუხრელ დაცვას, მით უმეტეს პატიმართა უფლებების დაცვას, რაც განსაკუთრებით აქტუალური იყო ბოლო პერიოდში.ნუ დაგვავიწყდება, რომ დაგროვილმა უსამართლობის განცდამ და საზოგადოების დახარისხებამ „ჩვენიანებად“ და „სხვისიანებად“ უკვე არაერთხელ გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ძვრები.

 

სწორედ ყოველივე ამის გათვალისწინებით,მოგმართავთ თხოვნით,იქონიოთ მყისიერი და შესაბამისი რეაგირება ცოტნე მამულაშვილის საქმეზე,რაც კონკრეტულად გულისხმობს მისი სასამართლო პროცესის დაჩქარებას, სწრაფ მართლმსაჯულებას და ასევე ობიექტურ და მიუკერძოებელ სასამართლოს, რომელიც არ დაუტოვებს კითხვებს საზოგადოებას და ნაკარნახები იქნება მხოლოდდამხოლოდ სიმართლის დადგენის სურვილით! ვიტოვებთ იმედს,რომ ჩვენს მიმართვას აუცილებლად მოყვება მყისიერი და ადეკვატური რეაგირება! 

 

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”  შექმნილია გვერდი  “გაანთავისუფლეთ ცოტნე მამულაშვილი”, მისი თითოეული დამლაიქებელი მიმართვის ავტომატური ხელმომწერია. ამჟამად გვრდს 1 167 მომწონებელი ჰყავს. ხელმოწერები გრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი