კომენტარი

მერმე და მერმე მშუიდობით ტოლერანტობაზე

23 მაისი, 2013 • 2734
მერმე და მერმე მშუიდობით ტოლერანტობაზე

კახაბერ კურტანიძე
კახაბერ კურტანიძე

მაისის ჩვიდმეტმა მერმე და მერმე (კვლავ და კვლავ) წარმოაჩინა რელიგიის იდეოლოგიად ხმარების (ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობით) უზნეობა — უზნეობა, საშინელება, და სახიფათოება!

 

მახსნდება ყველა საკითხში საპატრიარქოს რწმუნებულის გიორგი ანდრიაძის დათო პაიჭაძესთან სატელევიზიო “დიალოგი”: აქაოდა მართმადიდებლობა იდეოლოგია უნდა იყოსო ჩუენიო…

 

“ტოლერანტობის” განსაზღვრა არაა იოლი რამ, მაგრამ ვცადოთ, რა გვენაღვლება, ვინაა ჩვენი ან მომსმენი, ან განმსჯელი?!

ლათინური “tolerantia” ნიშნავს: მოთმინებას, ვაჟკაცობას, მამაცობას, ამტანობას, ტკივილისა და გასაჭირში სულგრძელობას.


ანუ, ამ სიტყვის იდუმალი მაგიის მიხედვით, იყო ტოლერანტი/შემწყნარებელი ნიშნავს, იყო სულგრძელი (არასულმოკლე) და ვაჟკაცი/მამაცი.  ესე იგი ტოლერანტობა სულის სიქველეა, პიროვნების სათნოებაა!


ანტონიმად კი გამოდის, ლაჩრობა, სულმოკლეობა, „ტურასმსგავსიხროვადმძრწოლველობა“…


ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ (ვთქვათ, რა გვენაღვლება?!), რომ ტოლერანტობა არის პოზიტიური/დადებითი ეთიკური იდეალი — არატოლერანტობა კი…


თუმცა, რატომ უნდა იყო ეთიკური ან დასავლური ღირებულებების მოსწრაფე?! რა, ვითომ, რითი სჯობია იყო ადამიანი?! არ ჯობია, საღორეში სალაფავი ბლომად?! არც ეგზისტენციალური კითხვები შეგაწუხებს, სიკვდილისაც (ამ ფილოსოფიური არქიმედეს საყრდენი წერტილის, საიდანაც კოპერნიკივით ატრიალებ სამყაროს და შენს თავს მასში) არ გადარდებს, და პასუხისმგებლობის კი, საერთოდ, ინჩი-ბინჩიც კი არ მოგეთხოვება! აბა, წარმოიდგინე, საჭმელი, სასმელი და რუსი ნაშები! ჰეი გრუზინ, რა დროს მორალია, ხო არ უბერავ, ტო (ამ “ტოს” ხმარება სწორად უნდა, ყველას არ გამოსდის)?!


იტყვიან, ტოლერანტობის იდეალი მოდერნულობის ხანიდანაა და მე-16 საუკუნიდან იღებს სათავეს — სასტიკი რელიგიური ომების ფონზე იწყებს მოაზრებულობასო…


შეიძლება ასეა და, შეიძლება, არა…


პლატონის დიალოგების სოკრატე ხომ არ შეიძლება იყოს სამაგალითო ფიგურა?! მისი ტოლერანტობა განპირობებულია გონების ძალისადმი მისი რწმენიდან და  იქიდან, რომ “იცის, რო არაფერი იცის” (ეს ორივე კი ევროპული ფილოსოფია/კულტურის საწყისია). შემწყნარებლობა აუცილებელია ჩვენთვის. ის, მიუხედავად იმისა, რომ ვართ სასრული და ადვილად-შემცდრადი არსებები, გვიყვარს მაინც სიკეთე, როგორც ჭეშმარიტება და ვეძიებთ მას. მათი შეწყნარება, ვინც სიკეთის შესახებ რადიკალურად განსხვავებულად აზროვნებს, გვაძლევს საშუალებას სიკეთის შესახებ ვიკამათოთ მათთან და ამრიგად გავაღრმავოთ ჭეშმარიტების ძიება. თუმცა, რამდენად ვრცელდება სოკრატეს ვიწრო წრის გარეთ ამგვარი დიალოგური ძიების შესაძლებლობა? ტოლერანტობა, როგორც სიქველე-სათნოება და მორალური პოზიციაა. ის არ უნდა  შემოიფარგლოს კეთილგანწყობილი მობაასების წრით, არამედ მკაცრად, მეტიც, სასტიკად დაპირისპირებულებზეც უნდა გავრცელდეს ალბათ!


მაგრამ მაინც, დაე, დავიწყოთ სოკრატეთი.

როდესაც ტოლერანტობას აქვს ადგილი მაშინ:

1. სახეზეა უარყოფითი მიმართება ოპონენტის პოზიციისადმი;

2. შესაძლებელია ოპონენტის პოზიციის უარყოფა (სხვათა შორის, ამას ვართმევთ ქართველებს, როდესაც ვეუბნებით, “თუ არ დოუჯერებ დეიდა ნატოსა, ბუა მუა და შაგჭამს!”);

3. შეგნებულად და საკუთარი არჩევანით ხდება თავშეკავება ამ ოპონენტის პოზიციის უარყოფისაგან.


ახლა ოდნავ ფართოდ თითოეული ეს პუნქტი.


1. უარყოფითი დამოკიდებულება არაა არც ა) უკიდურესი დაწუნება და ბ) არც უკიდურესი მიღება. ცხადია, ორივე შემთხვევაში ტოლერანტობას ადგილი არ ექნება: ‘ა’-ს შემთხვევაში შეუძლებელია; ‘ბ’-ს — ისედაც მიღებულია თუნდაც ეს უკანასკნელი გულგრილობისა და უინტერესობის (მკიდიაობის) გამო ხდებოდეს. გამოდის, რომ შეწყნარება ხდება  სადღაც ‘ა’-ს და ‘ბ’-ს შუაში. თუმცა, ეს მთლად ასეც არ უნდა იყოს. მაგალითად, არანაირად არ ვიწყნარებ, რომ სიგარეტის მოწევა კარგია. მაგრამ ვიწყნარებ ჩემს ძმას, რომელიც ეწევა, რადგან ვაღიარებ  მის პიროვნულობას, პატივს ვცემ რა მის არჩევანის თავისუფლებას და, ბოლოს და ბოლოს, მიყვარს.

 

ან, სულაც არ ვეგუები არანაირად, მაგრამ თავს ვარიდებ და არ შევდივარ კონტაქტში. ვთქვათ, პორნოგრაფია მიმაჩნია სისაძაგლედ და არანაირად არ ვეხები მის გამოვლინებებს (ჟურნალებს, ფილმებს, აქციებს და სხვა). თუმცა, არა ვარ წინააღმდეგი საჯარო სახლების (ბორდელების), ვაღიარებ რა ადამიანის არჩევანის ხელშეუხებლობას. ეს ასეა, მაგრამ, მაინც არანაირად არ ვაპირებ პორნოგრაფთან მეგობრობას და ყველანაირად ვარიდებ მას თავს.

 

2. შემიძლია უარვყო ოპონენტის პოზიცია, მარამ არ ჩავდივარ ამას ძალმომრეობის თავიდანაცილების გამო. ანუ, პრინციპი მშვიდობიანობის თუ არდაჩაგვრის უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ოპონენტის პოზიციის უარყოფა.

 

3. თავს ვიკავებ ოპონენტის პოზიციის უარყოფისაგან, რადგან უმჯობესია, რაიმე სასიკეთო მიზნის მისაღწევად ვითანამშრომლო მასთან.

მაშასადამე, ტოლერანტობა გამომდინარეობს იქიდან, რომ  ბუნებით ვართ შეცდომის დამშვებლები, ანუ ყოველწამს შეიძლება შეგვეშალოს რაიმე (ვცდებით კიდეც წამ-და-უწუმ). ამასთან, არ ვართ უსასრულონი და ყველაფერს შეუძლებელია გადავწვდეთ, შევიმეცნოთ და ვაკონტროლოთ. რაღაც უფრო მეტზე ვართ დამოკიდებული, ვიდრე ვართ თავად და ვართ კიდეც ამ მეტის რამ ასპექტი მხოლოდ. ეს სტოიციზმში (ჩ.წე. მე-3 — ჩ.წთ. მე-6 სკ) კარგად ვლინდება: სხვისი აზრების, ქმედებებისა და საქციელის გაკონტროლება შეუძლებელია. ამიტომ შევიწყნარებ და ამით ვაკონტროლებ საკუთარ ემოციებსა და მთლიანად საკუთარ თავს. ამასთან, ბოროტება მხოლოდ უცოდინარობის შედეგია. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ ოპონენტზე განვრისხდე, უნდა ვიფიქრო მასზე. ანუ, ვბრაზდები საქციელზე და არა მოქმედზე. თუმცა აქ ორი მძიმე კონტრარგუმენტია: ა) რატომ არ იცის, ანუ რატომ არ ისწავლა?! ბ) ვთქვათ, იცის და ისე აკეთებს, ანუ შეგნებულად ბოროტობს?!

 

ახლა დავუბრუნდეთ შეეჭვებას, რა სჯობია იყო ადამიანი და არა ღორი, ან იყო ქართველი და არა გრუზინი?

 

იმის ნაწილი, რომ გქონდეს ღირსება და იყო ადამიანი (ქართველი ადამიანი, თუნდაც მართმადიდებელი) არის ის, რომ შეგვიძლია ჩვენი შეხედულებები და რწმენები დავაფუძნოთ ჩვენივე აზროვნების უნარზე და, ზოგადად, გონებაზე. თუმცა იმის გამო, რომ პირობები, კონტექსტი, გარემოებები ძალიან განსხვავებულია და, ამასთან, სიკეთის ცნებაც (გაგებაც) ძალიან ფართო და ამოუწურავია (მუდმივ და ნიადაგ აზროვნებას საჭიროებს), ადამიანები ჭეშმარიტების ძიებისას  შეიძლება მივიდნენ სხვადასხვა შუალედურ დასკვნებამდე (ვიმეორებ, სიკეთე ამოუწურავია და გარდა შუალედური დასკვნებისა შეუძლებელია მისი გაგება — სიკეთე მუდამ გადავადებადია. ის მუდამ წინაა და მისი მხოლოდ ნაწილი გვიპყრია — თუკი გვიპყრია საერთოდ). ამრიგად, ადამიანის ღირსებაა მისი აზროვნება და ამ აზროვნებაზე დაფუძნებული მისი მრწამსი. ხოლო ეს მისი ღირსება გვაიძულებს შევიწყნაროთ იგი ისეთი, როგორიც არის. სხვანაირად მას ვართმევთ ღირსებას, შეურაცხვყოფთ მის ადამიანობას. ხოლო შეურაცხვყოფთ რა ადამიანობას, შეურაცხვყოფთ საკუთარ თავსაც! ანუ, ღირსება ერთია და იგია “აზროვნება და გონზე მარად-ხელახლა დაფუძნებადი რწმენა”. თუ ამას სხვას წავართმევთ, მაშინ ის (ღირსება) იკარგება მთლიანად, რადგან ის ერთია ყველასათვის.


თუმცა ტოლერანტობის ამგვარი გაგება როდი გვაიძულებს შევიწყნაროთ ყველაფერი და ყოველივე. მაგალითად, არ შეიძლება მათი შეწყნარება, ვინც მიმართავს იძულებას, ძალმომრეობას (ფსიქოლოგიურსაც მათ შორის) მოაქციოს მავანი ამა თუ იმ მორალურ იდეალზე, რომელიმე რელიგიაზე (მაგ., თუ ხარ ქართველი, უნდა იყო მართმადიდებელი და პატრიარქ ილია მეორეს უნდა უწოდო უწმიდესი და უნეტარესი და ერის მამა). ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, შეუწყნარებელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც განსხვავებულის შეწყნარება მიუღებელია. ეს უკანასკნელი თავად დგება ტოლერანტობის გარეთ და მასზე ვერანაირად ვეღარ ვრცელდება იგი.


რაც შეეხება პოლიტიკურ ტოლერანტობას, განსხვავებით პიროვნული სიქველისაგან. აქ მხოლოდ პრაგმატული მიდგომაა გამართლებული ალბათ. პრაგმატულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია არ არსებობდეს სიკეთის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია და ჩვენეული გაგება არ შეიძლება (შესაძლებელი კია, ოღონდ) იქნას თავსმოხვეული სხვაზე. ანუ, თუ არ გვინდა, რომ მუდამ იყოს სექტანტური ძალმომრეობითი ურთიერთდაპირისპირებულობები, ომები, ტოტალიტარული წნეხები ფსიქიკაზე, უნდა შევეგუოთ განსხვავებულს.


17 მაისს ქართველებმა ადამიანის ღირსებაზე ხელი აღმართეს, ხელი აიღეს რა საკუთარ ადამიანურობაზე და „გაცხოველდნენ“( „გრუზინობაც“ კი სანატრელი გაგვიხდა, მგონი). ბრბომ ბარაბა ითხოვა, “ჯუარს აცუ” იღრიალა, მაგრამ ჯვარცმული იესო ღმერთს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ლოცულობდა: “მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ” (ლუკ 23.34). სულ მალე ასეც მოხდა (ღმერთმა ისმინა იესოს ვედრება) და იგივე ხალხი, ვინც “არ იცოდა, რას აკეთებდა”, დაიწყო აზროვნება და რწმენა: ” ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული. […] უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ. […] მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე. […] იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას” (საქმე მოციქულთა 2.4,47; 4.4; 6.7).

 

17 მაისი სირცხვილია ჩვენი, მაგრამ მე პირადად არ ვარ უიმედოდ…

 

მასალების გადაბეჭდვის წესი