კომენტარი

ჰომოფობია ბუნებრივია? ფრაგმენტი დღევანდელი აქციის იმ ნაწილიდან, რომელსაც შევესწარი

17 მაისი, 2013 • 1050
ჰომოფობია ბუნებრივია? ფრაგმენტი დღევანდელი აქციის იმ ნაწილიდან, რომელსაც შევესწარი

 თუმცა ის, რაც დღეს ვნახეთ, აქციაზე თუ კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანებთან, არ იყო ჰომოფობიის ის გამოვლინება, რასაც ვხვდებოდით წლების მანძილზე ღიად თუ ფარულად ქართულ საზოგადოებაში, ეს  არ იყო ადამიანების სიძულვილი – არამედ იყო სურვილი,  სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაენადგურებინათ  ლგბტ თემის ყველა წევრი, მათი თანამოაზრეები და უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც ფერადი ტანსაცმელი ეცვა.

 

მე ვნახე, როგორ აძვრა შავმაისურიან-ბენდენიანთა საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსთაველის გამზირზე, შემაღლებულზე  და დაიძახა: აქეეთ, აქეთ არიან – მის ძახილს  კი ასობით ადამიანის რბოლა მოყვა. თურმე ორს მისდევდნენ, ორის ჩასაქოლად ემზადებოდნენ, არ იშურებდნენ ძალას და ენერგიას, რათა თმა მოეგლიჯათ. გამეტებით ურტყამდნენ მათზე სუსტებს, უუნაროებს, ხელებაწეულ ორ ადამიანს..

 

„მოკალით, ჩაქოლეთ მაგათი დედა მოვტყან!“

 

მომხრეთა ჯარის კიჟინით გამხნევებულები კი ამაყად ტოვებდნენ ბრძოლის ველს და თვალებანთებული იწყებდნენ ახალი მსხვერპლის ძებნას. ფერადმაისურიანი განეიტრალებულია – ხვალ შავს ჩაიცვამს.

მე ვნახე სკამებით, სკამის ფეხებით შეიარაღებული სასულიერო პირები. ხაზგასასმელია, რომ  სკამის ფეხებით შეიარაღებული სასულიერო პირები იდგნენ ძალადობის სათავეში, მათ დალოცეს და აკურთხეს დღეს ადამიანების ცემა, დარბევა და შეურაცხყოფა. მე ვნახე სასულიერო პირი, რომელიც ღმერთის სახელით იგინებოდა უშვერი სიტყვებით, მე ვნახე ქალები, რომლებიც ტაშს უკრავდნენ მოძალადე კაცებს და  იღიმოდნენ.

 

მათ გაიმარჯვეს, დიახ, დღეს, 17 მაისს გაიმარჯვა სიბნელემ და კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ძალა აქვს უმეცრების ბატონობას ქვეყანაში და უმეცრების დამლოცველს.

 

 

დილიდან ვშფოთავდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინ ღამენათევ სასულიერო პირთა ნაწილის და მათი მრევლის აიდაჰოს აქციის ტერიტორიაზე მობილიზების შესახებ გავიგე.  მაგრამ ამ შფოთვას თითქოს გონს ვუპირისპირებდი და ვამბობდი: გამორიცხულია, დღეს არაფერი მოხდება, შეუძლებელია დაპირისპირება მოხდეს, რადგან აქციის მონაწილეების გარდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მიდიან პარლამენტთან, განცხადება გააკეთეს ერთმანეთის მიყოლებით იუსტიციის, შსს მინისტრმა, პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

რადგან ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დაცვის დაპირება გაცხადებული იყო და გვიხაროდა თითოეული მათი სიტყვა, როგორც მნიშვნელოვანი პრეცედენტი, თითქოს მშვიდად წავედი პარლამენტის შენობისკენ.

 

ვფიქრობდი, რომ საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება, სადაც ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად მოიხსენიეს  და მერიას აქციის ნებართვის გაუქმება მოსთხოვეს,  ვერ იქნებოდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ასობით მობილიზებული პოლიციელი აიდაჰოს მონაწილეების დასაცავად.

 

ამ განცხადებას იმიტომ ვახსენებ, რომ ვფიქრობ, ილია მეორის პირადი პასუხისმგებლობაა ის, რაც დღეს მოხდა და საპატრიარქოს ყველა წარმომადგენლის, რომელმაც გუშინდელ განცხადებაში არ დაგმო ძალადობა და არ მოუწოდა მართლმადიდებლებს მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ აიდაჰოს აღნიშვნა.

პასუხისმგბელობას ვაკისრებ პატრულის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც კმაყოფილებით იღიმოდა, როცა  შავმაისურიანები მადლობას უხდიდნენ პოლიციელებს და მით უფრო მათ, ვინც საკუთარ თავზე მიიღო ეს მადლობა.

 

კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მას შემდეგ ყველა იმ პირს, ვინც დაცვა და უსაფრთხოება აღუთქვა ორგანიზაცია იდენტობას აქტივისტებს და უბრალოდ ფერადმაისურიან ადამიანებს.

 

საფრანგეთში რომ მეცხოვრა, შესაძლებელია მეც მეწამა ღმერთის, მაგრამ მე არ მწამს რელიგიის, რომელიც ძალადობს ჩემზე, შენზე, სხვებზე -მე არ მწამს ღმერთის, რომელიც მსჯის იდენტობის გამო და არ მწამს არც იმ ადამიანების, რომლებიც ღმერთის სახელით მირტყამენ ჯვარს და ამბობენ – ამინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი