კომენტარი

განიხუნე წულუკიანი!

10 მაისი, 2013 • 1702
განიხუნე წულუკიანი!

 

  • მმართველი გუნდი ცდილობს, “არა” ისე რბილად წარმოთქვას, რომ ეკლესიის მიმართ ურჩობაში არ ჩაეთვალოს (mission impossible! რთულია რამე “შეუფუთო” მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აბორტშემოქმედ საზოგადოებას, რომლის 76%, ამავდროულად, აბორტს “არასდროს ამართლებს”);

  • მედიკოსთა თემი, რომლის ნაწილი “მკვლელობაში მონაწილედ” მოინათლა დედა-ეკლესიისადმი “პატივისცემის დასტურით”, აკრძალვაში ასევე ვერ ხედავს გამოსავალს (ეპისტოლეში დამოწმებული ანტი-ინტელექტუალური მარგალიტის მხილებისთვის სპეციალისტებს არ სცხელათ)

  • მრევლისა და ფემინისტების რეაქციები დიდ დაკვირვებას არ საჭიროებენ და არც დიდ გაკვირვებას იწვევენ.


არგუმენტი “უარეს შედეგს მივიღებთ” პოლიტიკურად გაყიდვადი ჩანს, სავარაუდოდ, გაიყიდება კიდეც. იდეა ღრმად არ დაყვინთავს, მაგრამ, ცხადია, რომ მართლმადიდებელთა პატრიარქის მოწოდება ჯერ-ჯერობით უპერსპექტივოდ გამოიყურება. მეტიც: იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური სპინინგით, ოჯახებსა და დემოგრაფიაზე ზრუნვა ლამისაა ლიბერალური ინიციატივით დასრულდეს – წულუკიანი დღის წესრიგში სელექციური აბორტების აკრძალვის საკითხს სვამს.


ანტი-ავტორიტარულად განწყობილი ადამიანისთვის მარტივია, აბორტის აკრძალვის იდეასთან ერთად, წულუკიანის ინიციატივაც დაიწუნოს (ცხადია, ასეთ ადამიანებს შორის ლიბერალ ფემინისტებს არ ვგულისხმობ). არასასურველი სქესის გამო ნაყოფის მოცილება ცალსახად ქალთმოძულე დამოკიდებულების შედეგია, მაგრამ… ქალს ან წყვილს გოგო არ სურდეს და სახელმწიფო რეგულაცია ირიბად მაინც აძალებდეს – ასევე პრობლემურია. თუ რამე უნდა გვაფრთხობდეს სახელმწიფო ძალაუფლებისგან, პირველ რიგში ეს ჩვენი “ბიოპოლიტიკური” რეგულირების ფორმების გამრავალფეროვნებაა. ასეთი პოლიტიკური ინტერვენცია წინააღმდეგობაში მოდის აბორტის კრიმინალიზების მთავარ (ჩვენში – მარგინალურ) კონტრარგუმენტთან: სხეულისა და ნების მაქსიმალური ავტონომია. ამ ფუნდამენტური პრინციპის საჯარო სივრცეში მსჯელობის საგნად ქცევა დღემდე არ მომხდარა, ამის ფონზე კი საპატრიარქოს რეგრესულ მოწოდებას სელექციურ აბორტებთან ბრძოლის პროგრესული იდეა ენაცვლება. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, ეს სამწუხარო, მაგრამ დასაშვები პარადოქსია, თუ- წინა წლების გამოცდილებით- სამოქალაქო აქტივიზმისთვის გამოწერილი, მაგრამ არაღიარებული განაჩენი.


ყოველთვის ერთ პრობლემას ვაწყდებით, თუმცა ის პრიორიტეტულად არასდროს გაპრობლემებულა. ეს არის პოლიტიკური ელიტის ძალაუფლებაზე ძლიერი დამოკიდებულება, გადაწყვეტილებები პროცესების გარეშე. იქნებ ღირს, სიკვდილით დასჯის გაუქმებაში, ჰომოსექსუალობის თუ აბორტის დეკრიმინალიზაციაში, რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის მოგვარებასა თუ სხვა პროცესებში დიდი მავნებლობა დავინახოთ?


წულუკიანის მოსაზრება არ არის პოლიტიკურად ღირებული. მერე რა, რომ მას ზოგიერთნი ვეთანხმებით? ის არ ქცეულა საზოგადოებრივი დისკუსიის, დაპირისპირების პროდუქტად. ის არავის გაუტანია, წულუკიანისთვის ხელი არავის უკრავს (ლობირებას არ ვგულისხმობ). მეორდება იგივე – ზემოდან წამოსული კარგი ინიციატივების მოწონება და იმის დუნედ აღიარება, რომ “ქვემოდანაც საჭიროა მუშაობა”. კარგი ტროპია, როგორც წესი, დაგვიანებული; გავბედავ და ვიტყვი – სერიოზულად უპასუხისმგებლოც.


პასუხისმგებლობას მეორე კუთხეც აქვს; პოლიტიკური სინდისის კალია სხვა რამესაც გვეუბნება: პოლიტიკა შეზღუდული შანსების მაქსიმალურად გამოყენების ხელოვნებაა, და აქტივისტი ამ საეჭვო შანსებს ისეთი პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს, როგორც ქრისტიანი – თუნდაც გაუპატიურების შედეგად ჩასახულ სიცოცხლეს. კანონზომიერია იმის თქმა, რომ არ უნდა მივიღოთ სელექციური აბორტის აკრძალვის იდეა, რომ სამაგიეროდ ‘ქვემოდან’ უნდა ვიმუშაოთ სოციალურ სექსიზმსა და მიზოგინიაზე, – არა სახელმწიფომ, არამედ ჩვენ, აქტივისტებმა… მაგრამ აქტივიზმის სისუსტე მეტნაკლებად გაანგარიშებადი, მრავალმარცხიანი გზისთვის განწირული გარემოებაა. რამდენად მორალურია, გადაუდებლად მისაღწევი სამიზნეების პროგრამა საეჭვო ოპტიმიზმს მიანდო და საკუთარ უძლურებას სახელმწიფო ძალაუფლება შეძლებისდაგვარად არ წაახმარო?


სახელმწიფოს “პროაქტიური” როლი სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ. ფაქტია, რომ ყველაზე მეტი სიკეთის მომტანი ის პოლიტიკაა (policy), რომელიც მეტნაკლებად ლეგიტიმურ დამოკიდებულებებს ასახავს. თუმცა ასეთი მიდგომის აბსოლუტიზაცია ყოველთვის შეიცავს ორ სარისკო ელემენტს: (1) მომავალზე გადამისამართებული ოპტიმისტური ბოდვის ძლიერ მომენტს – “ჩვენ შევცვლით!” და (2) უკეთესი და უფრო ქმედითი გზის არსებობაში დარწმუნებულობას. აქ, ცხადია, მიმდინარე დროში, კონკრეტულ ადამიანურ უბედურებებთან შეგუების მარცვალიც ჩნდება. ვისაც ამ მძიმე არჩევანთან შეგუება უჭირს, მისთვის ლიბერალური თუ სოციალურ-დემოკრატიული ზომიერების გზა ზედგამოჭრილია, დანარჩენებმა კი “კალია” დროზე უნდა გასრისონ. სამოქალაქო აქტივიზმი უკვე საბოლოოდ გამოიჭრა სტატიზმის თარგზე და ეს მის შეზღუდულ გავლენასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ დროა ვიმსჯელოთ, რას ნიშნავს ჩვენში “რადიკალურ თემებზე” მუშაობა.


“რადიკალიზმი” ხშირად უკავშირდება გამოხატვის ფორმებს, ამიტომ მოსაწყენი განმარტებით უნდა დავიწყო. პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალიზმის არსი ისეთ მოთხოვნათა და მსჯელობათა კონაა, რომელიც ახლა და ახლო პერსპექტივაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის სისტემაში არ ჯდება, თუნდაც სულ წიხლით რომ ტენო. ზემოთ ნახსენები “მარგინალური კონტრარგუმენტი” – სხეულისა და ნების იმპერატივი სწორედ ამის ერთ-ერთი მაგალითია: მეინსტრიმ-მედიაში სხეულსა და პოლიტიკას პულსი არ ესინჯება; აბორტის კრიმინალიზაციის საწინააღმდეგოდ, სულ სხვა, გაცილებით მდარე და ფსევდო-პრაგმატული არგუმენტი ფეთქავს. მეორე მაგალითი იქნებოდა სექსუალური განათლების აუცილებლობის თემა. შედარებისთვის: არანაირად რადიკალური არ არის, სახელმწიფო უწყებებს ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭირვალობის პრინციპით მუშაობას თხოვდე. ასევე არ არის რადიკალური საარჩევნო სიებზე მუშაობა და ა.შ. მოკლედ, გასაგებია…


თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურის პერიფერიებზე გარიყული რადიკალიზმი ერთია და მეორე – არსებითი რადიკალიზმი, როგორც მოქმედება, პროცესის დუღილი. სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებულ აქტივიზმში რადიკალიზმის არსი სინამდვილეში ერთობ “არარადიკალურ”, რუტინულ, უჩინარ და დისციპლინირებულ ფუსფუსს გულისხმობს. საბედნიერო გამონაკლისების მიუხედავად (“უთქმელი ისტორიები”, chachalaboratory…), აქ სივრცე ინტელექტუალურად დუნე, შემეცნების მუღამისა და აზარტისგან დაცლილი და სოციალურად იზოლირებულია. ამ ჩუმი ფუსფუსისა და დუღილის არარსებობის პირდაპირი კომპენსაციაა ორ რამეზე დამოკიდებულება: რეაქციებზე აგებული რეპრეზენტაცია და პროგრესის სახელმწიფო მოხელეებსა თუ მექანიზმებში ძიება.


ზემოთ ნახსენებ დეფიციტზე საუბარს ინტელექტუალური საქმიანობის რომანტიზებაში ან მის ერთადერთ ღირებულებად აღიარებაში ნუ ჩამითვლით. პირდაპირი მოქმედებისა და რეპრეზენტაციის გარეშე, იდეური ურთიერთგაძლიერება და შიდა-ჯგუფური განმანათლებლობა შეიძლება პოლიტიკურ აპათიაში და გაუბედაობაში გადაიზარდოს. მაგრამ ეს თეორიულად. თუკი ვინმე აქციაზე დამდგარა და პოლიციაზე მეტად გვერდით მდგომი “თანამოაზრით” დაფიქრებულა, ის გამიგებს.


სრული იდეურ-ღირებულებითი უმწიფრობა სწორედაც სუროგატული “გამოწვევების” აქტუალიზაციით კომპენსირდება. “სოფლის შენების” ერთ-ერთი მაგალითია ჯგუფური თვითრეპრეზენტატირების ჩახვეული რეპერტუარი, როგორც მოვალეობა, მიმდინარე პროცესებზე დაუზარელი რეაგირება. ამ რეაგირებებზე საპასუხო რეაქციების მოხმარება კი საერთოდ კოკაინივითაა (სადღობელაშვილი, შალვა რამიშვილის მუდმივად გამოყოფილი ენა, ჯიპიდან გადმოყოფილი მამაოს თავი და ა.შ.). მეჯიქ-თრიფი გაცილებით დაუვიწყარია, თუ მას თან სახელმწიფოს უნიათობა (შარშანდელი პოლიცია 17 მაისს, წლევანდელი – 1 მაისს), ან სულაც ეპოზოდური სიყოჩაღე ერთვის. მადლობა წულუკიანს! მისგან ბევრმა გაიგო, რომ ძალადობა ცუდია. რაც შეეხება მის შეწყვეტილ სათქმელს, რომ “საკომუნიკაციო მუშაობაა” საჭირო, ეს უკვე მისი საქმე არაა… და თქვენ წარმოიდგინეთ, – მგონი არც ჩვენი.


9 წლის წინ, ოსურ და აფხაზურ ენაზე ამეტყველებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელისუფლებო პრეგრესივიზმის მითოსი შექმნა;  მიუხედავად შემდგომი დინამიკისა, ამ მითოსში არსებობა სახეზეა. ქუჩის რეპერტუარის და ლობირების (თუ /”ვერტიკალური მეინსტრიმინგის”) ავკარგიანობაზე სიზუსტით საუბარი გულუბრყვილობაა. შეიქმნება მომენტები, რომლებიც გამარჯვების, წინსვლის განცდებს დაგვიტოვებს; განცდებთან კამათი უმადური საქმეა. გადამწყვეტი მაინც ამ ორის – დაბნეულ-ჩამოუყალიბებელთა რეპრეზენტაციის და ხელისუფლებაზე დამოკიდებულების იდეოლოგიური ფუნქციაა, – ჩვენს პირად, საკუთარ პოლიტიკურ ქცევაში რომელი ატროფირებული ნაწილის შემცვლელია.


სინამდვილეში, აქტივისტთა “პოლიტიკა” შეზღუდული შანსების გამოყენება არ არის. ეს პოლიტიკოსის გზამკვლევია. ნამდვილი პოლიტიკა შანსების მომზადებაა. იმის განცდა, რომ რაღაცას ვამზადებთ, ან რაღაცისთვის ვემზადებით, არ გაჩენილა. არც გაჩნდება, სანამ რევოლუციური საუბრები საბჭოთა ლიტერატურული თაროებივით დეკორაციული და ჩუმია, ამ სიჩუმის ფონზე კი ორი რამ გვაინტერესებს: მეურვე ელიტის ეპიზოდური პროგრესულობა და ინგა გრიგოლიას ფილოსოფია – “გქონდეთ თქვენი რეაქცია!”.


შოთა ხინჩაგაშვილი
შოთა ხინჩაგაშვილი

ავტორის შესახებ

შოთა ხინჩაგაშვილი 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი