კომენტარი

დაპირისპირება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გამო

9 მაისი, 2013 • 2153
დაპირისპირება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გამო

გიორგი გაბედავა
გიორგი გაბედავა

გიორგი, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენთ, ანუ კონკრეტულად ვინ ეწინააღმდეგება ამ დღის აღნიშვნას საქართველოში?


მე უფლებდამცველი ვარ, ორგანიზაციიდან “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის,“ თუმცა ამ ორგანიზაციის სახელით არ გამოვდივარ 17 მაისს. მე ამას ქართველი ხალხის ინტერესის გამო ვაკეთებ. ვისაც არ გვინდა ჩვენი შვილები გაირყვნას. იქ ვიქნებით- საზოგადოების რიგითი წევრები, ეკლესიის მრევლი, ხელოვანები, სტუდენტები და ა.შ. თუმცა, რომც არავინ გამოვიდეს სხვა, მარტოც გავალ, არ მაქვს პრობლემა. ჰომოფობიაში მდებენ ბრალს, მაგრამ მე არ ვარ ჰომოფობი. ფობია შიშს ნიშნავს, მე არავისი არ მეშინია, მით უმეტეს, ჰომოსექსუალების არ გვეშიანია ქართველ ხალხს.


ამბობთ, რომ არ გეშინიათ, არ ხართ ჰომოფობი, მაშინ რატომ ეწინააღმდეგებით ამ დღის აღნიშვნას?


ბევრი რამე არ მომწონს იქიდან, რასაც ეს ჯგუფი აკეთებს პროპაგანდის კუთხით, არ მომწონს, რომ ორგანიზაცია “იდენტობა” ინგლისურის შემსწავლელ კურსებს მხოლოდ ჰომოსექსუალებს, ლესბოსელებს, ტრანსსექსუალებს სთავაზობს. ისინი თავად გამოყოფენ საკუთარ თავს სხვებისგან. ძალიან ცუდია ეს. თუ აკეთებ სიკეთეს და სთესავ მას, ყველას მიმართ უნდა იყოს ის მიმართული.


ანუ მხოლოდ ეს მიზეზია, რის გამოც არ გინდათ “იდენტობის” აქცია?


ჩვენ მშვიდობიან აქციას ხელს არ ვუშლით. ჩაატარონ აქცია, თუ ვინმე უმიზეზოდ გალახავს ან რამეს წაართმევს, მეტიც, მე მომმართონ და მე დავიცავ მათ უფლებებს, როგორც უფლებათადამცველი. 


რატომ ფიქრობთ, რომ ვინმე რამის პროპაგანდას ეწევა მსგავსი აქციებით? აქციის გამართვის უფლებას რატომ უზღუდავთ?


კი, ისინი არ ფიქრობენ, რომ გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან, მაგრამ ისინი რას ფიქრობენ, ეს სხვა საქმეა. მე არ ვერევი მათ პირად ცხოვრებაში, მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, მაგრამ როცა გამოდის ქუჩაში 2 ბიჭი და ერთმანეთს ტუჩებში კოცნის, როგორც ეს მოხდა შარშან, ამ დღეს, ფილარმონიასთან, სკოლის წინ, სადაც ბავშვები არიან, ეს პროპაგანდაა. ჩვენი შვილები ხედავენ ამას და ხომ იცით, როგორ იწოვს ბავშვი ყველაფერს.


როგორ აპირებთ აქციისთვის ხელის შეშლას?


ჩვენ ხელს შევუშლით და არ დავუშვებთ საქართველოში, რომ გეიპარადის მსგავსი მსვლელობები იყოს. მით უმეტეს, იქ, სადაც 9 აპრილს დაიღვარა ქართველი ვაჟკაცი ხალხის სისხლი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მამულისთვის. 26 მაისს დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და დახოცა ხალხი სააკაშვილის რეჟიმმა. და, სხვათა შორის, სააკაშვილის რეჟიმის დროს მე ციხეში გახლდით სამი წელი, ეს ადამიანები პრივილეგირებული იყვნენ ციხეში. ამ ადამიანებს ყველა მხრიდან აქვთ ხელშეწყობა და მათ უფლებებს არავინ არღვევს. აბა, ერთი ვინმეს გაებედა და გეისთვის რამე ეთქვა ციხეში, ეგრევე დაუმატებდა სასჯელს ციხის ადმინისტრაცია. არავინ არ მოგატყუოთ, რომ ამ ადამიანების უფლებები ირღვევა. ეს პირიქით, ჩვენი უფლებები ირღვევა. ჩვენ რახან უმრავლესობაში ვართ, რა ვქნათ ახლა – ჰეტეროების პარადი ჩავატაროთ?


ხვალ რა მიზნით გამოდიხართ?


ჩვენ გამოვდივართ ლოზუნგებით ზნეობის დასაცავად. ვიცავთ ჩვენს ზნეობას. ზნეობის გარეშე დემოკრატია არ გვჭირდება. დემოკრატია არ ნიშნავს უზნეობას. ჩვენი ადრესატი იქნება  ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც გამოდის უფლებადაცვის სახელით, მაგრამ აკეთებს პროპაგანდას ამ გარყვნილებისა და ცოდვის.


მხოლოდ აქციაშია პრობლემა?


აღლუმის ჩატარებაში, ფლეშ-მობის ჩატარებაში, ანუ აფიშირება არ უნდა ხდებოდეს იმისი, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ნორმალური. ეს არ არის ნორმალური. ხვალ, ათ საათზე მივდივართ პლაკატებით, რომ დავგმოთ ეს ფაქტი. “რედისონის” წინ ტერიტორიაზე ვიკრიბებით. თუ არ იქნება პრობლემა დადგომის და რაღაცა აკრძალვა არ არის, ისეთ ადგილას დავდგებით. ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს. ეს ადამიანები პროვოცირებენ ისევ, რომ საქართველოში მოახდინოს დესტაბილიზაცია, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს ადამიანები ინტერნეტზე მუშაობენ ძალიან სერიოზულად, გეებზე და ელჯიბიტი საზოგადოებაზე მაქვს საუბარი. მთელი ინტერნეტი გავსებულია ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის გინებით. მთელი ინტერნეტი გავსებულია ჩვენი გმირების გინებით, ჩვენი ქართველობის გინებით. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გაღიზიანდეს და დაალეწოს თავ-ყბა მართლა, ჩვენ ამას არ ვიზამთ.


17 მაისს რას იზამთ?


ჩვიდმეტში ვიკრიბებით და მხარდამხარ ვდგებით ქართველები და არ გავატარებთ ამ უზნეო ადამიანებს. ჩვენ დავდგებით და არ გავიწევით. პარლამენტის წინ. პარლამენტთან უნდათ ამ ადამიანებს ფლეშმობის მოწყობა და მაგის გამო.


თქვენ დადგებით პარლამენტთან და შემოღობავთ ტერიტორიას?


არა, შემოღობვის უფლება არავის არ აქვს. ჩვენ შევავსებთ ტერიტორიას, უბრალოდ ადამიანები დავდგებით და არ გავატარებთ. იმიტომ, რომ იქ იცეკვოს არაქართული ორიენტაციის ადამიანმა, სადაც ქართველობის გამო სისხლი დაღვარეს ქართველმა ადამიანებმა, არ არის სწორი.


ამ ადამიანებმა უკვე მიმართეს სამართალდამცავებს, რომ უზრუნველყონ აქციის მონაწილეთა უფლება, გამართონ აქცია.


ჩვენც მივმართავთ აუცილებლად. არ ეგონოს არავის, რომ მე ვარ სხვა მენტალიტეტის ადამიანი. მე ვარ ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე, უფლებადამცველი, კანონმორჩილი მოქალაქე. სამართალდამცავ ორგანოს, რა თქმა უნდა, მივმართავ თხოვნით და ამას ოფიციალურად გავაკეთებ, რომ დაიცვას წესრიგი, რომ დაიცვას ჩვენი უფლებები და პროვოკაციის მოწყობაში ხელი არ შეუწყონ ამ ადამიანებს. პროვოკაციის მოწყობაში ხელის შეწყობა გამოვა ის, რომ ამ ადამიანებს შემოარტყან წრე, როგორც ადრე გააკეთეს, ესკორტის გზით რომ გაატარეს ეს ადამიანები. ეს უკვე პროვოკაციისთვის ხელი შეწყობა იქნება.


თქვენ გამორიცხავთ რაიმე დაპირისპირებას?


17 მაისს მე ყველანაირად ვეცდები, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. იმის შიშით, რომ დაპირისპირება მოხდეს, ამის გატარება არ შეიძლება.


ანუ არ გამორიცხავთ?


შელაპარაკება შეიძლება მოხდეს.


რამდენნი ხართ?


ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო. დაახლოებით 200-მა თუ 300-მა კაცმა მარტო ფეისბუქზე მომწერა. იყო სატელეფონო ზარებიც, რომ “მოვდივართ, სად მოვიდეთ მითხარით.” ამის გამო გავაკეთეთ პრესკონფერენცია, რომ ხალხი გაურკვევლობაში არ ყოფილიყო. 17-ისთვისაც გავაკეთებთ პრესკონფერენციას. იმიტომ, რომ აუცილებელია ხალხი არ დაიბნეს, სხვაგან არ მივიდნენ და ამ გეებმა რამე პროვოკაცია არ მოუწყონ. ყველანაირად პრევენცია უნდა მოხდეს, რაიმენაირად არასწორი ქმედების.


თქვენ ახსენეთ, რომ უფლებადამცველი ხართ და ვის უფლებებს იცავთ?


ადამიანის უფლებებს, ნებისმიერი ადამიანის უფლებებს დავიცავ, როცა დაირღვევა მისი უფლება, მე პატიმრებიც მიკავშირდებიან, სხვა ადამიანებიც მიკავშირდებიან და ვცდილობ ყველანაირად მაგათი უფლებები დავიცვა, რითაც შემიძლია, როგორც შემიძლია.


მათ შორის უმცირესობების უფლებებს ხომ, თქვენ როგორც თქვით?


მე დავიცავ ადამიანის უფლებებს და არაადამიანური ადამიანის უფლებას არ დავიცავ. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. იმიტომ, რომ ეს ადამიანები აღიზიანებენ საზოგადოებას მთელი წლების განმავლობაში ინტერნეტ სივრცეში. ჩვენი უწმინდესი უკვე 96%-ს უყვარს საქართველოში და ენდობა მას. და უწმინდესს რომ აგინებს, ეს 2%, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ესენი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ, ყველა სხვა სახელმწიფომ, რომელიც თითებს აფათურებს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც ასეთ გარყვნილებას და უზნეობას დაუშვებს, მე სამი წელი მოვიხადე ამ თემის გულისთვის ციხეში. მე კავკასიის ამბებზე დამაკავეს. ერეკლე დეისაძეს დავუპირისპირდი. კარგად იცით, ერეკლე დეისაძემ საშინელი წიგნი დაწერა, რომლის პრეზენტაციაც მოხდა ჩვენს უნივერსიტეტში, რაც საშინელი ფაქტი იყო, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსგავსი წიგნის გამოშვება, დაფინანსება და ა.შ.



შორენა გაბუნია
შორენა გაბუნია

შორენა, გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ აპირებს აქციის ჩაშლას. რისი თქმა შეგიძლიათ ამ განცხადებასთან დაკავშირებით?


ჩვენი იურისტი ამ დროისათვის წასულია ქალაქის პოლიციში, რომ განაცხადოს ამის შესახებ. ხვალ, დილის 10 საათზე ვგეგმავთ პრესკონფერენციას „რედისონში.” რაც შეეხება გაბედავას და მის განცხადებას, ის საკუთარ თავს უფლებადამცველს უწოდებს და, როგორც ვიცი, დაპატიმრებული იყო ტელეკომპანია „კავკასიაში“ შეჭრასთან დაკავშირებით,  კიდევ ვიცით, რომ ის  მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრია. ამბობს ასეთ რაღაცას, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების შემქმნელი და დიდი მტერი არის ორგანიზაცია „იდენტობა“.


ის ამბობს, რომ ორგანიზაცია „იდენტობა“ არის პროპაგანდისტი ჰომოსექსუალიზმის, როგორ გავცე ამ ადამიანს პასუხი, რომელიც გვაბრალებს გლობალურ და მასშტაბურ რაღაცას?! – რომ ჩვენ ვემუქრებით დემოგრაფიას და ვართ ყველაზე დიდი მტერი იმისა, რომ ქართველები არ მრავლდებიან. რეალურად მათი აქცია, ალბათ, „რედისონთან” გაიმართება ხვალ  და კიდევ 17 მაისს, 9 საათზე აპირებენ პარლამენტის წინ შეკრებას იმისთვის, რომ ჩაშალონ აქცია.


ხედავთ რისკებს, რომ 17 მაისის აქცია ჩაიშლება?


მე რისკებს ვერ ვხედავ. წესით არ ჩაიშლება.


რა მექანიზმები გაქვთ?


ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ყველა სამართალდამცავი ინსტანცია, ვისაც კი რაიმე სახით ეხება 17 მაისის აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა. გარდა ამისა, საელჩოების წარმომადგენლები იქნებიან აქ, კიდევ დამატებითი უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან.


ეს ჯგუფი არ აღმოჩნდება პარლამენტთან 17 მაისს?


პარლამენტთან რომ ვიღაცა არ შეიკრიბოს, მაგის გარანტია არ არის. როგორც ჩვენ, ისე მათაც აქვთ მანიფესტაციების და შეკრებების თავისუფლების უფლება კონსტიტუციით მინიჭებული. მაგრამ წესით და კანონით ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ვითარება ესკალაციას არ დაექვემდებაროს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და აქცია, რომელიც თავისთავად ძალიან ხანმოკლეა (20- წუთიანი მდუმარე აქციაა), ჩაიაროს ყოველგვარი ექსცესების გარეშე.


ანუ სამართალდამცავების იმედზე ხართ, ისინი უზრუნველყოფენ თქვენს დაცულობას?


როდესაც საზოგადოება ლახავს ჩვენს უფლებებს, საზოგადოების გარკვეული ჯგუფები და წარმომადგენლები,  ჩვენი დაცვისთვის ერთადერთი გზა გვაქვს, რომ მივმართოთ სახელმწიფოს. სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს ყველანაირი აგრესია და დისკრიმინაციული ქმედება ჩვენ მიმართ. ეს სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ჩვენზე არც არის დამოკიდებული საინფორმაციო კამპანია 17 მაისთან დაკავშირებით, რომელიც თავისი არსით არის არამხიარული, გასართობი და სალაღობო, ეს არის ჰომოფობიასათან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. მსოფლიოში ათობით და ასობით ადამიანი ყოველწლიურად იღუპება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დისკრიმინაციის და დანაშაულის შედეგად. ჩვენი აქცია არის მდუმარე, მწუხარე, მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია.


დაანონსდა ასევე ფლეშმობი. ისინი აცხადებენ, რომ ფლეშმობით პოზიციის გამოხატვა ემსახურება პროპაგანდას.


ეს იქნება მდუმარე ფლეშმობი. ფერადი მაისურებით აეწყობა ცისარტყელას დროშა. პროპაგანდის ბრალდება ძალიან სასაცილოა. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, თანამედროვე სამყაროში ამაზე უკვე აღარავინ დავობს, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა გადამდები არ არის. რომ ვიღაცა რაღაცას დაინახავს და გახდება ამ ორიენტაციის და იდენტობის, ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ არსებობს.


თუ ეკლესიის წრეებში ამაზე აპელირება ხდება, საბედნიეროდ ჩვენ არ ვართ თეოკრატიული სახელმწიფო, არ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც სასულიერო ლიდერები გვიწყვეტენ, რა გვემართება და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე ჩვენს იდენტობასთან დაკავშირებით. ამის პროპაგანდაზე საუბარი არის კიდევ ერთი უმეცრება და აბსურდი, რომელიც შეიძლება ადამიანის ბაგემ წარმოთქვას. ამაზე პასუხი მიმაჩნია კიდევ ყველაზე დიდ აბსურდად, რომ გაბედავას დავუჯდე და ვესაუბრო იმაზე, როგორ არ შეიძლება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის პროპაგანდა ვიღაცისთვის.  


სად ხედავთ პრობლემას, განათლების, ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე?


დიახ, რასაკვირველია. იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ჰერმეტულად იყო დახურული სექსუალობის თემა. საერთოდ ჰეტეროსექსუალობის თემაც იყო დახურული. დღეს ძალიან საინტერესო იქნება, გამოკითხვა რომ ჩავატაროთ გამვლელებში, ჰეტეროსექსუალი რას ნიშნავს? სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ნინო ბენაშვილი ყვებოდა, რომ  ჰეტეროსექსული ნიშნავს იმნაირს – ამბობდნენ პოლიციელები. ეს არის ძალიან დიდი ვაკუუმი.


ადამიანების შიში უცხო მოვლენის წინაშე, სტერეოტიპიზაცია, რომ ყველა გეი გარყვნილია, გადაგვაგვარებს და გადაგვაშენებს. თუ ასეთი გარყვნილი და ცუდი ადამიანია, მის ხარჯზე გამრავლება რატომ უნდა გაბედავას? თავისნაირი ჯიშიანები გაამრავლოს. ფოლკლორული, ხალხური ცრურწმენებია, რომელიც ეკლესიასაც არ უკავშირდება, ძალიან დიდ უმეცრებასთან არის კავშირი საზოგადოების მხრიდან. ეს ჰომოფობიას აძლევს ნოყიერ ნიადაგს და შიგნიდან ლგბტ ადამიანების მხრიდან ეს არის ინტერნალიზებული ჰომოფობია. ანუ გაშინაგანებული ჰომოფობია. თვითონ რომ თავის თავი სძულს და თავის ორიენტაციას არ იღებს. იმის გამო, რომ თვითონაც ისე მსჯელობს, როგორც საზოგადოების ნაწილი. ეს ცოდვად და უბედურებად მიაჩნიათ. ისინი ამბობენ, რომ ეს წყევლაა და უბედურებაა და აცხადებენ, რომ არავის უსურვებდნენ,  რომ ასეთი შვილი ჰყავდეთ.


მხოლოდ გარემოს ბრალი არ არის. ჰომოფობიური გარემოს გარდა, კიდევ არის დიდი პრობლემა, რასაც ჰქვია თვითონ ლგბტ ადამიანებში ინტერნალიზებული ჰომოფობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი