კომენტარი

N51 სკოლის პედაგოგები ივანიშვილს: გთხოვთ, აღადგინოთ სამართლიანობა

1 თებერვალი, 2013 • 1532
N51 სკოლის პედაგოგები ივანიშვილს: გთხოვთ, აღადგინოთ სამართლიანობა

2012 წ. ივნის-ივლისში ს.ს.ი.პ. ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლაში ჩატარდა აუდიტი, რომლის დასკვნის საფუძველძე 2013 წ. 17 იანვარს გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N20 (საჯარო სამართლის იურიდიული პირის გ. ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემისა და სკოლის დირექტორის დავით ლაგვილავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსადმი წარდგინებით მიმართვის შესახებ).

 

სკოლის ადმინისტრაციამ ზოგიერთი სამართლიანად აღნიშნული ხარვეზი სექტებრიდან გამოასწორა.

 

სკოლის სამეურვეო საბჭომ მუხლობრივად განიხილა აუდიტის დასკვნა, არგუმენტირებულად  უარყო ყველა უსამართლო ბრალდება და სამინისტროს დროულად გადაუგზავნა სათანადო ანგარიში. 

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 2013 წ. 22 იანვარს საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე შევიდა 140-მდე პედაგოგის, 2.000 მეტი მშობელის და 900-მდე (7-12 კლ) მოსწავლეთა მიმართვა და განცხადება მინისტრთან სასწრაფოდ შეხვედრის თხოვნით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ აუდიტის დასკვნა არის არაობიექტური, არაკომპეტენტური, აბსურდული  და არ შეესაბამება სკოლაში არსებულ მდგომარეობას. 

 

გამომდინარე იქიდან, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია, ა/წ 28 იანვარს, ორშაბათს 1120-1140 (ამ დროს არის სკოლაში დიდი დასვენება) პედაგოგთა მიერ მოეწყო გამაფრთხილებელი აქცია მინისტრ ბ-ნ გ. მარგველაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით, რომელიც ჩვენი აზრით, ტენდენციური აუდიტის დასკვნით შეცდომაში იყო შეყვანილი. 

 

ჩვენი მოთხოვნები იყო:

  • დროებით შეჩერდეს მინისტრის ბრძანება დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 
  • დაინიშნოს საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე დამოუკიდებელი  ახალი აუდიტი, რომელიც ობიექტურად შეისწავლის სკოლაში მდგომარეობას.

 

სამწუხაროდ, მინისტრმა საჭიროდ არ ჩათვალა ჩვენთან შეხვედრა და შექმნილ ვითარებაში გარკვევა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრმა თავი აარიდა მისი მოვალეობის შესრულებას, იძულებულნი ვართ მოგმართოთ თქვენ თხოვნით, თავად გაერკვიოთ საქმის ვითარებაში.

 

როგორც ჩანს, მინისტრმა ან არ ისურვა სიმართლის დადგენა ან იზიარებს აუდიტის მიკერძოებულ დასკვნას, რომელიც არ ასახავს სკოლაში არსებულ რეალობას. მინისტრი ყურად არ იღებს არც სამეურვეო საბჭოს დასაბუთებულ ანგარიშს, არც პედაგოგთა და მშობლთა აზრს.

 

ბატონო ბიძინა, დიდი პატივისცემით კიდევ ერთხელ გთხოვთ, გულისყურით მოეკიდოთ ჩვენს მიმართვას და აღადგინოთ სამართლიანობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი