კომენტარი

“იდენტობის” წარმომადგენელი კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება

21 იანვარი, 2013 •
“იდენტობის” წარმომადგენელი კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება

ირაკლი ვაჭარაძის ბლოგში აღნიშნულია, რომ “ამდენი დისკუსიის მიუხედავად, გენერალური პროკურორი მაინც ვერ აცნობიერებს – ადამიანების მსხვერპლად შეწირვა არ შეიძლება პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით”

 

ირაკლი ვაჭარაძე წერს, რომ პროკურორის მხრიდან გაკეთებული განცხადება არაინფორმირებულობის ბრალია:

 

“ცალკე მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად სამარცხვინოა, როდესაც მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელე ამბობს, რომ შესაძლოა ვინმემ გამოგვიყენა და ძალით ააგორაა საპროტესტო კამპანია უკანონოდ გავრცელებული კადრების გამო. მიხეილ სააკაშვილი როდესაც აღარ იქნება პოლიტიკაში, მერე ვიღას დაბრალდება ასეთი სიჯიუტით ჩვენი “გამოყენება”?  პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც თავისი წილი დანაშაული მიუძღვის საქართველოში ჰომოფობიური მას-ისტერიის გამო. მან ხომ ვერასდროს გაბედა, სანამ სიტყვა ეთქმოდა, საჯაროდ დაეგმო 21-ე საუკუნის უკანასკნელი ფაშიზმი – ჰომო და ტრანსფობია – საქართველოში?

 

რატომ ამტკიცებენ ასეთი სიჯიუტით  ჰომოფობები თუ ლგბტ უგრძნობელი ადამიანები, რომ ლგბტ პირებს საკუთარი ქმედების, აგენტობის (Agency) უნარი არ გააჩნიათ? ერთი მხრივ, თავის წარმოდგენაში აგენტობის უმაღლეს პოტენციალს გვანიჭებენ მაშინ, როდესაც ამტკიცებენ, რომ ჩვენ საკუთარ თავზე მაღლა დგომა შეგვიძლია (რადგან ორიენტაციას თითქოს გემოვნების გამო ვირჩევდეთ, რითაც მოგვაწერენ უნარს,  რასაც ისინი საკუთარ ჰეტერო არსებობას ვერ მიუყენებენ), ხოლო, მეორე მხრივ, ვერ უშვებენ იმ შესაძლებლობას, რომ ლგბტ პირები საკუთარი ღირსებას და უფლებებს უკვე თავადვე (!) აცნობიერებენ და აღარასოდეს აპირებენ გაჩუმებას.

 

ასე რომ, თქვენი ბოდიში მართლა აღარ გვჭირდება, ბატონო არჩილ. ასე რომ გაგეკეთებინათ, ყურადღება შეიძლებოდა მოგვდუნებოდა და ჩაგვეთვალა, რომ ოდნავ მაინც უკეთესობისკენ შეიცვალა საქართველოში მდგომარეობა”, – ნათქვამია ირაკლი ვაჭარაძის ბლოგში.

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერით გადაცემა “პოსტკრიპტუმში”  განაცხადა, რომ საკითხი, თუ რამდენად იყო დაცული ჰომოსექსუალთა უფლებები ვიდეომასალების გავრცელების დროს, მოცემულ შემთხვევაში  არ არის რელევანტური. ” საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ეს თემა სექსუალური უმცირესობის საერთოდ ყურით მოთრეულია”, – აღნიშნა კბილაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი