“დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია საკუთარი ინიციატივის საფუძველზე დაითხოვოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად საკუთარი მთავრობა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ზედიზედ სამჯერ არ გამოუცხადებს ნდობას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობას, მას შეუძლია პარლამენტის თანხმობის გარეშეც გადააყენოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საკონსტიტუციო ცვლილება ითვალისწინებს შემდეგი სახის ცვლილებას, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ზედიზედ სამჯერ გამოუცხადებს უნდობლობას პრეზიდენტის მიერ წარდგენის მთავრობას, პრეზიდენტს არ შეეძლება პარლამენტის გვერდის ავლით დანიშნოს თავისი მთავრობა. მაგრამ მას ექნება შესაძლებლობა ამ შემთხვევაში დაითხოვოს პარლამენტი”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
ის განმარტავს, რომ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება ექნება იმ შემთხვევაშიც, თუ პარლამენტის არჩევნებიდან გასული არ არის ექვსი თვე, ან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილია ექვსი თვე. ლომჯარას განცხადებით, აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა სურს, ამის გაკეთება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგაც შეეძლება:
“მე ვფიქრობ, რომ კარგად უნდა მოხდეს ამ ინიციატივის განხილვა, თუ რას ემსახურება რეალურად. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს ცვლილება ემსახურება მომავალი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტმა არ წარმოშვას ეს კრიზისი ხელოვნურად. თუმცა მას თავისუფლად შეეძლება, თუ სურვილი აქვს, რომ ამ ფორმითაც გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი. მას ახლად არჩეული პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა ექნება იმ შემთხვევაშიც, თუ არსებულ პარლამენტს დაითხოვს და ახალს ავირჩევთ. ანუ თუ პრეზიდენტს ამის სურვილი აქვს, მას ისედაც შეუძლია ეს კრიზისი შექმნას, მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
“სამართლიანი არჩევნების’’ აღმასრულებელი დირექტორი კონსტიტუციის ფრაგმენტულ ცვლილებეს არ ემხრობა და თვლის, რომ კონსტიტუციაში კონრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაზე მორგებული ცვლილებები არ უნდა შევიდეს:
“ზოგადად, არსებული მმართველობის მოდელი საკმაოდ ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს და უფრო ძირეული გადახედვაა საჭირო ალბათ მმართველობის ფორმის. ასეთი ფრაგმენტული, კონკრეტულ გარემოებებზე, პირებზე თუ პოლიტიკურ სიტუაციაზე მორგებული ცვლილებები, ზოგადად, პრაქტიკამაც გვიჩვენა და წარსულმა გამოცდილებამაც, რომ არ არის სწორი და კონსტიტუციური წესრიგის და სტაბილურობის მომტანი. ასეთი ფრაგმენტული ცვლილებების მიღებას ალბათ ჯობია, რომ უფრო კარგად დავფიქრდეთ, რეალურად რა უფრო მოუტანს ქვეყანას სტაბილურობას, ასე ვცვალოთ ყოველ წუთში კონსტიტუცია, თუ ის, რომ რეალურად პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ თანაცხოვრება ქვეყანაში”, – აცხადებს ნინო ლომჯარია. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის თანაცხოვრების რესურსი ამოიწურა:
“თვითონ ამ ცვლილებების ინიცირება ალბათ იმას მიანიშნებს, რომ უმრავლესობა თვლის, რომ უკვე ამოწურულია ის რესურსი, რაც თანაცხოვრებას შესაძლებელს ხდიდა და მას გარკვეულწილად აქვს იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტმა შეიძლება გამოიწვიოს ხელოვნურად ეს კრიზისი”, – აცხადებს ლომჯარია.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარია აღნიშნულ ცვლილებას არ ეწინააღმდეგება:
“მე არ ვარ წინააღმდეგი აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების, მით უმეტეს, რომ ეს უფრო ეხება გაუქმებას სავალდებულო ნორმის. ამ ცვლილებით შემოთავაზებული არ არის, სად იქნება პარლამენტის ადგილსამყოფელი, უბრალოდ აღნიშნული ცვლილებით უქმდება კონსტიტუციაში ის ნორმა, რომელიც სავალდებულოს ხდის ქუთაისს, როგორც პარლამენტის ადგილსამყოფელს. ამ ცვლილების შემდგომ პარლამენტს უკვე ექნება შესაძლებლობა მიიღოს კანონი დედაქალაქის შესახებ, თუ სხვა კანონები, რითიც უკვე განსაზღვრავს, თუ სად უნდა იყოს პარლამენტი, თუმცა ეს არ იქნება იმ ძალის ნორმა, როგორიც არის კონსტიტუცია. შემდეგ ალბათ პარლამენტი უკვე იმსჯელებს დეტალურად და ალბათ მხედველობაში იქნება მიღებული სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის ფინანსური მხარე პარლამენტის გადმოტანის, ასევე, მოქალაქეების პოზიციები და ა.შ.”, – აცხადებს ნინო ლომჯარია. მისი თქმით, კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა წარადგინონ ხედვები, რომელიც პარლამენტის გადატანის დადებით და უარყოფით მხარეებს შეეხება, საბოლოოდ კი საკითხი საერთო სახალხო განხილვის დონეზე უნდა გადაწყდეს.