როგორ ხედავთ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში. რა იქნება თქვენი, როგორც დირექტორის მთავარი პრიორიტეტი იმ შემთხვევაში, თუ ბორდი თქვენს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას?
პირველი – არხი კრიზისიდან არის გამოსასვლელი. ამ არხზე ჩემს თავს ვხედავ, როგორც მენეჯერს, მმართველს. ეს არის ხალხის სახსრებით გაკეთებული ტელევიზია და ამიტომაც არის მოთხოვნა მისი მუშაობის მიმართ ძალიან მაღალი. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ამ ტელევიზიას აქვს ყველაზე დიდი ტრადიციები და ისტორია. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე უფრო ახლოს ან უფრო შორს იყო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფასეულობებიდან და იმასთან, რასაც უნდა ემსახურებოდეს ტელევიზია. რესურსი შიგნითაც და გარეთაც ძალიან დიდია იმის, რომ გაკეთდეს დაბალანსებული ტელევიზია. პირველ რიგში, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით არის გასაკეთებელი ბევრი რამ იმისთვის, რომ მოვიცვათ საზოგადოების ყველა წრის და ფენის ინტერესი. მნიშნელოვანია, რომ რეგიონები იყო წარმოჩენილი და ყველა ადამიანმა თავისი პრობლემა დაინახოს.
პირველ რიგში, რეიტინგით ისაზღვრება ტელევიზია, არხი რეიტინგული უნდა იყოს და საზოგადოების მოთხოვნას ერთი ნაბიჯით წინ უნდა უსწრებდეს. ამწუთას “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
საზოგადოების პრეტენზია არ არის იმდენად კულტურულ-შემეცნებით გადაცემებსა თუ მათ ხარისხზე, პრეტენზიების ნაწილი პოლიტიკის, ახალი ამბების გაშუქებას ეხება.
მენეჯერი არ უნდა იყოს იდეოლოგი, ამ სიტყვას არც კარგი და არც ცუდი მნიშვნელობით არ ვგულისხმობ. მაგრამ რას უნდა ვფიქრობდე, როდესაც ქვეყანაში ხდება რაღაც მოვლენა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაშუქდეს. ამ არხთან თანამშრომლობა უნდა უნდოდეს ყველა ჟურნალისტს. ეს უნდა იყოს ისეთი არხი, რომელზე გადართვაც ყველა ადამიანს მოუნდება. მთავარია, რომ ის, რასაც არხი გადმოსცემს, საზოგადოებაში ნდობას იმსახურებდეს. მენეჯერის ფუნქციაა ის, რომ არ ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში და მისცეს ჟურნალისტებს საშუალება, თავისი საქმე გააკეთონ.
თქვენი აზრით, ახლა რატომ არ აკმაყოფილებს საზოგადოების ინტერესებს და თქვენ რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ?
ჩემი ცხოვრებით და ჩემი გამოცდილებით, მაქსიმალურად ვეცადე აქამდე ისე მოვსულიყავი, რომ მიკერძოებული არ ვყოფილიყავი. მიკერძოებული ხარ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ჯგუფზე ხარ დამოკიდებული. თუ ჟურნალისტები ვერ აკმაყოფილებენ ჟურნალისტურ სტანდარტებს და ისინი მაინც ტენდენციურად გადმოსცემენ მოვლენებს, ამ დროს უნდა ჩაერიოს მენეჯმენტი. მთავარია, რომ სწორი კადრები შეარჩიოს, მაღალპროფესიული, რომელიც თავის პროფესიას არ აკადრებს, რომ ტენდენციურად გააშუქოს ესა თუ ის პროცესი. რატომ და როგორ მოხდა ისე, რომ კრიზისში შევიდა არხი, მე ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ ვარ ჩახედული.
არსებული არხის საინფორმაციო პოლიტიკა თუ გაკმაყოფილებთ?
ხომ ფაქტია, რომ არავის არ აკმაყოფილებს. ძალიან რბილად რომ გითხრათ, უკეთესს მოითხოვს საზოგადოება და უფრო მეტს, ვიდრე ახლა არის. მოთხოვნა არ გაჩნდებოდა, თუ ეს იქნებოდა დაბალანსებული და კარგი არხი და არც ეს კრიზისი არ დადგებოდა.
რაც შეეხება პოლიტიკურ თოქშოუებს, მათ რაოდენობას, თქვენ თუ გიფიქრიათ ამ ტიპის გადაცემებზე და როგორ ხედავთ მათ?
პოლიტიკური შოუების სიმრავლე არ განსაზღვრავს ხარისხს. შეიძლება ერთი იყოს და ყოველდღიური და ის მოიცავდეს ქვეყანაში არსებული მოვლენების სპექტრს. ჩვენზე დიდ ქვეყნებში ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუა ხშირ შემთხვევაში და ის თოქშოუ სრულად მოიცავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. არის დღეს მედიასაშუალებებში ისეთი დაბალანსებული რადიო თუ ტელეგადაცემები, სადაც ჟურნალისტის მონდომებით კეთდება ის, რომ მოიცავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ამიტომ რაოდენობა არ არის ხარისხის, გემოვნების და ბევრი სხვა ფასეულობის განმსაზღვრელი. დაბალანსებულობაში ვგულისხმობ იმას, რომ გემოვნებით და კარგად მიაწოდო მაყურებელს ამბავი.
გახელაძემ ჭანტურიას წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა არხზე მომუშავე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებაზე, თქვენ მოგიწევთ ამ პროცესებში ჩაბმა. თქვენ როგორ მოიქცევით?
საკმაოდ კარგად ვიცი, ტელევიზიაში რა ადამიანები მუშაობენ. კარგმა მენეჯერმა უნდა შეძლოს ადამიანური რესურსების სწორად გამოყენება, თქვენ ფიქრობთ, რომ ამოწურულია იმ ადამიანების რესურსები, ვინც იქ მუშაობს? დღეს არ მაქვს გამზადებული ფორმულა, მაგრამ ყველა ადამიანთან საჭიროა საუბარი და საქმით მისვლა იქამდე, ამ საქმეს ეს ადამიანი აკეთებს თუ ვერ აკეთებს. ყველა საქმეში ასეა: თუ სწორად ანაწილებ ფუნქციებს და სწორ პოზიციაზე ადამიანი, მაშინ შედეგიც დგება.
პირველი მოცემულობა ადამიანური რესურსების გადახალისებაა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ცდილობდა კვალიფიციურად ეკეთებინა თავისი საქმე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არხის გარე ძალები არ გამოიყენო და არ შეუქმნა ის პირობები, რომ მოიტანონ ახალი პროდუქტები და გააკეთონ. ეს ძალიან ზოგადია, რასაც ვამბობ, მე მესმის, ნაფიქრი მქონდა და მაქვს კონკრეტულ პერსონებზე, მაგრამ ჯერ ვნახოთ, რა შედეგებამდე მივალთ.
შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ნაბიჯებს გადადგამთ ხელმძღვანელად დანიშვნის შემთხვევაში?
პირველ რიგში, მთავარი პრიორიტეტი ის იქნება, რომ ნდობა დაიბრუნოს არხმა, არხი რეიტინგული და ყურებადი უნდა გახდეს და არა მხოლოდ ერთი არხი, მე გული მწყდება, რომ მოიაზრებენ მხოლოდ პირველ არხს. მე თვითონ ვმუშაობდი მეორე არხზე და უმძიმეს პირობებში, ზაზა დარასელმა შეძლო ის, რომ ახალგაზრდებისთვის შეექმნა მეორე არხი, სადაც ექსპერიმენტული პროექტები იქმნებოდა. მეორე არხის გამოყენება შეიძლება, მაგალითად, ახალგაზრდებისთვის. არსებობს უამრავი იდეა და ადამიანი, რომელმაც შეიძლება ახალგაზრდა თაობის ყურადღება მიიქციოს და ძალიან ბევრ კარგ იდეაზე გვიმსჯელია იმ ადამიანებთან, რომლის გემოვნებასაც მე ვენდობი. ეს ზოგადი თეზებია, რასაც ვამბობს, მაგრამ პირველ რიგში პროფესიონალები უნდა შემოვიკრიბოთ შიგნიდანაც და გარედანაც. ჩემი მთავარი ფუნქციაა საზოგადოების მოთხოვნის ზუსტი ფორმულირება და შემდეგ პასუხის გაცემა და შემდეგ რეიტინგი.
საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ფუნქცია, რომ ისეთი ფორმა მოძებნოს საგანმანათლებლო-კულტურული გადაცემებისთვის, რომელიც იქნება საინტერესო და რეიტინგული. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ჯარია ჟურნალისტების, რომელთაც ამის გაკეთება შეუძლიათ.
რამდენიმე კანდიდატმა ბორდის გამო არ შეიტანა სივი ამ ვაკანტურ ადგილზე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბორდთან თანამშრომლობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია იმ თვალსაზრისით, რომ ბორდი პრიორიტეტებს ადგენს და ბიუჯეტს განსაზღვრავს.
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ განაცხადში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მე პატივს ვცემ და მეგონა, რომ ისინი გადავიდოდნენ მეორე ტურში და არა მე. თუმცა ისიც მესმის, რომ ჩემს გამოცდილებაში არის ის, რასაც, ალბათ, ვერ აუარეს გვერდი. ჩემს სივიში ნახეს რაღაც ისეთი, რის გამოც გადავედი მომდევნო ეტაპზე. მეორე, ამ ბორდიდან მხოლოდ 2-3 ადამიანს ვიცნობ. სიმართლე რომ გითხრათ, არც მე ველოდი, რომ მეორე ტურში გადავიდოდი. პირადი ურთიერთობები მათთან არ მაქვს.
თუმცა მათი მუშაობის შეფასება მაინც შესაძლებელია, განვლილი პერიოდის გაანალიზების კუთხით.
მე მათთან არ მიმუშავია და არ ვიცი, რა შეიძლება ამ მუშაობამ მოიტანოს. თუ გადაწყდა, რომ ჩემზე შეჩერდება არჩევანი, რაც არა მგონია, მაგრამ თუ ასე მოხდა, მაქსიმალურად ვეცდები და მგონია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც არ შეიძლება საქმეზე საუბარი. პიროვნულად მე ვისთან ვიმეგობრებ, ეს ცალკე თემაა, საქმის გამო ყველას შემიძლია ვესაუბრო. ძალიან პრინციპული ვარ და შევძლებ დავიცვა არა ჩემი, არამედ სწორი პოზიციები. საკუთარი იდეების გასატანად არ მოვდივარ, არამედ სამართავად, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად სწორად ვიმუშავო, მათ შორის, ბორდთანაც.
პოლიტიკურ ზეწოლას რაც შეეხება, როგორ გაუმკალვდებით. რა ტიპის შეხება შესაძლებელია გქონდეთ?
მე ვარ ბუნებით და პროფესიით მენეჯერი და პროდიუსინგში და ამ სფეროში მაქვს ნამუშევარი, შესაბამისად, ვერაფრით ვერ გეტყვით, პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა განსაზღვროს. ვიღაც შეიძლება მომწონდეს, ვიღაც არ, მაგრამ საუბარი შემიძლია ყველასთან, მე უნდა ვიყო გარანტორი ამ შემთხვევაში იმისა, რომ ზეწოლა არ მოხდეს არხზე ან არხებზე მომუშავე ჟურნალისტებზე. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს შუამავალი რგოლი ვიყო მე. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, მცდელობა იმის ნურავის ნუ ექნება, ვინ მოიწვიოს რესპონდენტად, ვისგან აიღოს კომენტარი და ვისგან არა, ამ საკითხში ჩაერიოს. ეს არის ჟურნალისტების გადასაწყვეტი.