საქართველოს პრემიერ მინისტრს,
ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ დავით უსუფაშვილს
მ ი მ ა რ თ ვ ა
საქართველოში ქალაქმშენებლური წესრიგის დასამყარებლად
ბატონო ბიძინა,
ბატონო დავით,
არ გვეგულება პასუხისმგებლობის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც აღშფოთებული არ არის ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების იმ თვითნებობით, რომელსაც ჩვენი საარსებო გარემო, ჩვენი ქალაქები და სოფლები ეწირება. ჩვენთვის, როგორც სივრცული დაგეგმვის სპეციალისტებისთვის, ეს ორმაგად მძიმეა, რადგან სხვებისგან განსხვავებით ვხედავთ იმ სისტემურ საფრთხეებს, რომელთა შეჩერების გარეშე ჩვენი გარემოს ნგრევა-დამახინჯებას და სოციალურ დეგრადაციას ბოლო არ მოეღება. ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ქალაქმშენებლური კანონმდებლობის გაუკუღმართება და სივრცული დაგეგმვის ინსტიტუციური მოშლა, რაც ქმნის საფუძველს რამდენიმე ძალაუფლებით აღჭურვილი პირის ამ სფეროში თვითნებური მოქმედებისთვის.
საზოგადოებას სჭირდება სოციალურად და ჰიგიენურად ჯანსაღი, მაღალი ესთეტური ღირებულების საარსებო გარემო, რადგან ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე საზოგადოების იდენტობის ჩამოყალიბებაში. ამ გარემოს ფასეულობების შენარჩუნება, მოვლა და განვითარება არის თანამედროვე ცნობიერებით აღბეჭდილი ყველა საზოგადოების აუცილებელი ზრუნვის საგანი. ყოველი მცდელობა, შეიზღუდოს ეს ზრუნვა არის შეზღუდვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებისა მის საარსებო გარემოზე, მის ქალაქზე, ან სოფელზე. საუბედუროდ, განვლილი 20 წლის, განსაკუთრებით კი ბოლო 9 წლის განმავლობაში ამ უფლების არა მხოლოდ შეზღუდვის, მისი სისტემურად ფეხქვეშ გათელვის მოწმენი ვართ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნაწილობრივმა შეცვლამ მთელ საზოგადოებასთან ერთად ჩვენც გაგვიჩინა იმედი, რომ ამ განუკითხაობას ბოლო მოეღება.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მმართველობები ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” ხელშია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტისა და საგარეო ვალების გაუმართლებელი გამოყენების ხარჯზე აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული და სასოფლო ლანდშაფტების მიზანმიმართულ რღვევა- დეგრადაციას, გვჯერა, რომ ახლავეა შესაძლებელი სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედება ამ საქმიანობის ჯერ შესაჩერებლად, ხოლო შემდეგ მისი გამაჯანსაღებელი ნაბიჯების გადასადგმელად.
ასეთი ნაბიჯებიდან უმნიშვნელოვანესია გონივრული, შორს გამიზნული სივრცითი მოწყობის სტრატეგიისა და სისტემის შექმნა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის ჯანსაღი განვითარება და იმ გამოუსწორებელი ზიანის აღკვეთა, რომლის მაგალითებიც უკვე მრავლად გვაქვს საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და სოფლებში. არანაკლებ ყურადსაღებია, რომ ეს საზიანო ქმედებები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს საერთაშორისო და ევროპული კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების უგულვებელყოფით, რაც განუზომლად აკნინებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.
ამიტომ ჩვენ, სივრცულ დაგეგმვასთან დაკავშირებული სხვადასხვა სპეციალობის მოქალაქეები, მოვითხოვთ თქვენგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ქალაქმშენებლური წესრიგის დასამყარებლად. იმის გათვალისწინებით, რომ წინა ხელისუფლების მიერ ქვეყანაში სრულიად მოშლილია სივრცული დაგეგმვის ინსტიტუციური და სამართლებრივი სტრუქტურა, ასეთი ნაბიჯების აუცილებელ პირობად მიგვაჩნია უშუალოდ პრემიერ მინისტრისადმი, ან პარლამენტისადმი დაქვემდებარებული, კვალიფიციური ქალაქმგეგმარებლებით და სხვა შესაბამისი პროფესიონალებით დაკომპლექტებული სივრცული დაგეგმვის რეფორმის მოსამზადებელი კომისიის შექმნა. კომისიის უმთავრეს ფუნქციად გვესახება ქვეყანაში ქალამშენებლობითი პრობლემების ანალიზისა და სამომავლო ხედვების საფუძველზე დეტალური სამოქმედო გეგმის დამუშავება აუცილებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებისათვის.
გამოვხატავ პატივისცემას და ხელს ვაწერ
ზურაბ ბაქრაძე , ირინა ბრანდტი, ნესტან თათარაშვილი, ალექსანდრე სარალიძე, ზურაბ ნემსაძე, თინათინ გურგენიძე, დავით ბახტაძე, მაია მანია, გია ჯანაშვილი, ნუნუ ჯაფარიძე,
მარიამ ბაქრაძე, ლევან დოლიძე, ნინო ნადარეიშვილი, ნატო ცინცაბაძე, ელენა დარჯანია,
ზურაბ ნიკოლაიშვილი, შოთა დემეტრაშვილი, გვანცა ნიკოლაიშვილი, ვახტანგ ჯოხაძე,
ნანო ზაზანაშვილი, ლევან კალანდარიშვილი, ალექსანდრე ოსეფაიშვილი, თეიმურაზ ჯაფარიძე,
რუსუდან მირზიკაშვილი, ლევან ასაბაშვილი, კონსტანტინე ამირეჯიბი, თეიმურაზ კალანდაძე, ლუკა ბაქრაძე, ნატო ცინცაბაძე, ირინე წულაძე