კომენტარი

მეჩითოვი:სტურუა ანგარიშგასაწევი ფიგურაა

23 ნოემბერი, 2012 •
მეჩითოვი:სტურუა ანგარიშგასაწევი ფიგურაა

იური მეჩითოვი, წყარო: http://www.mechitov.net/
იური მეჩითოვი, წყარო: http://www.mechitov.net/

რობერ სტურუამ განაცხადა, რომ შესაძლებელია რუსთაველის თეატრის მმართველის ფუნქციაც შეითავსოს, თუ აქვს მიღებული სამინისტროს გადაწყვეტილება ამ თემაზე?


არ ვარ უფლებამოსილი ამ თემაზე ვისაუბრო, რადგან ეს საქმე განსახილველია. ზოგადად მმართველის ინსტიტუტი არის დასახვეწი და შესაცვლელია. მაგრამ ჯერჯერობით მმართველი არსებობს. რობიკოს შემთხვევა, მე მგონი, რომ განსაკუთრებულია. მე მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც უცნაურად იყვნენ გათავისუფლებული, უნდა აღდგნენ თავის თანამდებობაზე, მათ შორის, დიმა ჯაიანი და ქეთი დოლიძე.

 

მე მიმაჩნია, რომ არ უნდა დაჩრდილოს ადმინისტრატორმა ხელოვანი, რაღაც ფორმა უნდა მოიძებნოს მათი თანამშრომლობის. რობიკო ამბობს, რომ მას შეუძლია შეათავსოს ეს ორი თანამდებობა, ანუ მას შეუძლია სამხატვრო ხელმძღვალის და მმართველის ფუნქციების შეთავსება, როგორც ამბობს. ეს იდეალურია, როცა ადამიანს შეუძლია შეუთავსოს სამურნეო ფუნქციები სამხატვრო ხელმძღვანელობას, მაგრამ ეს ცოტა რთულად წარმოსადგენია. ერთი რამ ფაქტია, რომ მათ შორის ხშირად იბადება კონფლიქტი. მაგალითად, რეჟისორს უნდა რაღაც დიდის დადგმა, მმართველი ამბობს, რომ ამის ფინანსები არ არის და ა.შ. ეს სულ კონფლიქტების წყაროა

 

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუ სტურუა მმართველის ფუნქციას შეითავსებს, არ წარმოშობს პრობლემას, არამედ პირიქით მოხდება?

 

ეს უნდა გადავწყვიტოთ, სამი დღე ვარ ამ პოსტზე და ამასაც არ ქვია სამი დღე, ხო იცით, რა სიტუაციაში ვარ, არ მაცლიან მუშაობას. ჩემი გაგებით, თუ ისინი შეთანხმდებიან ისე, როგორც რეჟისორი და ოპოერატორი კინოში. თუ ისინი თანხვედრაში არ არიან, აქედან კარგი არაფერი არ გამოვა. მათ უნდა ჰქონდეთ ერთი მიზანი. თუ ისინი კონფლიქტში იქნებიან, საქმეს ვერ გააკეთებენ, და ვერც კეთდება საქმე, როგორც ჩვენ ვუყურებთ.

 

რობიკო სტურუა ამბობს, რომ თეატრის დასს დაშლის და ეს ხომ არ წარმოშობს დამატებით კონფლიქტს?

 

გუშინ გაკეთდა ეს განცხადება. მე პირადად არ მომისმენია მისი ეს განცხადება. მე ვფიქრობ, რომ რობიკო არის ანგარიშგასაწევი ფიგურა და რაც მოხდა მასთან დაკავშირებით, ანუ ის სულელური ბრალდებები, როცა არმენოფობია დააბრალეს, იყო უსინდისობის ზეობა. ბრალდება, რომელიც ახლოსაც არ სცხია მას.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ არ იყო არმენოფობიული მისი განცხადება?

 

არა, არ იყო არმენოფობიული. მისი ეს განცხადება პოლიტიკურ განცხადების დონეზე არ უნდა იქნას განხილული. დაახლოებით ეს გავს ჩემ სიტუაციას, როდესაც ჩემთვის სამზარეულოში ვზივარ და ანეგდოტებს ვყვები. და ეს პოლიტიკური განცხადების დონეზეა წამოწეული. უნდა გავარჩიოთ ადამიანის დალაგებული განცხადება და ის, რასაც ადამიანი თავისთვის ლაპარაკობს. არ უნდა გაეკეთებინათ ეს ჟურნალისტებს, არ უნდა დაებეჭდათ. ეს იყო ხუმრობით გაკეთებული განცხადება, ჟურნალისტის კითხვა, რატომ ექცევა სააკაშვილი ქართველებს, აბა რა ქნას, სომეხია, ეს რა, სერიოზულად უნდა აღიქვა მართლა? სერიოზულად აღმქმელი დამნაშავეა. რობიკომ ხუმრობასავით თქვა, იუმორით, სისულელე. სისულელის გამო უნდა დასწამო ადამიანს არმენოფობია? ეს არის უსინდისობა.წელიწადნახევარი იდო ღია ეთერში ჩემი ის ვიდეო, რომელზეც დღეს საუბრობენ, ვიდეო, რომელსაც ფარულად იღებდნენ, მაგრამ ვიცოდი, რომ ის გამოქვეყნდა.

 

ფარულად როგორ იღებდნენ, არ იცოდით, რომ იღებდნენ?

 

ჩვენ ვიყავით მეგობრულ საუბარში, კამერა იდო ჩემ თვალწინ და იღებდა, როცა გამოქვეყნდა, მე არ გამიპროტესტებია. არაფერი ცუდი ამაში არ არის, ეს იდო ყველგან, არაფერი ცუდი იქ არ არის, მე ვარ მკვლევარი, ქართული ანეგდოტების მკვლევარი ვარ, წიგნს ვამუშავებ ქართული ანეგდოტების. ეს არის კულტურის ნაწილი. ეს არის შემოქმედების ნაწილი. ეს რომ დასწამო ადმაიანს , უნდა იყო აბსოლუტური დეგენერატი. მე დანაშაული არაფერი მიმიძღვის, დამნაშვე ის არის, ვინ ჩემი შავი პიარით არის დაკავებული. ვინც ჩემ გამონათქვამებს რაღაც დაამატა, ჩემი სიტყვები მოატრილა, დამნაშვედ გამომიყვანა. მე მაქვს უფლება, მივმართო გამოძიებას, პროკურატურას.

 

თქვენ მიმართავთ სასამართლოს?

 

თუ ეს არ დამთავრდება, შეიძლება მართლაც სასამართლოს მივმართო, თუ ვინ აგორებს ამ კამპანიას, ამას ქვია ადამიანისთვის ზიანის მიყენება.

 

რუსთაველის თეატრს რომ დავუბრუნდეთ, ზაალ ჩქობავა არაკორექტურლად მოიხსენია რობერ სტურუამ მის პირველ წერილში, როგორ წარმოგიდგენიათ მათი თანამშრომლობა?

 

მათი თანამშრომლობა არ წარმომიდგენია, უნდა ნახონ ერთმანეთი, შეხვდნენ, დაილაპარაკონ. თუ შეუძლიათ ერთად თანამშრომლობა იმის მერე, რაც მოხდა. თუ არადა, ისე უნდა გადავწყვიტოთ. როგორც უკეთესია ქართული კულტურისთვის, ისე უნდა მოვიქცეთ.

 

ანუ შესაძლებელია თანამდებობა დატოვოს ზაალ ჩიქობავამ?

 

არ ვიცი, უკეთესია, თუ არც შამფური დაიწვას და არც მწვადი. ჩვენი პოზიცია რბილია, ჩვენ არ გვინდა არავის გათავისუფლება, ჩვენ გუნდში ვსაუბრობთ, რომ არ გვინდა ვინმეს გათავისუფლება და არ გვინდა, რაიმე დავწვათ, მე მგონი, რომ ზედმეტად რბილებიც ვართ. ადვილი საქმე არ არის კულტურა, ფაქიზი ადამიანები არიან, უხეშ მოძრაობებს არავინ არ გააკეთებს. აიწონება და დაიწონება ყველაფერი ბევრჯერ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი