საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქმეები, რომელსაც პროკურატურა ამ ეტაპზე იძიებს, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ან მის ქონებას უკავშირდება, თქვენ რა საფუძველს ხედავთ ამ მოსაზრებებში?
საქმეების ნაწილი, რომელიც დღეისთვის წინა პლანზეა წამოწეული, უკავშირდება ივანიშვილს. საქმეების რაოდენობა ძალიან დიდია და ძნელია პრიორიტეტების დადგენა. ამავდროულად, ივანიშვილთან დაკავშირებული საქმეები შედარებით ახალია და მათი კვალი შეიძლება მოძებნილი იყოს. ძველ საქმეებს რაც შეეხება, არსებითად სიტუაცია არ იცვლება, ისინი იმდენად არიან დაშორებული დღევანდელობასთან, რომ ორი დღით იქით თუ ორი დღით აქეთ, მისი ხელახალი გამოძიებით მას არაფერი დააკლდება. ამიტომ მგონია, ხელისუფლება იმიტომ ჩქარობს ივანიშვილთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას, რომ მათი კვალი არ წაიშალოს.
თუმცა საზოგადოების პროტესტი დიდწილად უსამართლობას უკავშირდებობა ყოფილ ხელისუფლებასთან მიმართებაში და არსებობს რამდენიმე საქმე, რომლის გამოძიებას წლების მანძილზე ითხოვდა საზოგადოების ნაწილი. იგივე გირგვლიანის, 7 ნოემბრის და 26 მაისის საქმეები.
არჩილ კბილაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მან ვერ მოასწრო სისტემის რეფორმირება და რომ მას სპეციალისტების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს. ის შეზღუდულია რესურსებში. ამ ადამიანური რესურსების დეფიციტის პირობებში მეჩვენება, რომ სასწრაფოა ის საქმეები, რომელთა კვალიც შესაძლებალია გაქრეს. გვახსოვს, როგორ იწვოდა დოკუმენტები, ამიტომ ბევრი რამ შეიძლება გზადაგზა გაქრეს. რაც ეხება 7 ნოემბრის, 26 მაისის ან გირგვლიანის საქმეს, მტკიცებულებები ამ საქმესთან მიმართებაში დღეისთვის არ შეიცვლება, ანუ მათთან გვიან მობრუნება საქმის ძიების ხარისხს არ ცვლის. ამ საქმეებთან გვიან მობრუნებამ კი შეიძლება ვითარება შეცვალოს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკური მოტივით ხდება დაპატიმრება, თუ აქვს ამ განცხადებებს, თქვენი აზრით, რაიმე საფუძველი და რომელ შემთხვევაში?
დაპატიმრებების გამოცდილება დიდი გვაქვს – არაერთი გვახსოვს, ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინაც დაიწყო დაპატიმრებებით. მაგრამ ალბათ ვერ მეტყვით, მოსახლეობიდან რამდენი საჩვარი იყო დაკავებული პირების, ენერგეტიკის მინისტრის თუ სხვა ადამინების. ერთ-ერთ მიზეზი იმის, რომ ეს დაკავება მაშინ პოლიტიკური დაკავება იყო, ეს არის, გარდა იმისა, რომ საქმე არ იყო დამაჯერებელი, არც აქტუალობა იყო საზოგადოების მხრიდან, მხოლოდ კლიმატი გახლდათ ისეთი, რომ დაკავება უხაროდა ხალხს. დღეს სხვა სიტუაციაა, 2000 საჩივარია შესული პროკურატურაში. ეს 2000 ადამიანი პოლიტიკურად მოტივირებულია?
თუმცა ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რას ეხება ეს 2000 საჩივარი.
2000 იყო ნახსენები და მეც ამ ციფრს ვიღებ, როგორც მეტაფორას, ანუ საჩვრების რიცხვი არის დიდი. ამ საჩივრებს რომ რეაქცია არ მისცეს ხელისუფლებამ, მაშინ ეს გახდება სალაპარაკო.
ჩემი პირველი კითხვაც ამას ეხებოდა, როგორ ირჩევა პრიორიტეტული და უპირველესად გამოსაძიებელი?
ამაზე უკვე მოგახსენეთ, ის, სადაც მოქმედი პირი შეიძლება იყოს ნაპოვნი და სადაც კვალი იძებნება. ჩვენ ხომ იმ რეალობაში ვართ, რომ დიდი ნაწილი შეიძლება გაიქცეს საქართველოდან.
თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, რომ საზოგადობრივმა აზრმა გამოძიების პროცესზე იმოქმედოს, საზოგადოების გაცხადებული სურვილი, დაისაჯოს ესა თუ ის პირი?
საზოგადოებრივმა აზრმა რომ გავლენა შეიძლება იქონიოს, ეს ყველა საზოგადოებაში ასეა, ასევეა ამერიკაში, სადაც ისინი კიდევ უფრო არიან დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე. გასაკვირი არ არის. თუმცა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლოს არ მიეცეს სუბიექტურობის საშუალება.
იმ ფონზე, როცა სასამართლოს რეფორმა არ არის განხორციელებული, როგორ წარმოგიდგენიათ სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლიანი განაჩენი აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით?
ეს შიში, შეიძლება ითქვას, იყო. პირველმა გადაწყვეტილებებმა უკვე საინტერესო სურათი გვიჩვენა. პროკურატურის წარდგენილი ვერსია არ დააკმაყოფილა სასამართლომ. ამიტომ მე არა მგონია, რომ განმეორდეს პოლიტიკური დაპირისპირება სასამართლო არენაზე, რადგან ის დაპირისპირება ნაძალადევი დაპირისპირება უფრო იყო, სავარაუდოდ, ვიდრე ბუნებრივი. თუ სასამართლო იპოვნის იმის საშუალებას, რომ ნორმალურად იმუშაოს, არავის დაძალება სჭირდება. მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობისთვის თავის მოკვლას სასამართლო არ დააპირებს. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ზოგიერთ მოსამართლეს მოუნდება დეფორმაცია სურათის, ეს ის მოსამართლეები იქნებიან, რომელთაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიში ექნებათ.
ის ბრალდება, რომელსაც პროკურატურა უყენებს დაკავებულ მაღალჩინოსნებს, თქვენი მოსაზრებით, რა ინფორმაციაც ამ დროსითვის საჯაროა, რამდენად არის არგუმენტირებული?
ძირითადად ამ პროცესს საყვედურობენ, რომ ბრალი არ არის იმ მასშტაბის, რასაც ელოდნენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ადეკვატური კამათი. არაერთხელ მოიყვანეს ის მაგალითი, რომ ალ კაპონეს ეძებდნენ სულ სხვა მიზეზით და დაიჭირეს სულ სხვა მიზეზით. ანუ იმისდა მიხედვით, რა მიმართულებითაც არის დაგროვილი არგუმენტაცია, მიდის ძიება და არა იმ მიმართულებით, საითკენაც საზოგადოებას აქვს ეჭვი, რომ დანაშაულია. რაც შეეხება დამაჯერებლობას: მოსმენები რომ იყო, ვიცით და ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა, ვიცით, კომპიუტერები რომ გაიტეხა, ესეც ვიცით, ამდენად, ბრალდებების ეს ციკლი დაუჯერებელი არ არის. ის, რომ ჯარში ცემა-ტყეპა იყო და ჯარისკაცის პიროვნულ ღირსებას დიდი სიფრთხილით არ ექცეოდნენ, ესეც საზოგადოებაში ცნობილი იყო და დაუჯერებელი არც ბრალდებების ეს წყება არაა. პრაქტიკულად ჯერჯერობით დანაშაულების ეს ციკლი გვაქვს, შეურაცხყოფებები ჯარში და მოსმენები.
გარდამტეხი მოვლენა არჩევნებში, ეს იყო ციხის კადრები, სადაც პატიმრებისადმი არაადამიანური მოპოყრობა იყო ნაჩვენები. საქმის გამოძიება დღეისთვის არ არის წინ წასული. გახსოვთ ალბათ, რომ საზოგადოების ნაწილი ბაჩო ახალაის ადანაშაულებდა სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებულ სისტემურ პრობლემაში. და იყო საუბარი, რომ ეს არ იყო ერთი ბადრაგის გადაცდენა. ამ ფონზე ბაჩო ახალაის მიმართ საქმე აღიძრა არა ამ ფაქტებზე, სადაც საზოგადოების ეჭვები არსებობდა, არამედ მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, უფლებამოსილების გადაჭარბებაზე.
მე მიჭირს თქმა, გამოძიების სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, თუ ამოვალთ არა მარტო კონკრეტული იურიდიული სტრუქტურებიდან, არამედ ზოგადად იმ სტილიდან, რაც ახასიათებს ივანიშილს და ალბათ მის ხელისუფლებას, როგორც არჩევნებში ვნახეთ, ივანიშვილი იშვიათად ჩქარობს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მას საყვედურობდნენ, რატომ მოქმედებს ნელა, რატომ არ აკეთებს არაფერს. მერე აღმოჩნდა, რომ მზადდებოდა პროცესები, რომელმაც არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. მე, მაგალითად, არ მიჩნდება ტემპის მოთხოვნა. უნდა ვივარაუდო, რომ რაღაცას ამზადებენ, თუკი დიდხანს გაგრძელდა ეს მომზადება, მერე გაჩნდება ეჭვი, რომ შესაბამისი ოპერატიულობა არ აქვს ამ პროცესებს.