კომენტარი

ოცნების მმართველმა კოალიციამ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა

11 ნოემბერი, 2012 •
ოცნების მმართველმა კოალიციამ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა

დანელია ნინო
დანელია ნინო

გოგი გვახარიას ბლოგმა “ობამა, გურჩიანი და მორჩილი უმრავლესობა” კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესზე ბლოგის დაწერა მინდა. პროცესზე, რომლის შედეგადაც საქართველოს ეყოლება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული და, სავარაუდოდ, ერთხმად “არჩეული” “უალტერნატივო” კანდიდატი.  ეს ხელისუფლების პირველი და მნიშვნელოვანი მარცხია დემორკრატიაში.


თამარ გურჩიანის მოწინააღმდეგეებს სამი არგუმენტი ჰქონდათ. 1.რაღაცნაირად, ირაციონალურად არ მომწონს; 2. გაუგებარ ენაზე ლაპარკობს; 3. არაპოპულარული ადამიანები უჭერენ მხარს.


პირველ “არგუმენტზე”, აბა, რა გითხრათ. სოკრატეს პერიფრაზს მოვახდენ – საზოგადოებრივ აზრს არ ენდოთ. ადამიანები ირაციონალურები არიან და ირაციონალიზმზე დაყრდნობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს არ ვარგაო. იგივე გაიმეორა საზოგადოებრივი აზრის კვლევის კლასიკოსად წოდებულმა ვოლტერ ლიპმანმა მე-20 საუკუნის დასაწყისში.


აი, ენის დაწუნება კი უფრო სერიოზული არგუმენტია. რა ენა ვერ გუგეს თამარ გურჩიანს?


“ჩემი პრიორიტეტი ისაა, რომ პრიორიტეტები არ მექნება. ადამიანის უფლებებს არ ვანსხვავებ. ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია”, – თქვა თამარ გურჩიანმა და ამით ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მისთვის არ იარსებებს მეორეხარისხოვანი ადამიანი და ის ფარისევლურად არ დაიწყებს კეკლუცს უმრავლესობასთან – არ გაეპრანჭება მმართველებს, არ გაეპრანჭება ეკლესიას, არ გაეპრანჭება საქართველოს მოქალაქეების იმ დიდ ნაწილს, რომელსაც ეს ქვეყანა მხოლოდ კოლექტიური საკუთარი თავისთვის უნდა.


“ჩემი აზრით, ყველა უფლება ერთმანეთთანაა კავშირში, საბოლოოდ ყველაფერს აერთიანებს ადამიანის ღირსება, როგორც ღირებულება” – თქვა მან. საზოგადოებამ ვიშვიში დაიწყო– კი, მაგრამ სხვებისთვისაც ასეაო. არა, ბატონო, არაა ასე. ზოგისთვის– პატიმრების უფლებები და არსებული თემატური კონიუნქტურისთვის ფეხის აწყობა, ზოგისთვის – სჯულის კანონი და ეკლესიის კონიუნქტურა, ზოგისთვის პოლიტმატიმრები და პოლიტიკური კონიუნქტურა აღმოჩნდა პრიორიტეტი, ზოგის მესიჯი კი საერთოდ ჩაიკარგა. ერთადერთი იყო თამარ გურჩიანი, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა მშიერ ბავშვებზე, ღარიბ ადამიანებზე, დევნილებზე, მუშებზე, ქართველი ჰეტეროსექსუალი მართლმადიდებლისაგან განსხვავებულ ადამიანებზე. მხოლოდ ის საუბრობდა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების არა მხოლოდ ცოდნის აუცილებლობაზე, რაც მას, კარგ იურისტს, არ აკლია, არამედ მათ მიმართ მგრძნობელობაზე. ამის თქმა არ შეუძლია ადამიანს, რომელსაც მთელი მისი არსებით არ უყვარს ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს ადამიანს.


თამარ გურჩიანს ვერ გაუგეს ის ენა და ის გზავნილი, რამაც ამერიკაში ბარაკ ობამა მეორედ გახადა პრეზიდენტი. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან ასე მიმართა მოქალაქეებს: “არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ ან საიდან მოხვედი, ან როგორ გამოიყურები, ან ვინ გიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, შავი ხარ, თეთრი, ლათინოსი, აზიელი, ადგილობრივი ამერიკელი, ახალგაზრდა, მოხუცი, მდიდარი, ღარიბი, ჯანმრთელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, გეი თუ ჰეტეროსექსუალი. შენ აქ, ამერიკაში, წარმატების   მიღწევას შეძლებ, თუკი ბევრს იმუშავებ და შეეცდები…


ამერიკა არასდროს ყოფილა ქვეყანა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ჩვენთვის; მნიშვნელოვანი ისაა, რას გავაკეთებთ ჩვენ ერთად მძიმე და ფრუსტრაციის მომგვრელი, მაგრამ აუცილებელი შრომით იმისათვის, რომ თავადვე ვმართოთ ქვეყანა. ესაა ის პრინციპი, რასაც ეს ქვეყანა ეფუძნება”.


ოღონდ ეს სხვა ქვეყანაა, საქართველო არაა. საქართველოში სხვა პოლიტიკური დისკურსია: „არასამთავრობოებმა ბევრი კანდიდატურა დააყენეს, მაგრამ ეს არის პარლამენტის პრეროგატივა, ვის მიანიჭებს უპირატესობას, ვის განიხილავს და ვის დაამტკიცებს,“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, – “ჩვენ არ ვართ ვალდებული გავითვალისწინოთ ამა თუ იმ მოქალაქის მოსაზრება”.


“მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი სერიოზული არგუმენტი” – გვითხრა მანანა კობახიძემ. ზუსტად ეს სიტყვები გვითხრა ჩიორა თაქათაქიშვილმა, როცა მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას ვითხოვდით. მარტო თქვენ ხომ არ ხართ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვებიც არიანო, ასე გვეუბნებოდნენ ნაციონალები და კოალიციაზე ევროპული საქართველოსთვის გვითითებდნენ. ასე გვეუბნებიან დღევანდელი უმრავლესობის წევრები, ვერ შეთანხმდითო, სხვებიც ხომ არიანო. ჯერ ერთი, რომ შევთანხმდით და ძალიან სერიოზულმა და მიუკერძოებელმა, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ორგანიზაციებმა (100–ზე მეტი ორგანიზაციაა ხელმომწერი) მხარი თამარ გურჩიანს დაუჭირეს. თავად ნინა ხატისკაცი, ოცნების უალტერნატივო კანდიდატი კი ოცნებას მხოლოდ მას  შემდეგ დათანხმდა კანდიდატურის ხელახალ დაყენებაზე, რაც მას ცალსახად უთხრეს, რომ გურჩიანს არავითარი შანსი არ ქონდა. სხვათა შორის, სხვა რამდენიმე ორგანიზაციამაც მხოლოდ იმიტომ დაასახელა სხვა კანდიდატი, რომ დეპუტატები ამტკიცებდნენ, გურჩიანს შანსი არ აქვსო. თუ გაგება გინდა, სამოქალაქო სექტორის ერთობა საკმაოდ ნათელი დასანახია.


თუმცა ჰო, კინაღამ დამავიწყდა, რომ საქართველო არაა ქვეყანა, სადაც მთავარი არ არის, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს, არამედ მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტენ და გააკეთებენ პოლიტიკოსები. კომუნისტურ პოლიტიკურ დისკურსს აღარ გავიხსენებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ გასული ოცი წელია ეს მესმის. ბოლო 9 წლის რეფორმებიც ხომ ისე ტარდებოდა, რომ ამა თუ იმ მოქალაქის აზრის გათვალისწინება ვალდებულებად არ მიაჩნდა ხელისუფლებას.


თამარ გურჩიანი ამბობს, რომ მისი წინამორბედი ომბუდსმენის ანგარიშები პროფესიულადაა დაწერილი, მაგრამ იგი უფრო ხმამაღლა იტყვის სათქმელს და ანგარიშების პერიოდს არ დაელოდება. “ნებისმიერი უფლების დარღვევაზე მყისიერი რეაგირება მექნება…. მე ვგულისხმობ, რომ ამა თუ იმ უფლების დარღვევაზე უბრალოდ განცხადება კი არ გაავრცელო ვებ-გვერდზე, არამედ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენო, მოაწყო პრესკონფერენციები, ბრიფინგები, დისკუსიები. სახალხო დამცველის ხმა ყველას უნდა მიწვდეს. სახალხო დამცველი უნდა გახდეს პროაქტიული”. 


ვითომ გაუგებარია? პირიქით, ძალიან გასაგებია და ცოტა საშიშიც. ამ ადამიანს ვერ მოდრიკავ, ვერ გააჩუმებ, ვერ გაურიგდები. მგონია, რომ სწორედაც კარგად იგებენ და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან მას ასე დაჟინებით.


არგუმენტი 2. მას არაპოპულარული ადამიანები უჭერენ მხარს. თამარ გურჩიანს მხარს უჭერენ ის ორგანიზაციები, რომლემბაც მთელი 9 წელიწადი მუხლჩაუხრელად იმუშავეს დემოკრატიული ფასეულობების დასამკვიდრებლად ჩვენს ქვეყანაში. კითხვაზე, სად ვიყავით მანამდე, გეტყვით, რომ თამარ გურჩიანის მხარდამჭერები 7 ნოემბერს ვიყავით იმედში და რიყეზე, სადაც რეზინის ტყვიები დაგვიშინეს; 26 მაისს ვიყავით რუსთაველზე, სადაც კამერები წაგვართვეს და დაგვაპატიმრეს; ვიყავით ჭავჭავაძეზე, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის ჯვრები გვირტყეს; ვიყავით ხაშურში, სადაც პოლიციის განყოფილებაში ქიმერიძე გადმოაგდეს კიბიდან; ვიდექით გუდიაშვილის მოედანზე და ვიცავდით კულტურულ მემკვიდრეობას; ვმონაწილეობდით საჯარო დისკუსიებში და ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლების უგვანობას; ვწერდით ანგარიშებს, როგორ მართავს მედიას ხელისუფლება, როგორი მონოპოლიზებულია სარეკლამო ბაზარი; ვკითხულობდით მოხსენებებს; ვხვდებოდით ელჩებს, საქართველოში ჩამოსულ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნების წარმომადგენლებს და ვთხოვდით დაგვხმარებოდნენ დემოკრატიის დაცვაში; ვიყავით სასამართლოებში და ვიცავდით ხელისუფლებისგან უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებს; ვითხოვდით კანონმდებლობის შეცვლას, რომ გვცოდნოდა მედიის მესაკუთრეები, წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულიყო, გამოეშვათ დაპატიმტრებული ფოტოგრაფები, რეგიონებში მცხოვრები მოქალაეებისთვის ალტერნატიული მედიის ნახვის საშუალება მიეცათ. ჩამონათვალი გრძელი გამოვა. პირადად მე მხოლოდ რამდენიმეში ვიყავი ჩართული. რატომ არ იცოდით, სად ვიყავით? იმიტომ, რომ 9 წელი ნაციონალურ არხებს არ აინტერესებდათ, რას ამბობდა სამოქალაქო სექტორი. მაესტროსა და კავკასსიდან კი წესით უნდა გცოდნოდათ, რას ვაკეთებდით.  


ამ ადმიანებს გია ნოდია ინფანტილურებს ეძახდა, ხუხაშვილი აგრესიულებს ეძახის. მიზეზი მარტივია. ეს ადამიანები არც ერთი ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს არ ატარებენ, არ “აპრავებენ” მათ გადაწყვეტილებებს. ბუნებრივია, ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის, რომლებსაც მათ რჩეულებზე მხოლოდ კარგის მოსმენა შეუძლიათ, ეს ადამიანები არაპოპულარულები არიან. ეს ადამიანები არაპოპულარულები არიან ხელისუფლებისთვისაც.  


საქართველოს ომბუდსმენის არჩევის პროცესი კი მარცხი არა მხოლოდ იმიტომ არის, რომ საუკეთესო კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, არამედ იმიტომ, რომ დახურული მოსმენები გამართეს და დაპატიჟეს მხოლოდ ერთი კანდიდატი. კანდიდატი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ დაუსახელებიათ, კანდიდატი, რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, კანდიდატი, რომელსაც საჯარო დებატებში არ მიუღია მონაწილეობა. კანდიდატი, რომელიც მათ ერთხმად, უალტერნატივო კანდიდატად წარმოადგინეს. უმრავლესობამ შედეგი კენჭისყრამდე გადაწყვიტა. უალტერნატივობა, არაგამჭვირვალობა და კენჭისყრამდე დამდგარი შედეგი დემოკრატია ვერ იქნება. არ მითხრათ ახლა, ჯერ პროცესი არ დასრულებულაო. “უმრავლესობა, ანუ სამივე ფრაქცია შევთანხმდით, რომ ჩვენი კანდიდატურა იქნება ნინა ხატისკაცი”, განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ. ერთიანი კანდიდატი ნინა ხატისკაცი იქნება და უცებ ხმას სხვას მისცემენ? სწორედ ამიტომ უწოდეს პროცესს ფარსი სხვა კანდიდატებმაც დ უარი თქვეს პოსტ-ფაქტუმ საპარლამენტო საუბრებში მონაწილეობაზე.  


კუთხეში დამჯდარ დეპუტატს კი, გოგი გვახარიას ბლოგში რომ კითხულობდა, ბატონი ბიძინა რას ამბობსო, გაუგია, რომ პრემიერი არასამთავროებს შეპირდა, რომ გადაწყვეტილებას პარლამენტი მხოლოდ კანდიდატების მოსმენების შემდეგ მიიღებდა და ახლა იხვეწება, სხვებსაც  დაველაპარაკოთო. ოღონდ ეს სხვები 6 კანდიდატი კი არა, ოთხია, ზუსტად იმდენი, რამდენის მოსმენაც ბატონმა პრემიერმა დაავალა. პრობლემა კი ისაა, რომ მოსმენისას ყველა კანდიდატი თანასწორ და სამართლიან პირობებში უნდა იყოს და არ შეიძლება რომელიმეს დისკრიმინაცია. მოსმენები კი გადაწყვეტილების მიღებამდე და არა მას მერეა მნიშვნელოვანი, ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია და არა პროცესის იძულებითი დანამატი, კოალიციის მიერ გამართული ფარსი. დემოკრატია კი ისეთი წყობაა, სადაც უმრავლესობა მართავს, სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების ჩართულობით და უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით. ბოდიში მომითხოვია, შეხსენებისთვის.


პ.ს. ბლოგში არსად არაა საუბარი თავად ნინა ხატისკაცზე. თუმცა, მას მერე, რაც გავიგე, რომ თურმე მან ზეწოლის გამო მოხსნა თავისი კანდიდატურა, ძალიან შევშინდი. ნუთუ მან ზეწოლად  ჩემი იმეილი ჩათვალა, რამაც გადაწყვეტილება შეაცვლევინა?  იმეილში მას პატივისცემა  დავუდასტურე და ვთხოვე კანდიდატურის მოხსნა, რადგან მისი მეუღლე ოცნების აქტივისტი იყო და, ჩემი აზრით, ეს ხელს შეუშლიდა მმართველი პარტიის მიმართ პრინციპული და ობიექტური პოზიციის ქონაში. ნინა ხატისკაცმა პასუხად მომწერა, რომ მხარს თამარ გურჩიანს უჭერს და თვლის, რომ ის არ არის ამ პოსტზე საუკეთესო კანდიდატურა. თუ ეს მიმოწერა ხატისკაცმა ზეწოლად მიიჩნია, მაშინ რა დაემართება, სასჯელაღსრულების მინისტრმა, რომელიმე დეპუტატმა ან, ღმერთმა დაიფაროს, თავად პრემიერმა რომ დაურეკოს წარბაწეულმა?  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი