კომენტარი

როგორ დაიცავს ნინა ხატისკაცი უმცირესობების უფლებებს [Video]

8 ნოემბერი, 2012 • 1032
როგორ დაიცავს ნინა ხატისკაცი უმცირესობების უფლებებს [Video]

“თუ თავიდან ხდებოდა კონფლიქტის ესკალაცია და სასულიერო პირები ამაში ჩამბულნი იყვნენ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როგორც კი წარმოიქმნებოდა საშიშროება, რომ ეს დაპირისპირება გამხდარიყო ხელისშემშლელი რელიგიური გამოხატვის თავისუფლებისა, რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფოს როლი უკვე აუცილებელია, რომ მყისიერად მოხდეს რეაგირება და სახელმწიფო ჩაერთოს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ უკვე ქმედებები, ვთქვათ, უფლებების შელახვა,“ – ასე შეაფასა სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნინა ხატისკაცმა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება ნიგვზიანის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც მან განაცხადა – „ვალდებული ვართ, ჯერ ეკლესიას მივცეთ ინციდენტის ამოწურვის საშუალება“.

 

რაც შეეხება სექსუალური უმცირესოებების საკითხს, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან ჰომოსექსუალიზმის რეკლამირების, ამაზე ნინა ხატისკაცის პასუხი ასეთია:

„მე არ ვიცი, რას გულისხმობს რეკლამირება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კონკრეტულ ჯგუფებს უნდათ ადამიანებს გააგებინონ ვინ არიან ისინი, რომ ისინი არიან განსხვავებულნი და მათაც იგივე უფლებები აქვთ, ეს არის მათი უფლებების რეალიზაცია, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ეს არის მცდელობა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამაზე ინფორმაცია არ აქვთ, მიიღონ მეტი ინფორმაცია. მე ამ სიტყვას, ტერმინს ვერ გამოვიყენებ – „რეკლამირებას“, ამას მე დავარქმევდი გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის მათ შესახებ“. 

 

ხატისკაცის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია ყველა ამ საკითხს საკმაოდ კარგად არეგულირებს და არ არის არც ერთი ჯგუფი, რომელსაც შეიძლება სხვაგვარად მოეპყროს. 

 

“ნეტგაზეთის” კითხვას სექსუალური უმცირესობების უფლებები იქნება თუ არა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ნინა ხატისკაცი პასუხობს:

 

„უფლებები უნდა იყოს დაცული ყველა ადამიანის, ყველა ჯგუფის, მე არ მგონია შეიძლება რომელიმე ჯგუფის გამოყოფა იმიტომ, რომ საქართველოში უმცირესობების შიში და განსხვავებულობისადმი შიში არის ერთ-ერთი დამახასიათებელი“.

 

ჰომოფობიასთან და ნებისმიერ დარღვევასთან ბრძოლაში ხატისკაცი აღნიშნავს, რომ განათლება იქნება პირველი და აუცილებელი კომპონენტი. მისი თქმით, ამის პარალელურად თითოეული დარღვევის ფაქტზე უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება.

„ომბუდსმენის ოფისი ამაში უნდა იყოს პირველი, რომელიც ამაზე ხმას აიმაღლებს ადამიანის თითოეული უფლების დარღვევაზე“.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, რა პოზიცია აქვს მას ერთსქესიანი წყვილებისთვის ურთიერთობის დაკანონებასა და ბავშვის აყვანის უფლების მიცემაზე, ხატისკაცი პირდაპირი პასუხს არ სცემს. მისი თქმით, ასეთი მოთხოვნა დღეისათვის საზოგადოებაში არ არსებობს:

 

„როცა ასეთი მოთხოვნა დადგება, მაშინ უნდა განვიხილოთ. მე ვუჭერ მხარს, რომ ყველა ადამიანი იყოს თნასწორი და არც ერთი ადამიანის უფლება არ ირღვეოდეს.“

 

მისი განმარტებით დღეისათვის უფრო მნიშვნელოვანი თემები არსებობს:

 

„ეს არ არის პრიორიტეტი დღევანდელ საზოგადოებაში და ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი თემები არის, რომლითაც უნდა დაიწყოს სახალხო დამცველმა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი