კომენტარი

გია ნოდია: წუხანდელი დაჭერები არის პოლიტიკური ბრძოლა პრეზიდენტთან

7 ნოემბერი, 2012 • 1376
გია ნოდია: წუხანდელი დაჭერები არის  პოლიტიკური ბრძოლა პრეზიდენტთან

პოლიტილოგი გია ნოდია ბაჩო ახალაისა და სხვა მაღალჩინოსნების დაჭერასთან დაკავიშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. 

 

ნოდია მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაკავებები პრეზიდენტთან პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება.

 

“წუხანდელი დაჭერები მხოლოდ შურისძიების გრძნობის დაკმაყოფილება კი არაა, არამედ უპირველესად პოლიტიკური ბრძოლა პრეზიდენტთან, რომელსაც აქვს ჯარზე ზემოქმედების კონსტიტუციური ბერკეტი და უნდათ, ეს დაათმობინონ. მაგრამ „საზოგადოება“ სწორედ რომ შურისძიებით გრძნობით ხარობს. ეს ეხება არა მხოლოდ გადაკლულ ბიძინისტებს, ვისთვისაც სწორედ ბაჩო ახალაიას დაჭერით დაიწყო ოცნების ასრულება, არამედ ბევრ ჩემ თვალში გონიერ და ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანსაც. მათი ძირითადი აზრი ესაა: „აბა, თვითონ რომ ცუდად იქცეოდნენ, ახლა თავის თავზე იწვნიონ“. 

კი ბატონო, სამართლის შერჩევითობა და პოლიტიზება ნაცმოძრაობის მთავრობისთვის უცხო არ ყოფილა – თუმცა შედარებით ანალიზს ახლა ვერ მოვყვები, მასალაა ჯერ ცოტა (ვშიშობ, რომ „ოცნების“ დებიუტი ამ მიმართულებით გაცილებით უარესს გვპირდება, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ სუბიექტური ვარ). მთავარია, ე.წ. ობიექტურმა საზოგადოებამ შეიგნოს: ნაცმოძრაობის მმართველობა უკვე ისტორიის კუთვნილებაა; შესაძლოა, ისინი ზემოაღნიშნული შეცოდებებისთვისაც დაისაჯნენ არჩევნების წაგებით. დღეს არის ახალი ხელისუფლება და ახალი საფრთხეები, რომელსაც ან უსწორებ თვალს, ან არა. გარდა არარეალისტური სოციალური დაპირებებისა, „ოცნება“პირველ რიგში დემოკრატიის ზეიმს გვპირდებოდა და ამ ნიშნით განასხვავებდა თავს „ნაცმოძრაობისაგან“. ამიტომ იმ არგუმენტის მოტანა, „აბა, ისინიც ხომ ასე იქცეოდნენო“, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია. ხოდა, იგრძენით უხერხულობა.” -წერს ნოდია.

 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი  ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა 6 სამხედრო პირის ჩვენების საფუძველზე არიან დაკავებული, რომელშიც საუბარია ამ სამხედროების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ოქტომბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი