კომენტარი

‘რუსთავი 2’-ის დამფუძნებლების მიმართვა

5 ოქტომბერი, 2012 • 1019
‘რუსთავი 2’-ის დამფუძნებლების მიმართვა

მოგმართავთ რუსთავი 2-ის თანამშრომლებს. 

 

ნაციონალური სახელისუფლებო ვერტიკალი ზუსტად 5 დღეში ჩამოიშალა. ნანგრევებში მოყოლის შანსი, განსაკუთრებით, ახალი მოულოდნელი მეპატრონის გამოჩენის პირობებში, ვფიქრობთ, თქვენთვისაც ნათელია. დადგა დრო გადადგათ დამოუკიდებელი და ღირსეული ნაბიჯი, გადაარჩინოთ რუსთავი 2 და აღუდგინოთ შელახული რეპუტაცია.

 

მოგმართავთ სამოქალაქო სექტორს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, 

 

თითოეულ ადამიანს, რომელმაც შეუფასებელი მონაწილეობა მიიღო მოძალადე რეჟიმის დემონტაჟის საქმეში. ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებული ხართ იდგეთ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე, გთხოვთ დაეხმაროთ ერთ დროს დამოუკიდებელ, თავისუფალ მედიასივრცეს, სახელწოდებით “რუსთავი 2” – თავიდან აიცილოს მოსალოდნელი კოლაფსი და კვლავ დადგეს დემოკრატიული პროცესების განვითარების სადარაჯოზე.

 

მივმართავთ აგრეთვე დიპლომატიურ კორპუსს. რუსთავი 2-ის ისტორიის ყველა კრიტიკულ მომენტში გვქონდა თქვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა. ვიმედოვნებთ, არც ამჟამად დარჩება ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენები თქვენი ყურადღების მიღმა.

 

ვაცნობიერებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას. ვაღიარებთ დაშვებულ შეცდომებს, მათ შორის იმას, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს საჯარო არ გავხადეთ უმაღლესი სახელისუფლო ჯგუფების მხრიდან ჩვენზე განხორციელებული ზეწოლა, რამაც გვაიძულა დაგვეთმო რუსთავი 2. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდით, რომ დემოკრატიის დროშით მოსული ხელისუფლების ხელში მედია ძალმომრეობისა და პროპაგანდის იარაღად იქცეოდა.

 

ჩვენი მხრიდან დაწყებული გვაქვს უკომპრომისო სამართლებლივი ბრძოლა კანონიერი უფლებების აღსადგენად. ჩვენი ამოცანაა განხორციელდეს ჯერ კიდევ 2004 წელს დასახული ტრანსფორმაცია –  რუსთავი 2 გადაიქცეს სივრცედ, სადაც კამათი, მსჯელობა, ახალი იდეები ხელს შეუწყობს სამოქალაქო დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას.

 

განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობთ თითოეული ჩვენგანის ვალია შევინარჩუნოთ ერთ დროს თავისუფალი ტელევიზია, რათა ქვეყნის განვითარების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი მედიის ნგრევით და გაქრობით არ დაიწყოს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი