ზაალ, გავრცელებული კომპრომატების ფონზე, რამდენად ნორმალური წინასაარჩევნო გარემოა?
ციხეში წამება ძნელად ჩაითვლება კომპრომატების ომად, ეს რეალურად არსებობდა სახალხო დამცველის მოხსენებებში, რასაც ჩვენც ვისმენდით. მაგრამ მთელი დანარჩენი ანტურაჟი “ვინი პუხებით”, უკიდურესად დაბალი საარჩევნო გარემოს მაჩვენებელია. ყველა, მე ვიტყოდი, უფრო ხელისუფლება, დაკავებულია შავი პიარით. ისინი ცდილობენ გვითხრან, რა საზიზღარია მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგე – მათ მიაჩნიათ, რომ ჰყავთ ძალიან დაბალი დონის ამომრჩეველი და მას აწვდიან ყველაზე დაბალი ხარისხის ინფორმაციას – საშინელ რეალითი შოუებს ქურდების, ქურდებთან შეხვედრების, მკვლელობების დაგეგმვის შესახებ და ასე შემდეგ. გამონაკლისი იყო ციხის წამების საზარელი კადრები, რომლის რეალურობაშიც არავის შეჰპარვია ეჭვი მთავრობის ჩათვლით. ყველაფერი დანარჩენი, რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაუგონლად არაადეკვატური საარჩევნო კამპანია.
მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე – ამომრჩევლისთვის ამ ინფორმაციაში ბევრი რამ უსარგებლოა, მაგრამ ამის მიუხედავად ეს გვიჩვენებს, რომ რაღაც ინფორმაცია საჯაროვდება, მაგრამ, სამწუხაროდ არა ის, რაც, პირველ რიგში, უნდა იყოს მნიშვნელოვანი გახსნილობისთვის.
კადრები, თუნდაც ოპოზიციასთან დაკავშირებული რაც გავრცელდა, რამდენად მოახდენს გავლენას ამომრჩეველზე? თქვენს ირგვლივ თუ შეეცვალათ ადამიანებს განწყობა ვინმეს სასარგებლოდ?
არ ვიცი რამდენად ასახავს ეს ზოგად ტენდენციას, მაგრამ ჩემს არჩევანზე ეს არანაირად არ მოქმედებს. მეტიც, ციხეში გადაღებული ვიდეოებიც კი ჩემი არჩევანისთვის არ იყო განმსაზღვრელი, მე იქამდეც მქონდა გადაწყვეტილი – ჩემთვის არ არის არჩევადი “ნაციონალური მოძრაობა” და მეორე მხრივ, არანაირი ნდობა არ მაქვს “ქართული ოცნების” მიმართ. საერთოდ კი, მთავრობის მიერ დადებული კომპრომატებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია გადაფარო ის, რაც ვნახეთ ციხეში წამების კადრებში.
საზოგადოებაში არის განწყობა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ დღეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი კომპრომატები გამოქვეყნდება. ითქვა, რომ შეიძლება გავრცელდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ რეალური კადრები. ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც არ შეიცვლება ამომრჩევლის განწყობა?
ძალიან მიჭირს იმის თქმა, იმოქმედებს თუ არა ეს ამომრჩეველზე. რომც გავრცელდეს ეს კადრები, მაინც არასწორი სტრატეგია მგონია, რადგან ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ სრულიად სხვა რაღაცის გამო. ვთქვათ, დაიდო ვიდეო, რომლითაც ჩვენ ვიგებთ ვიღაც ადამიანების შესახებ, ვისაც ვთქვათ, ჟვანიას სიკვდილთან რაღაც შეხება ჰქონდა. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა დადგეს ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არ არის ის, რის გამოც ჩვენ ვირჩევთ ამა თუ იმ პარტიას. ჩვენ გვაინტერესებს, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ განმეორდეს წამება ციხეში, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამაღლდეს ცხოვრების დონე.
კომპრომატები არ იძლევა საშუალებას დაფიქრდე, თუ რომელი პარტია არის უფრო მისაღები, რომელს აქვს უფრო მისაღები, ვთქვათ, განათლების ან თავდაცვის პოლიტიკა. ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. სამწუხაროა, რომ მშიერი თვალებით ველოდებით ახალ-ახალ კომპრომატებს. ვიკილიქსის ეფექტი ზოგად პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს და არჩევანზეც მინიმალურად იმოქმედებს. ჩემს სიტყვას ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის, ეს შეურაცხმყოფელი და არაადეკვატურია.
ორი კონკურენტი პოლიტიკური ძალიდან არც ერთი არ ამბობს უარს ადამიანის პირადი ცხოვრების გასაჯაროებაზე. ამომრჩევლისთვის ეს არის თუ არა იმის ნიშანი, რომ მათგან ნებისმიერის მოსვლის შემთხვევაში პირადი ცხოვრება არ იქნება ხელშეუხებელი, ანუ თუ დასჭირდებათ, ისევ მოგვისმენენ, გადაგვიღებენ. დგას თუ არა ქართული საზოგადოება ამ რისკის წინაშე?
რა თქმა უნდა დგას. არც ერთ მხარეს პრობლემა არ აქვს ჩაძვრეს ადამიანის პირად ცხოვრებაში და მერე ეს ყველაფერი გაასაჯაროოს. 2003 წელსაც ეიფორიით შევხვდით მთავრობის ცვლილებას, გვეგონა ბევრი რამ შეიცვლებოდა, მაგრამ ფუნდამენტური არაფერი შეიცვალა. ეს კომპრომატებიც ემსახურება წინასაარჩევნო ეიფორიას, რაც შეიძლება ემოციურ ტალღაზე რომ მივცეთ ხმა. მე მგონი, ამომრჩეველმა უკვე მიღებული გამოცდილებით უნდა სცადოს, რომ საღი გონებით აირჩიოს და არა კომპრომატის ტალღაზე. ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველას მიმართ, ვინც ამ არჩევნების შედეგად მოვა ხელისუფლებაში. პოლიტიკა – ოპოზიციაში და გინდა მთავრობის მხარეს, არის უკიდურესად დისკრედიტებული. პოლიტიკოსებს არ უნდა მივცეთ საშუალება, თავს მოგვახვიონ თამაშის ის წესები, რომლითაც ახლა ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან და გვეთამაშებიან ჩვენ.
საზოგადოებას რისი გაკეთება შეუძლია?
შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს. თუ ამ არჩევანით ვაჩვენეთ, რომ არ ვიღებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც გვთავაზობს პოლიტიკური სპექტრი, ეს იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის დიდი სიგნალი. ეს ერთი შესაძლებლობაა. მეორე – ეს არის გამუდმებით იმაზე ლაპარაკი, რომ ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გვჭირდება… ამაზე ძალიან ცოტა მესმის, ყველა კომპრომატებით არის აღტკინებული. მედიის ამოცანაა მეტი ილაპარაკოს იმის შესახებ, რომ კომპრომატების ომი ჩვენთვის მიუღებელია.
იქამდე, სანამ საზოგადოებისთვის საჯარო არ გახდა ციხის წამების შესახებ ინფორმაცია, არაერთი გაზეთი წერდა პატიმრების წამებაზე, მაგრამ ეს არ ყოფილა შემაფერხებელი გარემოება. თქვენ ფიქრობთ, პასუხისმგებლიან მედიას აქვს იმის ძალა, რომ ეს დააბალანსოს? არსებობს საქართველოში ამის გარემო?
რაც არ უნდა მინიმალური იყოს შესაძლებლობა, პრინციპული პოზიციის დაცვა მნიშვნელოვანია. თუკი არსებობს თუნდაც ათი ადამიანი, ვისთვისაც, მაგალითად, პირადი ინფორმაციის დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამ უმცირესობამ უნდა ილაპარაკოს. შეიძლება ამას მომენტალური ეფექტი არ მოყვეს, მაგრამ ეს პოზიცია არ უნდა დაიკარგოს, ის უნდა მეორდებოდეს გამუდმებით… რაღაცა დროს, რაღაცა ეფექტის მიღწევა შესაძლებელია. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ და არც იმის იმედი მაქვს, რომ “რუსთავი 2”, “იმედი” ან “მაესტრო” შეცვლიან თავიანთ სტილს. ამაზე მათ არ აქვთ მოთხოვნა, უფრო პირიქით.
თქვენი თქმით, პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამომრჩეველი არის დაბალი დონის. თქვენ რა აზრის ხართ საქართველოში მცხოვრებ ამომრჩეველზე?
მგონი, არ არის ისეთი დაბალი დონის, რომელიც ასეთ მოპყრობას იმსახურებს. მით უფრო, თუ გამუდმებით სთავაზობ ადამიანს ასეთ რაღაცას, მისი დონე არანაირად არ ამაღლდება. დონის ამაღლება შეიძლება მაშინ, როცა ადამიანს შეუძლია არჩევანი სხვადასხვა აზრს შორის, როცა სხვადასხვას გეუბნებიან, შენ კი გაქვს საშუალება დაფიქრდე, აწონ-დაწონო, მოისმინო ერთის, ორის, სამის არგუმენტები და მიიღო გადაწყვეტილება. თუ გამუდმებით გესმის – კომპრომატი… კომპრომატი… – ცხადია არ გაქვს საშუალება, სხვა აზრი გამოიტანო. ანუ ეს არის ძალიან მჭიდრო კავშირი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. ვფიქრობ, ამომრჩეველი არ იმსახურებს ამას, არ არის ისეთი დაბალი დონის, რომ მარტო კომპრომატების ნიადაგზე აკეთებდეს არჩევანს.
შიში, რომ არჩევნების შემდეგ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს, უკვე არსებობს. მომისმენია ისიც, რომ აშშ ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, ერთნი შიშობენ, რომ ხელისუფლება დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენებს ძალას. თქვენი განწყობა როგორია?
ძნელია რამე გონივრულის თქმა. შემიძლია ამერიკასთან დაკავშირებით ვთქვა, ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოზიცია ასეთია – ისინი მხარს უჭერენ არა რომელიღაც მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
იმედი მაქვს, ყველას ეყოფა საკმარისი პასუხისმგებლობა, რომ არ გაამწვავოს სიტუაცია მეტი ძალაუფლებისთვის. მგონია, არჩევნები ჩაივლის ნორმალურად, რადგან ძალიან ბევრი დამკვირვებელია ჩამოსული. არჩევნების დროს მინიმალური უნდა იყოს სერიოზული დარღვევები…
ვფიქრობ, რადიკალური დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვეყოლება ისეთი პარლამენტი, სადაც “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს ერთად მოუწევთ მუშაობა. მოუწევთ არამარტო ერთად ჯდომა, არამედ თანამშრომლობაც. რთული და ერთმანეთის პიროვნული მიუღებლობის დაძლევიდან უნდა დაიბადოს რაღაც, რაც ჩვენ მიგვიყვანს გარკვეული პრობლემების გადაწყვეტამდე.
ანუ ეს იქნება განვითარების სხვა საფეხური?
უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სერიოზულად დავიხევთ უკან. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ასე მოხდება. თუ ჩვენ, როგორც არაერთხელ გვიქნია, კიდევ ერთხელ გადავწყვეტთ ქვეყნის დანგრევას, ამაზე ადვილი არაფერია, მგონი, ორივე მხარეს ეყოფა საღი გონება და პასუხისმგებლობაც ეს რომ არ მოხდეს.
ცესკომ ახლახან სერიოზულად შეზღუდა მედიის მუშაობა საარჩევნო უბნებზე. თუ არჩევნების გაყალბებას არ უნდა ველოდოთ, მაშინ რატომ შეზღუდა ხელისუფლებამ მედია არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე?
ძნელი სათქმელია. გონივრული არგუმენტაცია, თუ რისთვის იყო საჭირო ეს შეზღუდვა, მე არ გამიგია. მაგრამ ვერც იმას ვხედავ, როგორ შეიძლება ამ შეზღუდვამ გაზარდოს არჩევნების გაყალბების ალბათობა – გადაღება შესაძლებელია რაღაც პერიოდით და დამკვირვებლებიც არიან, რომელთაც აქვთ გადაღების საშუალება.
ეს არჩევნები სერიოზული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული, ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს – ნებისმიერი მთავრობის ლეგიტიმაცია დიდწილად დამოკიდებულია არჩევნების აღიარებაზე, განსაკუთრებით უცხოელი დამკვირვებლების მიერ. თუკი სერიოზული ეჭვები გაჩნდება, ბუნებრივია, ლეგიტიმურობაც დადგება სერიოზული კითხვის ქვეშ. მთავრობას, რომელიც ამ გზით შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს ბევრ არხს დაუკეტავს. სწორედ ეს მაძლევს ყველაზე დიდ იმედს, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება.
